მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​ფიქრია ჩიხრაძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადებები სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტ

​ფიქრია ჩიხრაძე - ბიძინა ივანიშვილის განცხადებები სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ძალიან სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, გუშინ უკვე ფორმალიზებული სტატუსის მქონე ლიდერი - მმართველი პარტიის ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და აკონტროლებს ყველაფერს, აძლევდა პირდაპირ მესიჯებსა და მითითებებს მმართველ პარტიას, საპარლამენტო უმრავლესობას, მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობებს რომ ქვეყანაში საქმეს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები აფუჭებენ და მათ წინააღმდეგ გალაშქრება კარგია, - ეს კი ძალიან სერიოზულად არყევს ქვეყნის დემოკრატიულობის პერსპექტივას. "ის, რომ დამნაშავეები, თუ ეს არ სურს თავად ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკური განწყობაა ასეთი, არ დაისჯებიან - რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინო ეს იქნება მკვლელობა, ბიზნესის შევიწროვება, მედიაზე შეტევა, თუ რეკეტი, ბიზნესის წილების გადანაწილება მწვანე შუქი აუნთო ყველას იმიტომ, რომ ის ასე ფიქრობს და სხვაგვარად არ უნდა იფიქროს არავინ, არც სამართალდამცავებმა და არც პოლიტიკურმა აქტორებმა, რომლებიც ამის თაობაზე შეფასებებს აკეთებენ და ამის რეზონი ჩვენ უკვე ვნახეთ პოლიტიკური შეფასებების თვალსაზრისით“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებისაგან ასევე დავინახეთ, დირექტივა, გენერალური ხაზი  რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.
"როდესაც ერთერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საუბრობდა ამ თემაზე, ამ პერიოდის განმავლობაში, გარკვეული შეშფოთებები გამოითქმებოდა  და ჩვენ დავინახეთ ცხადად, რომ ეს არის ასევე მმართველი პარტიის დირექტივა და ეს დირექტივა თუ სხვა თემებში სრულდება, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ესეც უნდა შესრულდეს და საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუ ნებისმიერი სტრუქტურა, რომელიც რაიმე საერთაშორისო ურთიერთობებში მონაწილეობს, ამ მესიჯბოქსით მუშაობს საქართველოს ურთიერთობებში და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი ხაზი, რომელიც სამწუხაროდ პარტიის ლიდერისგან მოდის“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის განცხადებით, მმართველი პარტია აპირებს პირველ ტურში გამარჯვებას, მიუხედავად იმისა, რომ კვლევები სხვა რამეს მეტყველებენ. დავალება მიეცათ საჯარო მოხელეებს და სხვებს ასევე მიეცათ მითითება და დავალება, რომ როგორ და ვის სასარგებლოდ უნდა იმოქმედონ არჩევნების დღეს.