მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პირველი პრესკონფერენცია

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პირველი პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში, პირველი პრესკონფერენცია გამართა და მედიასთან ურთიერთობისათვის სრულიად ღია და გახსნილი ფორმატით თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა. პრეზიდენტის პრესსპიკერის ბრიფინგებს სისტემატიური ხასიათი ექნება და ყოველ სამშაბათს გაიმართება.
ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის საქმიანობის დღის წესრიგთან დაკავშირებით ისაუბრა და ჟურნალისტებს რამდენიმე დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
"7-10 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ ქუთაისში გაემგზავრება. გარდა იმისა, რომ რეგიონების განვითარების მხარდაჭერა, მათი საჭიროებების გაცნობა და შეფასება საქართველოს პრეზიდენტის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ პრიორიტეტად გამოყოფს ქუთაისის განვითარებას, მისთვის ახალი სასიცოცხლო რესურსების მოძიებასა და ამ მართლაც განსაკუთრებული ქალაქისთვის, მისი ისტორიული მნიშვნელობის კვლავაც წამოწევას.
ამ მიზნით უკვე მუშავდება სხვადასხვა პროექტი. მაგალითად, არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუციური გამყარება და ამ კვლევებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვა. ამ ეტაპზე უკვე დაკომპლექტებულია ქართულ - პოლონური ექსპედიცია. ასევე, დაგეგმილია ქუთაისის უნივერსიტეტის მხარდამჭერი სხვადასხვა ღონისძიებები. მოგეხსენებათ, ქუთაისის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში და მას აქვს პოტენცია, კვლავაც აიღოს გელათის აკადემიის რეგიონული ფუნქციები. ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, ქუთაისის, როგორც სამედიცინო ტურიზმის ცენტრის განვითარების ხელშეწყობა. საუბარია ქუთაისისა და წყალტუბოს შესაძლებლობების ერთიან ჭრილში განხილვასა და განვითარებაზე.
კერძოდ, ვიზიტის ფარგლებში, მოხდება ბალნეოლოგიური კურორტების და ზოგადად, ბალნეოტურიზმის განვითარების პოტენციის შეფასება, ახალი შესაძლებლობების წამოწევა და განვითარება. დაგეგმილია ასევე შეხვედრები მცირე აგრომეწარმეებთან“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.
მისი ინფორმაციით, თებერვალში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის 2 მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოს ფარგლებს გარეთ, საფრანგეთსა და გერმანიაში. საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მედიას "სალომე ზურაბიშვილის ფონდის" შექმნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ აღნიშნული ფონდი 30 იანვარს დაფუძნდა.
"ფონდის თავმჯდომარეა ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ინოვაციური პროექტების მხარდასაჭერად და იგი ასევე იმუშავებს  ემიგრანტების საკითხებზე. ეს გახლავთ საქველმოქმედო ფონდი და შესაბამისად, ამ მიმართულებების მხარდაჭერის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, შემოწირულობის სახით, ფონდში თანხა გადარიცხოს. ფონდი იქნება სრულიად ღია და გამჭვირვალე. ნებისმიერი ინფორმაცია მისი საქმიანობის შესახებ იქნება ხელმისაწვდომი.
სწორედ ამიტომ, ფონდს ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მონიტორინგს უწევს ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვას. ამავე ფონდში, ყოველთვიურად გადაირიცხება საქართველოს პრეზიდენტის შრომითი გასამრჯელო. ამ ეტაპზე, ფონდში საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ჩარიცხა 8 280 ლარი, რომელიც პრეზიდენტის დეკემბრისა და იანვრის შრომით გასამრჯელოს წარმოადგენს“, - აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.