მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრეზიდენტის პრესსპიკერის პრესკონფერენცია

პრეზიდენტის პრესსპიკერის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და  მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, პარლამენტში დაგეგმილ მოხსენებაზე და პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა,  6 მარტს,  საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი  ქვეყნის  განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარსდგება. ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნის საგარეო და საშინაო გამოწვევებზე, ასევე შეწყალების კომისიის დაკომპლექტების საკითხებზე.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოვლენ იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი უმრავლესობაში ან უმცირესობაში. შემდეგ უკვე უმცირესობისა და უმრავლესიობის ლედერთა გამოსვლაა რეგლამენტით გათვალისწინებული.  შეკითხვების ფორმატი, პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად,  არ არის გათვალისწინებული”-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აზერბაიჯანში ვიზიტისას, შეხვედრას პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ვიცე პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია რეგიონში და გარდა ამისა, აზერბაიჯანს განსაკუთრებული პოტენციალი  აქვს რეგიონსთვის. ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა. პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, ვიზიტის ფარგლებში პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც”-განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.



ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას აზერბაიჯანში ვიზიტის დროს  დაგეგმილ შეხვედრებზეც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია.

„27 თებერვალს დაგეგმილია საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, ასევე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრების დასრულების შემდეგ, იგეგმება პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია. გარდა ამისა, ბაქოში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან, პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან და პირველ ვიცეპრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან.

ბაქოში, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.“-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა დეტალურად ისაუბრა  საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში და გერმანიაში ვიზიტისას გამართულ შეხვედრებზე და განხილულ თემებზე:
„საფრანგეთში ვიზიტისას, ყველა შეხვედრაზე, ხაზი გაესვა საფრანგეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის საკითხს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ამასთან, ემანუელ მაკრონთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის დეკლარაციას “ქართულ-ფრანგული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას და შესაბამისად, ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებას პოლიტიკური და საპარლამენტო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის, ასევე, კულტურის და განათლების სფეროებში;

უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც ეხმარება საქართველოს საჰაერო უსაფრთხოების გაძლიერებაში და პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველომ პირობაც მიიღო, რომ საჭირო აღჭურვილობით შეძენისათვის, თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება. საქართველოს პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი საქართველოში ვიზიტად მოიწვია.

სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს ეკონომიკური დელეგაციის თანხლებით ეწვევა და საფრანგეთში მოქმედი კომპანიები საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალს გაიცნობენ.საქართველოს აქვს ამბიცია, რომ საფრანგეთი საქართველოს უდიდესი ეკონომიკური პარტნიორიც გახდეს.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

ხატია მოისწრაფიშვილმა მედიას ინფორმაცია ასევე მიაწოდა გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის გამართულ შეხვედრებზე:
„თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა - ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც- ასე შეაფასა ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტმა.

აღინიშნა, რომ საქართველოსათვის ძალიან საჭიროა გერმანიის მეგობრობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს არაღიარების იმ პოლიტიკას, რომელშიც, ასევე, მონაწილეობს გერმანია, როგორც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხების დაძვრა შესაძლებელი გახდება ახალ და უფრო მაღალ პოლიტიკურ ფორმატში.

საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ გერმანია დაეხმარება საქართველოს შევიდეს ევროპაში, ყველა იმ გზით, მათ შორის კულტურის, განათლების, ეკონომიკური თანამსრომლობის და სხვა, ანუ, უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაზლო მიმართულება იმ დღემდე, სანამ საქართველო ევროკავშირში პოლიტიკურად და სამართლებრივად გაწევრიანდება.“-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტაციაში დაგეგმილ რეორგანიზაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამინისტაციაში რეორგანიზაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს, რაც მობილობის ეტაპს გულისხმობს. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი უნდა დარჩეს.

„ეტაპობრივად წარიმართა პრეზიდენტის ადმინისტაციაში რეორგანიზაციის პროცესი და ეს პროცესი განპირობებული იყო იმ მოცემულობით, რა მოცემულობითაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. თავიდანვე განისაზღვრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტაციაში იმუშავებდა 60 ერთეული კადრი. ახლა მიმდინარეობს რეორგანიზაციის მესამე ეტაპი, ეს არის მობილობის ეტაპი. მობილობის სქემაში ამ დროისთვის გახლავთ გადასული 63 თანამშრომელი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაცია გადაგზავნის ინფრომაციას თბილისის მასშტაბით ყველა საჯარო უწყებაში, სადაც გამოვლინდება ვაკანტური თანამდებობები. მობილობის მოთხოვნაში მაქსიმალურად იქნება მისადაგებული თანამშრომლის კვალიფიკაცია არსებულ ვაკანტურ თანამდებობრივ მოთხოვნებთან“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა სამართლებრივ დონეზე შეწყალების წესის მკაცრ რეგულაციებში მოქცევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა შეწყალების კომისიის თემაზე დასმულ შეკითვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს შეწყალების კომისიის საკითხს. მისივე თქმით, საჭიროა კომისია დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალი კადრებით.
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით,  არსებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსჯავრდებულების დიდი რაოდენობით შეწყალება. მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას უჩნდება უსამართლობის განცდა და მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი მსჯავრდებულის შეწყალება.
„არ შეიძლება და პრეზიდენტი არ დაუშვებს შეწყალების კომისია ვინმეს მხრიდან გახდეს ზეწოლის თემა. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საჭიროა სამართლებრივ დონეზე შეწყალების წესის მკაცრ რეგულაციებში მოქცევა. შეწყალების წესი ისე უნდა გაიწეროს, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და საზოგადოებაში ამაღლდეს ნდობა შეწყალების კომისიის მიმართ“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.