მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​პრეზიდენტის მრჩევლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადმინისტრაციაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელ

​პრეზიდენტის მრჩევლებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ადმინისტრაციაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს შეხვდნენ და ის ცვლილება გააპროტესტეს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ყველა საჯარო მოხელის ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაზე გადაყვანას ითვალისწინებს ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ.
"ეს ცვლილებები, რომელიც პარლამენტში განხილვის რეჟიმშია პირველ რიგში ეწინააღმდეგება როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ მნიშვნელოვან პრინციპებს, ასევე მთლიანად ხაზს გადაუსვამს საჯარო სამსახურის რეფორმის წარმატებას და იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული ადამიანების მიმართ, არამედ ზოგადად საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების მიმართ და ეს იქნება საშიში გზავნილი, რომ ნებისმიერ დროს ისინი შეიძლება კანონის დაცვის სფეროდან უცებ გამოიყვანონ და მათ არანაირი უფლებები არ დაუტოვონ. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აქ საქმე არ ეხება პრეზიდენტის მრჩევლებს, საქმე ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 10 წელი და მეტი, ზოგიერთი ყველა პრეზიდენტის პირობებში მუშაობდა და ემსახურებოდა არა რომელიმე კონკრეტულ პრეზიდენტს: მარგველაშვილს, სააკაშვილს, შევარდნაძეს თუ გამსახურდიას, არამედ, ემსახურებოდა საჯარო ინტერესს, ემსახურებოდა მოქალაქეებს, რომლებიც მოდიოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იღებდნენ მისგან შესაბამის სერვისს და ინფორმაციას თუ ასე შემდეგ, ამიტომ ეს ადამიანები, რომლებიც პროფესიული ნიშნით არიან შერჩეული, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება და ინსტიტუციური მეხსიერება აქვთ აღარ ექნებათ დაცულობის ის გარანტიები, რაც საჯარო მოხელეებს აქვთ და მათ სამსახურიდან ნებისმიერ დროს, კომპენსაციისა და ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვებენ“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეთანხმებიან პრეზიდენტის მრჩევლებს კანონპროექტის რისკების შეფასებაში და აცხადებენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება საჯარო სამსახურის რეფორმას, ეწინააღმდეგება ასევე საქართველოს მიერ საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებას საჯარო სამსახურის შესახებ რეფორმის განხორციელების შესახებ ასევე ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
"ამ კანონის წაკითხვის შემდეგ, რჩება ერთადერთი ეჭვი, რომ კანონი მიღებულია სწორედ იმიტომ, რომ ახალმა პრეზიდენტმა თვითონ დააკომპლექტოს საკუთარი კადრებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია. თუმცა ეს რისკი არ ემსახურება მხოლოდ მოქმედი თანამშრომლების მიერ სამსახურის დაკარგვას. გრძელვადიან პერსპექტივაში ის ქმნის ცუდ ტენდენციას, რომ ყოველი ახალი პრეზიდენტის შემდეგ მოხდება მთლიანად ადმინისტრაციის გამოცვლა“, - აღნიშნა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლიკა საჯაიამ, რომელიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.