მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

კონსტანტინე ნაცვლიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში

კონსტანტინე ნაცვლიშვილი დაიბადა 1978 წლის 28 სექტემბერს. 1995-2000 წლებში სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე (საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი). 2001- 2006 წლებში სწავლა განაგრძო მიუნსტერის და შემდგომ ტრირის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის ფაკულტეტზე (გერმანია), 2006-2009 წლებში - ბაზელის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის მაგისტრატურაში (შვეიცარია).
2010-2018 წლებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი იყო UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  მიწვეული ექსპერტი, 2018 წელს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი, 2017 წელს იყო გარიყულაში ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის  დირექტორი. 2016-2017 წლებში მუშაობდა ევროპის საბჭოს საქართველოში ურბანული სტრატეგიების შემუშავების პროექტის (COMUS) ეროვნულ ექსპერტად, 2010-2011 წლებში - ევროპის საბჭოს კიევის ინიციატივის ფარგლებში საქართველოში მცირე ისტორიულ ქალაქებში (PP2) კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროგრამის ეროვნულ ექსპერტად. 2010-2011 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი ადმინისტრატორი და მარკეტინგის მენეჯერი. 2007 წელს იყო “Internationales Forum  ბერლინის“ გამოფენისა და აუქციონის მენეჯერი. ამასთანავე, 2014-2018 წლებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და შემოტანის კომისიის წევრი, 2011-2018 წლებში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომისიის წევრი.
2018 წლის 28 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში.
 
ფლობს გერმანულს, ინგლისურსა და რუსულს.