საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   „ჩვენ ამას ვიმსახურებთ“ - საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ში თბილისის წვლილს აღნიშნავს

„ჩვენ ამას ვიმსახურებთ“ - საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ში თბილისის წვლილს აღნიშნავს

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებამ შესაძლოა, ალიანსისა და მთლიანად ევროპის სტაბილურობას შეუწყოს ხელი.
10 მარტს, ბრიუსელში, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავარ ამოცანებს ნატო-ს ივლისის სამიტთან დაკავშირებით.
"ჩვენ გვინდა [ნატო-ში] გაწევრიანება. ჩვენ ვამბობთ, რომ იქ უნდა ვიყოთ, ვამბობთ, რომ ვიმსახურებთ იქ ყოფნას და ვამბობთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა იქ ვიყოთ”, - განაცხადა მარგველაშვილმა.
"არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც საქართველოზეა დამოკიდებული, მათ შორის სავაჭრო კავშირები, მთავარი სავაჭრო მარშრუტები, რომელიც აღმოსავლეთს დასავლეთთან აკავშირებს, ასევე შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობა. ეს ევროპული და ევროატლანტიკური ფაქტორებია და საქართველოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია ".
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო დათანხმდა, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყნის წევრობის პერსპექტივა ყოველ სამიტზე აღინიშნება, მათი გაწევრიანების ზუსტი თარიღი არ დადგენილა.
გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლა შეჩერებულია დიდწილად გაყინული კონფლიქტების გამო, რომელიც საქართველოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან აქვს. რეგიონებთან, რომლებმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთმა ეს რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის ამ ქმედებას მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა დაეთანხმა.
მარგველაშვილის თქმით, რუსეთის რიტორიკამ და ქმედებებმა, მათ შორის 2008 წლის ომმა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში სეპარატისტების მხარდაჭერამ, უნდა გაამყაროს საქართველოს ალიანსში  წევრობის არგუმენტი. 
„ჩართეთ რომელიმე რუსული ტელეარხი და მოუსმინეთ, რუსები ყველაფერზე გულახდილად ლაპარაკობენ. ცოტა ხსნის წინ მოვისმინეთ, რომ რუსეთს სურს აღადგინოს ვითარება, რომელიც ცივი ომის დროს, ორპოლუსიანი სამყაროს დროს არსებობდა“.
"როცა ვინმე ცდილობს ასეთი აზროვნების თავს მოხვევას, მიმაჩნია, რომ ასეთ დროს ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ამ პრობლემების გაცნობიერება ნატო-ს დღის წესრიგში აქტუალური იქნება, მაშინ საქართველოს გაწევრიანება გაცილებით დაჩქარდება".
არსებობს ვარაუდი, საქართველომ ივლისის სამიტზე შესაძლოა, მოითხოვოს, რომ ნატო-ს ორმხრივი დაცვის შეთანხმების მე -5 მუხლი, რომლის მიხედვითაც ყველა წევრი გაწევს დახმარებას ერთ-ერთ წევრზე თავდასხმისას, გავრცელდეს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, რომელიც თბილისის კონტროლს ექვემდებარება, და არა ორ სეპარატისტულ რეგიონზე.
თუმცა, მარგველაშვილმა გარკვევით არ განმარტა, დადგება, თუ არა ეს საკითხი სამიტზე.
"ჩვენ ამაზე სიღრმისეულად არ გვიმსჯელია, თუმცა არსებობს შემთხვევები ნატო-ს ისტორიაში(მაგალითად, დასავლეთ გერმანიის შემთხვევა), როდესაც დანაწევრებული სახელმწიფოები ნატო-ს წევრები გამხდარან, იმის შესაძლებლობით, რომ ერთხელაც კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვარდება.
ჩვენ პირდაპირ არ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია წარსულში არსებული შემთხვევებით იყო გამოწვეული. ჩვენ ძალიან მტკიცედ და დარწმუნებით მივუყვებით ნატო-სკენ მიმავალ გზას", - დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.

In an interview with RFE/RL on March 10 in Brussels, Margvelashvili outlined Georgia's main objectives for an upcoming NATO summit in Brussels in July