მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის ბრიფინგი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.
 
,,სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი კვლავაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ოკუპაციის ხაზთან ძალიან მძიმე ვითარებაა, გახშირებულია საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტები, კეთდება მუქარის შემცველი განცხადებები ნატოს წვრთნებთან დაკავშირებით.
 
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი ჩვენს პარტნიორებთან,  ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველო, რუსეთის ამ აგრესიული პოლიტიკის მიუხედავად, განაგრძობს სამშვიდობო გეგმებით სვლას, მაგრამ ეს პროცესი ყოველდღიურად  რთულდება.
 
მიუხედავად ამისა, საქართველო არ ცვლის სამშვიდობო გზავნილებს. სამშვიდობო პოლიტიკის გარდა, სხვა პოლიტიკა საქართველოს არ გააჩნია! მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა! რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გააქტიურდეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, მიიღოს მან პოლიტიკური დატვირთვა.
 
საქართველოს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ესაჭიროება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის წარმოება და შესაბამისად, ფორმატი, რომელიც იქნება კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტილების ინსტრუმენტი.
 
აუცილებელია, რომ ჩვენი პარტნიორები რუსეთს ყოველდღიურად ახსენებდნენ აღებულ ვალდებულებებს და მოუწოდებდნენ მათი შესრულებისკენ”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
 
როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ნატოს წვრთნებს და აღნიშნა, რომ სასიხარულო და საპატიოა ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოსთან ერთად მასპინძლობს ნატოს წვრთნებს, რაც ძალიან სერიოზული ნიშანია იმისა, თუ რა დონეზეა და როგორი ნდობით ხასიათდება ნატო-საქართველოს ურთიერთობები.
 
საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება ბატონ ლადო აფხაზავასთვის ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩის სტატუსის მინიჭებას. სალომე ზურაბიშვილი ულოცავს ახალგაზრდა პედაგოგს გამარჯვებას, პრეზიდენტის აზრით, ეს უდიდესი წარმატებაა, როგორც პირადად ლადო აფხაზავასთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის.