მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

​პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

​პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად,  სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით 6 მარტს, 12:00 საათზე წარდგება და ქვეყნის  განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, საზოგადოებისათვის მაღალი ინტერესის მქონე თემებზე ისაუბრებს.

,,პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციათა თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც უმრავლესობაში და არც უმცირესობაში.
მათი გამოსვლის შემდეგ გათვალისწინებულია უმცირესობისა და უმრავლესიობის ლედერთა გამოსვლები.
პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად,  პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, შეკითხვების ფორმატი გათვალისწინებული არ არის“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა სალომე ზურაბიშვილის ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტი დააანონსა, რომელიც 7 – 8  მარტს ვილნიუსში შედგება.
 
ვიზიტის მიზანი საქართველო - ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზებაა.
 
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისთან  და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანსკიეტისთან.       
 
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა იმ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებმაც ორივე ქვეყანას მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანეს და რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობა უზრუნველყვეს.

,,საუბარია საქართველო, აზერბაიჯანისა და თურქეთის  ერთობლივ, კონტინენტური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებზე. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრებს სამომავლო პერსპექტივებზე. მათი თქმით, უნდა მოიძებნოს ასეთივე გამაერთიანებელი, მასშტაბური პროექტები სატრანსპორტო სფეროში, ამის პოტენციალი არსებობს და აუცილებელია მათი გამოყენება.

ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო დერეფნის განვითარება,  რამაც შეიძლება მოგვცეს ჩვენი თანამშრომლობის ის ღერძი, რომელიც წინა პერიოდში მხოლოდ ენერგეტიკას ეკავა.

დღეს რეგიონი სტაბილურია და შეიძლება სერიოზული ინვესტიციების განხორციელება. რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის თემას, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმართულებით მუშაობა უნდა გააქტიურდეს.

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა აღნიშნეს, რომ   აუცილებელია, ორივე ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების შემადგენლობების განახლება, იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგინდეს ერთობლივი საზღვარი.

პრეზიდენტის  აზრით,  ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია.
აქვე უნდა აღინიშნოს, დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვრის, მამა ილარიონის საჯარო განცხადება, რომელსაც იზიარებს მონასტრის მთელი შემადგენლობა, სადაც ის საუბრობს აღნიშნული საკითხის ერთხელ და სამუდამოდ გარკვევის აუცილებლობაზე. ბერები  კომისიების მუშაობის განახლებას მიესალმებიან.
ვიზიტის მიმდინარეობისას, ასევე დიდი ყურადღება დაეთმო  კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
არსებობს ინიციატივა, მუდმივ ფორმატში თბილისში და ბათუმში აზერბაიჯანის დღეების ჩატარების თაობაზე, ასევე, აზერბაიჯანში საქართველოს დღეების  ჩატარების შესახებ, რათა განვითარდეს დარგობრივი ურთიერთობა კულტურაში.

შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევს შესთავაზა, რომ ვინაიდან ქართული ტოლერანტობა ,,იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შესატანილი საკითხების ნუსხაში განიხილება, შესაძლებელია აღნიშნილი საკითხის ერთიან, რეგიონულ ჭრილში განხილვაც.

პრეზიდენტის აზრით, ტოლერანტობა კავკასიის საერთო ღირებულებაა და ამას შეიძლება მივცეთ საერთო კავკასიური ხასიათი, რაც  მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი რეგიონიდან მსოფლიოსთვის.  ეს არის ის ღირებულება, რომელიც დღეს მსოფლიოს აკლია“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტი ეხმაურება გასულ კვირას, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს 2 მოქალაქის გატაცების აღმაშფოთებელ ფაქტებს დ ა კიდევ ერთხელ გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო და დანაშეულებრივ ქმედებებს.
 
,,საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის, ორივე მათგანი განთავისუფლებულია, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გმობს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო და დანაშეულებრივ ქმედებებს და ასევე, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთთან ყველა მოლაპარაკებისა და თუ დიალოგის ფორმატში, აღნიშნული საკითხი იყოს აქტუალური და განიხილებოდეს ყველა დონეზე”, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.