მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში იმყოფება.

პრეზიდენტის რეგიონში სტუმრობის მიზანი, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, საქართველოს რეგიონების განვითარების პოტენციალის გაცნობა და რეგიონების განვითარების მხარდაჭერაა.  სალომე ზურაბიშვილი მხარის საწარმოს და ბიზნეს  პოტენციალს გაეცნობა,  მოინახულებს ასევე ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს.

ხვალ კი, პრეზიდენტი გარდაბანში გაემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი  ეთნიკურად აზერბაიჯანულ მოსახლეობას სახალხო დღესასწაულს ნოვრუზ ბაირამს მიულოცავს.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტისა და ევროკავშირის კომისრის ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალსტრომის შეხვედრა. საქართველოს პრეზიდენტმა შეაფასა რა ევროკავშირში მიმდინარე პროცესები აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების გამო, არსებობს სკეპტიციზმი ევროკავშირს მიმართ, საუბარია ბრექსითზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, თუმცა  „ საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ უცვლელია, ამიტომაც, საქართველომ უნდა შეძლოს, თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მიმდინარე პროცესები, ჩვენ უნდა მოვახდინოთ დარგობრივი ინტეგრაცია სპეციალური პროგრამების საშუალებით და ვისარგებლოთ ყველა იმ მნიშვნელოვანი პროგრამითა და სერვისით, რითაც ევროკავშირის ქვეყნები სარგებლობენ - ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია.“-აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

მხარეებმა შეხვედრაზე შეაფასეს მიმდინარე პროცესები, აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია, თუმცა ბოლო პერიოდში, ექსპორტის კლების ტენდენციაც შეინიშნება.  ამ კონტექსტში მიზანშეწონილია  საქართველომ ექსპორტის ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ  გასულ კვირას, საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში,  ოფიციალური ვიზიტი გამართა და სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პრეზიდენტთან, პრემიერთან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან და სომხეთის ეკლესიის მეთაურთან შეხვედრებზე, საქართველო - სომხეთს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკებებისას ორი ქვეყნის განვითარებისათვის, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, კონფლიქტების გადაწყვეტასა და გამოწვევებზე გამკლავების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების გასამკლევებლად, მთავარი და ერთადერთი, უალტერნატივო გზა -  საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებზე დაფუძნებული, მშვიდობიანი გზაა, რათა საბოლოოდ გადაწყდეს კონფლიქტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნების წინსვლას და განვითარებას აფერხებს. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელვანია, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტები არანაირად არ იყოს გადმოტანილი საქართველოს ტერიტორიაზე.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა სომხეთში განაცხადა, საქართველოსათვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ სომხური, ან აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობდნენ მშვიდობიანად ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად იყვნენ ინტეგრირებულნი ქვეყნის  ეკონომიკაში, პოლიტიკაში, თუ კულტურულ ცხოვრებაში.
ისევე, როგორც აზერბაიჯანში ვიზიტისას, სომხეთშიც საქართველოს პრეზიდენტმა საზღვრის დელიმიტაციის საკითხის გააქტიურების საკითხი წამოწია და აღნიშნა, რომ მეგობარ და მეზობელ ქვეყნებს შორის, არ შეიძლება ეს პროცესი უსასრულოდ გრძელდებოდეს.
ახალი იმპულსი უნდა მიეცეს კომისიას და დაუბრუნდეს იმ შეთანხმებას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში იყო მიღწეული.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სომხური ეკლესიის მეთაურთან შეხვედრისას, დააფიქსირა მისი მკვეთრი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.
სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად.
შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სწორედ ასე მოიხსენია გარეგინ მეორემ ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილება, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში.

პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს.
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთში ვიზიტისას, საქართველო - სომხეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების განახლების საკითხიც დააყენა, რომლის მოქმედებასაც ვადა 2018 ამოეწურა.“-განაცხადა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ხატია მოისწრაფიშვილმა.