მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს

​პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაწყებულია რეორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.
მისი თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის კანონით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რიცხოვნობა განსაზღვრულია 60 საშტატო ერთეულით. "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით კი, სავალდებულოა ჩატარდეს რეორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს.
"პირველი ეტაპი საკადრო პოლიტიკის შემუშავებაა, რისთვისაც გათვალისწინებულია თვენახევრიანი ვადა, რაც მაქსიმალურად გამოვიყენეთ. რეორგანიზაცია ოფიციალურად გამოვაცხადეთ 31 დეკემბრიდან, შესაბამისად, დღეს სავალდებულოა, რომ დაიდოს სტრუქტურა.
სტრუქტურის და საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის შემდეგ, ერთი თვის ვადაში მოხდება სტრუქტურის შიგნით დეპარტამენტების ფორმირებები - გაიწერება ე.წ. „ჯობ დისქრიფშენი“ თითოეული თანამშრომლისათვის. ანუ, რომელ თანამდებობას რა კვალიფიკაცია მოეთხოვება. შეიძლება იყოს თანამდებობა, რომელსაც მოეთხოვება ორი უცხო ენის ცოდნა, ან რომელსაც მოეთხოვება საჯარო სამსახურში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება.
ზოგი შეიძლება დაწინაურდეს, ზოგი შეიძლება გადავიდეს სხვა დეპარტამენტში, მაგრამ თუ ზოგიერთისათვის არ იქნება ადგილი, შემდგომში კანონი გვავალდებულებს, რომ მივმართოთ საჯარო სამსახურის ბიუროს და საჯარო სამსახურის ბიუროს ვუთხრათ, რომ ჩვენ ამა და ამ კვალიფიკაციის თანამშრომლები გვყავს და შევთავაზოთ მათ სახელწიფო სამსახურში რომელიმე ადეკვატური თანამდებობა.
ეს არის კიდევ ერთთვიანი ვადა, ანუ 15 თებერვლიდან 15 მარტამდე. ამ პერიოდში, საჯარო სამსახურის ბიურო ეძებს სამსახურს ამა თუ იმ მოხელისათვის. ამის შემდეგ, თუ ბიურო მოხელეს ვერ დააკმაყოფილებს, (მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ როგორც წესი, ხდება ამა თუ იმ მოხელის დაკმაყოფილება) იგი გადადის რეზერვში, ან თავისუფლდება. გათავისუფლების შემთხვევაში, მოხელეს, კანონის თანახმად, ეძლევა სამი თვის თანამდებობრივი სარგო. ეს ინფორმაცია საჯაროა. პირველ რიგში, ეს გასაჯაროვდება თანამშრომლებისთვის, შემდეგ გამოქვეყნდება ვებგვერდზე“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.