საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება

გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის ჰიბრიდული ომი ჩვენს წინააღმდეგ გრძელდება

ჯულიან როპკე
 
08. 08.2018 -14:31
 
ათი წლის წინ, დღევანდელ დღეს, საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში სეპარატისტული ძალების დასახმარებლად რუსეთის ჯარმა საქართველოს საზღვარი გადალახა.
 
ოთხი დღის შემდეგ ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა  და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ჯარებისა და მათი მოკავშირეების მიერ იქნა ოკუპირებული. 20.000-ზე მეტი სამოქალაქო პირი კვლავ იძულებით გადაადგილებული რჩება. 
 
 
რუსეთის ინტერვენციის ათი წლისთავთან დაკავშირებით, BILD- მა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მაშინდელ და ახლანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოართვა.
 
BILD:  რუსეთის მონაწილეობით  2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომმა თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%  - ზე მეტის დაკარგვა განაპირობა.  ვინ არის  მოვლენების ამგვარ განვითარებაზე პასუხისმგებელი ?
 
გიორგი მარგველაშვილი: როდესაც ერთი ქვეყნის სამხედრო, შეიარაღებული ძალები კვეთს მეორე ქვეყნის საზღვარს და ახორციელებს თავდასხმას, თავის მხრივ გულისხმობს, რომ ამ ქვეყნის მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საომარი მოქმედებებისა და სამხედრო აგრესიის შესახებ. ეს გახლდათ 2008 წლის აგვისტოს საქმე.
 
ნება მიბოძეთ საზოგადოებას შევახსენო, რომ აღნიშნულ მოვლენებს ორი ათეული წლით ადრე წინ უძღვოდა ამ ორი რეგიონის ფაქტობრივი ჰიბრიდული ოკუპაცია, 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქართული რესპუბლიკის ჩამოყალიბების ადრეულ პერიოდში, საქართველო ამ ორ რეგიონში  საომარ მოქმედებებში იქნა ჩათრეული, რომელიც იმ დროისათვის რუსეთის აქტიური ჰიბრიდული მონაწილეობით იყო განპირობებული. მე მახსოვს, ჩემი წინამორბედი პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას  რუსეთის ჰიბრიდული საომარი მოქმედებების მიმართ აღნიშნულ ოკუპირებულ ორ რეგიონში. 
 
რაც შეეხება 2008 წელს, ქმედებები იყო განსაზღვრული და კონტროლირებული, ჩემი ქვეყნის მიწაზე ჩართული იყო ათასობით რუსი სამხედრო  პირი და ასობით მძიმე ტექნიკა, ისევე როგორც რუსეთის არმიის საჰაერო ძალები. ამგვარად, პასუხი ნათელია, რომ აღნიშნული მოქმედებები რუსეთის ფედერაციის მიერ იყო დაგეგმილი და შესრულებული.
 
BILD: ჯერ კიდევ არსებობს რუსული მტრული გავლენის მცდელობა თქვენს ქვეყანაში?  და თუ ასეა რა სახის მცდელობას აქვს ადგილი?
 
მარგველაშვილი: ეს არ გახლავთ მხოლოდ მცდელობა, ეს არის იმპერიული შურისძიების პოლიტიკა, რომელიც ძირს უთხრის  ჩვენი ქვეყნის  საერთო ევროპულ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰიბრიდული ომი არ დასრულებულა. ჩვენ კვლავ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ რიტორიკას, აგრესიულ პროპაგანდას, სამხედრო ძალას, საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების მუდმივ მონტაჟს, ადამიანების ერთმანეთისგან ჩამოშორებისა და იზოლირების მიზნით მათი ნების და მიუხედავად.
 
ასე რომ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთმა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული ნაწილების ოკუპაცია მოახდინა, არამედ შეეცადა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ორი ხელოვნური სახელმწიფო ჩამოეყალიბებინა. გარდა ამისა, აღნიშნული პოლიტიკა გაგრძელდა და სრულიად წარუმატებელი აღმოჩნდა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რადგან, ძირითადად, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, გარდა რამდენიმე  გამონაკლისისა, რუსეთის მიერ შექმნილი  ე.წ. სახელმწიფოების დამოუკიდებლობა არასდროს უღიარებია, და, ასევე, გვაქვს მზარდი მხარდაჭერა გაეროში. მიუხედავად ამისა, რუსეთი კვლავ განაგრძობს მცდელობას, რათა  საერთაშორისო თანამეგობრობა „ფაქტების სიზუსტეში“ დაარწმუნოს.
 
2014 წელს ე.წ. მარიონეტული მთავრობების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მთავრობებთან ხელი მოეწერა "ინტეგრაციის ხელშეკრულებებს". ოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივ პროცესად  გამოცხადების მცდელობასთან ერთად, რუსეთი ბლოკავს ყველა კონტაქტს საზოგადოებებს შორის შერიგებისა და რეგიონის შემდგომი სტაბილიზაციის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტები საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით გაუქმებულია, ისინი ითვალისწინებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ ინტეგრაციას  რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში.
 
BILD: 2008 წელს საქართველოში განხორციელებული ქმედებებისათვის რუსეთი არასდროს დასჯილა, არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნულმა 2014 წელს უკრაინაში მისი ინტერვენცია განაპირობა. როგორია თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?
 
