საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   ​საქართველოს პრეზიდენტი: NATO - ახალი ეტაპი

​საქართველოს პრეზიდენტი: NATO - ახალი ეტაპი

მტკიცედ მჯერა, რომ ბრიუსელის სამიტი იქნება ახალი ეტაპი ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისათვის. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება იმედისმომცემია ჩვენთვისა და სხვა ასპირანტი ქვეყნებისათვის - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ნატოს სამიტამა არაერთ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის მთავარს: ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების როგორი სისტემა იქნება თანამედროვე გამოწვევების საუკეთესო პასუხი? მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი მხოლოდ წევრი სახელმწიფოებისთვისაა, მის შედეგებს მოუთმენლად ელის ყველა ის ქვეყანა, რომელიც თავს საერთო უსაფრთხოების სისტემის ნაწილად მოიაზრებს. მათ შორისაა საქართველოც, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორს, რომელიც მონაწილეობს ნატოს, ასევე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო და ანტიტერორისტულ მისიებში. ვმონაწილეობთ ამ მისიებში, რადგან გვჯერა, რომ ვიცავთ საერთო ღირებულებებს და ჩვენს ერთიან ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახს, რომლის ნაწილადაც თავს მივიჩნევთ.
კაცობრიობის ისტორიაში ნატო ყველაზე წარმატებული ალიანსია - ღირებულებათა ალიანსი. უსაფრთხოება დღესაც მთავარი საზრუნავია, თუმცა კონვენციური საფრთხეების პრევენციის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება არაკონვენციური საფრთხეეები. დღეს მთავარი სამიზნე ჩვენი საერთო ღირებულებები გახდა. შეტევა მიმდინარეობს ჩვენი მოქალაქეების აზროვნების წინააღმდეგ, რის გამოც ტერორიზმი, კიბერთავდასხმები, ინფორმაციო შეტევები, პროპაგანდა და ჰიბრიდული ომები იქცა სასიცოცხლო პრობლემად თანამედროვე მსოფლიოსათვის. ამ საფრთხეებს დღეს გლობალური ხასიათი მიეცა და მათი დაძლევა მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. 
 
მადლიერება პოლონეთს
 
დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველო არაკონვენციური საფრთხეების წინაშე დგას. დღეს ჩემი ქვეყნის 1/5 კვლავაც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს-რუსეთის ფედერაციის მიერ, ხოლო მოსახლეობის 10%-ზე მეტი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირია. კიბერთავდასხმები, ინფორმაციული შეტევები და ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიები კარგადაა ნაცნობი საქართველოსათვის, მაგრამ მიუხედავად ჩვენზე განხორციელებული წნეხისა, ჩვენ ერთგულნი ვართ იმ სტრატეგული არჩევანისა, რაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს. საქართველო, მიუხედავად ამ არაკონვენციური შეტევებისა და პერმანენტული სტრატეგიული გამოწვევებისა, შეძლო ოკუპირებული საბჭოთა რესპუბლიკიდან გამხდარიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწია ნატოს ასპირანტ ქვეყანებს შორის.
 
რა თქმა უნდა ყოველივე ამას საქართველო მარტო ვერ მიაღწევდა. ჩვენ ყოველთვის გვაძლიერებდა მეგობართა სოლიდარობა და თანადგომა. საქართველო მადლიერია პოლონეთის, რომელისათვისაც უცხო არაა ის სირთულეები, რაც საკუთარი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვას უკავშირდება.  სიმბოლურია, რომ ჩვენ ხშირად მხარდამხარ ვიბრძოდით და ჩვენმა ისტორიამ ერთმანეთისადმი თავდადების არაერთი შთამბეჭდავი მაგალითი შემოგვინახა. განსაკუთრებული მადლიერებით მინდა გავიხსენო საქართველოს ეროვნული გმირი, პოლონეთის რესპუბლიკის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელიც ქართველ ხალხის გვერდით იდგა რუსეთის სამხედრო აგრესიის ურთულეს დღეებში. 2008 წელს, საქართველო სწორედ ასეთმა მტკიცე საერთაშორისო მხარდაჭერამ გადაარჩინა. მჯერა რომ ეს თანადგომა მომავალშიც მრავალ წარმატებამდე მიგვიყვანს.
 
დაპირებული გაფართოება
 
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის  ისტორია ცხადად მოწმობს, რომ არსებულ გამოწვევებს მეტი გახსნილობითა და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდით უნდა ვუპასუხოთ. თანამედროვე საქართველოც საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ საფრთხეები სწორედ თანამშრომლობის ახალი ინიციატივებით დაიძლევა. ალიანსს, თავისი ისტორიის განმავლობაში, არაერთი წინააღდეგობა დაუძლევია ინტეგრაციის წყალობით. ასე გაერთიანდა გერმანია; მოგვიანებით, ასე განხორციელდა ნატოს გაფართოების რამდენიმე ტალღა, რომლის შედეგადაც რამდენიმე ქვეყანა საერთო უსაფრთხოების სისტემის ნაწილი გახდა. ეს არასოდეს ყოფილა მარტივი პროცესი, მაგრამ გაღებულ ძალისხმევას მხოლოდ სარგებელი მოუტანია ალიანსისათვის. დღეს, ახალგაზრდა დემოკრატიების უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის ჩადებული ინვესტიცია სამომავლოდ თანასწორუფლებიანი თანმშრომლობის ახალ სივრცეს შექმნის, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება თავად ალიანსისათვის.
ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ბრიუსელის სამიტს ალიანსი განახლებული შემადგენლობით ხვდება. მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკის ურყევობის დადასტურებას. ეს კი იმედისმომცემია საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნებისათვის, რომლებიც ალიანსში ინტეგრაციისაკენ მივისწრაფვით.
საქართველო ევროპის ორგანული ნაწილია, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნიდა და ამდიდრებდა ევროპულ ცივილიზაციას. ამავდროულად, ეს არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც თანამშრომლობის იმ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც სიკეთის მომტანია ჩვენი პარტნიორებისათვის. სტაბილური საქართველო შავი და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირების განმტკიცების გარანტიაა, რეგიონებისა, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ევროპისა და აზიის თანამშრომლობისათვის სავაჭრო-ეკონომიკურ, რეგიონთაშორისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროებში. ეს ცალსახად მნიშვნელოვანია ერთიანი, მშვიდობიანი და თავისუფალი ევროპის იდეის საბოლოო რეალიზაციისათვის.
26 წლის წინ, საქართველომ ხელახლა მოიპოვა დამოუკიდებობა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ათასწლეულებს ითვლის. ჩვენ კარგად ვიცით რა არის პარტნიორობა; ყოველთვის ვიცავთ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს. დაცული/უსაფრთხო საქართველო შესძლებს მეტი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობასა და განვითარებაში.