მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფ

​ანა ნაცვლიშვილი - პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვას უკავშირდება, რისკებს შეიცავს და პრობლემურია

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება არ ექნებათ - თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მყოფ პირებსა და იმ უწყებების თანაშრომლებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანების უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცნობს გარკვეული შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას მსგავსი ფუნქციების მქონე პირებზე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით შეზღუდვები წესდება პირთა ფართო წრეზე და ატარებს იმის რეალურ რისკს, რომ ეს უფლება შეეზღუდოთ არა უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ და სახელმწიფო უსაფრთხოებაზე არიან პირადად პასუხისმგებლები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, არამედ ასევე იმ პირებს, რომლებიც ამ ტიპის უწყებებში არიან დასაქმებული, მაგრამ თავიანთი ფუნქციებით ისინი ახორციელებენ მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციებს და შესაბამისად, მათთვის ამ უფლების შეზღუდვა არის დაუსაბუთებელი და შესაბამისად არ არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მაღალ სტანდარტთან.
"ეს პრობლემაა, მაგრამ ეს პრობლემა დაკავშირებულია იმ სისტემურ პრობლემებთან, რომლებიც წლებია არსებობს, რომ მთელ რიგ სახელმწიფო უწყებებში მკაფიოდ არ არის ერთმანეთისგან გამიჯნული ვინ არის პასუხისმგებელი მართლწესრიგზე, უსაფრთხოებაზე და ვინაა მხოლოდ სამოქალაქო ფუნქციის მატარებელი თანამშრომელი, თვითონ ამ უწყებების შიგნით. სანამ ეს ცვლილებები უწყებების შიგნით არ განხორციელდება და მკაფიოდ არ გაიმიჯნება ეს ორი კატეგორია, თავისთავად ცხადია, უკეთესი მოწესრიგება კანონში იქნება ძალიან რთული.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემური ცვლილებები შესაბამის უწყებებში განხორციელდეს. ეს გაკეთდეს დროულად და ამ ცვლილებების ფონზე მოხდეს შეკრების და მანიფესტაციის კანონში არსებული რეგულაციების გადახედვა სახელმწიფოს მხრიდან.
კანონს ხელი ეწერება, მაგრამ ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს მოცემულობა პრობლემურია და აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რომ ჩვენი კანონმდებლობა იყოს სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებისგან”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.