საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

ეკატერინე მიშველაძე- საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი
eka-mishveladze.jpgეკატერინე მიშველაძე დაიბადა 1972 წლის 29 მარტს. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო 2007 წელს - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სპეციალობით.
 
შრომითი საქმიანობა დაიწყო 1992 წლიდან და 2016 წლის მარტამდე მუშაობდა ტელეკომპანიებში „იბერვიზია“, „თიბისი TV“, „მზე“, „იმედი“, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე, სადაც სხვადასხვა დროს იყო: საინფორმაციო პროგრამის „მონიტორის“ კორესპონდენტი, ანალიტიკური პროგრამის „მოვლენის“ წამყვანი, საგამოძიებო პროგრამის „ნეგატივის“ ავტორი და წამყვანი, ტელეფესტივალ „მანას“ ტელედღიურების წამყვანი, დილის გადაცემის „ალიონის“ წამყვანი და შუადღის თოქშოუს „ნაშუადღევის“ ავტორი და წამყვანი, ბიზნესის ახალი ამბების ავტორი და წამყვანი, საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ მთავარი გამოშვების წამყვანი, პოლიტიკური თოქშოუს „საჯარო პოლიტიკის“, „მოამბე პლიუსის“, „პირველი სტუდიის“ ავტორი და წამყვანი, საქართველოში პირველი ტელედებატების წამყვანი ქალაქის მერის,  საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს. გარდა ამისა, 2000-2001 წლებში მუშაობდა მედიაჰოლდინგის „ჯორჯია თაიმსის“ მრჩევლად. 2001 წლის სექტემბერ-ნოემბერში იყო საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესმდივანი. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შრომის, მრეწველობისა და ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პრესმდივანი.
 
იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
 
2016 წლის 11 მაისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერად.
 
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
 
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.