მარგველაშვილი: ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით ამ მოსაზრებას. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი და დასავლელი კოლეგები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რათა შეეჩერებინათ 2008 წლის აგრესიული პროცესი. ჩვენ გვახსოვს ხუთი პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოს დედაქალაქში, მაშინ როცა თბილისი და საქართველო ჯერ კიდევ იბომბებოდა.  ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ სარკოზის შთამბეჭდავი ცეცხლის შეწყვეტის მისია. თუმცა, დღის ბოლოს, რუსეთმა სრულიად უგულებელყო შეთანხმება, რომელსაც ხელი  12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ძალების გაყვანის შესახებ ხელი მოეწერა და მიუხედავად ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე ახალი სახელმწიფოები ჩამოაყალიბა. რუსეთის მიმართ წლების განმავლობაში ადეკვატური რეაგირება არ განხორციელებულა.
 
ჩვენ აგვისტოს ომისადმი მეტ-ნაკლებად ტოლერანტული დამოკიდებულება ვიხილეთ, რამაც  2008 წლის აგვისტოს მოვლენების არა როგორც პირდაპირ ომისა და ოკუპაციის  შეფასება განაპირობა, არამედ მცდელობა იმისა რომ რუსეთის მხარე წარმოადგინოს როგორც  არაპროპორციული რეაგირების სახე. 2008 წელს რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის მიმართ მოკრძალებულმა ტონმა და საერთაშორისო სამართლის, სუვერენული ტერიტორიებისა და ასობით ათასი ეთნიკური ქართველის უფლებების დარღვევის მიმართ სათანადო სასჯელის არ არსებობამ, რამაც ისინი თავიან ქვეყანაში ლტოლვილებად აქცია, სამომავლოდ უკრაინაში რუსეთის მიერ გაბედული გადაწყვეტილება განაპირობა. 2014 წელს ჩვენ ვიხილეთ, რომ რუსეთმა 2008 წლის კამპანიის დასკვნითი ეტაპი შეასრულა, იგი უფრო მეტად აქტიური, გადამწყვეტი და მომზადებული იყო ყირიმის ანექსიისა  და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციისთვის. თითოეულმა ჩვენგანმა საფასური გადავიხადეთ იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს პირველი მოვლენის დროს უფრო მკაცრი და პირდაპირი არ ვიყავით. 
 
BILD: ათი წლის შემდგომ, რა სახის პრობლემებს განიცდის თქვენი ქვეყანა, რომელიც 2008 წლის ომით არის განპირობებული?
 
მარგველაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმეა. რაც ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციულ ზომებს გულისხმობს. ლტოლვილები და იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთ სახლებსა და ოჯახებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ხოლო ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილებს ჩამორთმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლება, თავისუფლად გადაადგილება და ერთიანი ოჯახური ცხოვრება.
 
ხალხს იტაცებენ, აწამებენ და კლავენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქართველები არიან. უდანაშაულო და მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია საოკუპაციო ხაზზე კამერების წინ იქნა მოკლული. მკვლელი გამოვლენილია, მაგრამ მის მიმართ ბრალდება წარდგენილი არ არის.  წელს, საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს და ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არ არსებობს პასუხისმგებლობის ზომა.  ოთხოზორია- ტატუნაშვილის შემთხვევები ნათლად ცხადყოფს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჩართულობის გაზრდისა და გაძლიერების აუცილებლობას.
 
დღესდღეობით, ორივე ოკუპირებული ტერიტორია საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის მიღმაა, სადაც პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანისა და სამოქალაქო უფლებების კონტროლის საერთაშორისო მექანიზმი. ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო  მისიაც კი არ არის დაშვებული, მიუხედავად მისი მანდატისა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
 
BILD: თქვენ კვლავ ცდილობთ დაიბრუნოთ "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" რეგიონები?
 
მარგველაშვილი:  ეს გახლავთ საქართველოს სახელმწიფოსა და ჩემი ერის  მთავარი მიზანი. ჩვენ ვეძებთ სამომავლო პერსპექტივებს ჩვენი ისტორიისა და კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით. საქართველო ბევრჯერ ყოფილა დაპყრობილი სხვადსხვა დიდი იმპერიების მიერ, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვახერხებდით დამოუკიდებლობის აღდგენასა და სახელმწიფოებრიობის დაბრუნებას.  ჩვენ გვაქვს  გერმანიის მაგალითი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში განცალკევებული იყო, მაგრამ კვლავ გაერთიანდა, რაც დადებითი მაგალითია.
 
დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან შედარებით პატარა სახელმწიფოა, ჩვენი მდგრადობა, ჩვენი ვალდებულება, და მომავლის ხედვა წარმატებას განაპირობებს. მინდა ავღნიშნო, რომ როდესაც სხვა ქვეყნების მაგალითებს ვუყურებთ, საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ბევრი მეგობრით დიდ უპირატესობას ფლობს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ გაერთიანებებში ინტეგრაციის პროცესში ლიდერია. ასე რომ, მრავალრიცხოვან მეგობართან ერთად, მომავლის მკაფიო ხედვითა და მდგრადი გამოცდილებით, მუდამ გვჯეროდა, რომ საკითხი გადაწყდება და საქართველო კვლავ გაერთიანდება.
 
BILD: ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება თქვენი ქვეყნის მდგომარეობას გააუმჯობესებს?
 
მარგველაშვილი: რა თქმა უნდა, ნატოში გაწევრიანება ყველა იმ შესაძლებლობას დააჩქარებს, რომელიც საქართველოს, როგორც ერსა და ქვეყანას, შეუძლია მის მოქალაქეებს და პარტნიორებს სარგებლის სახით მოუტანოს. საქართველოს უსაფრთხოება უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის ტრანს-კონტინენტურ თანამშრომლობაში, რადგან იგი უზარმაზარი ბაზრების  ურთიერთდაკავშირების გადამწყვეტ წერტილში მდებარეობს. მას ყოველთვის ეკავა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი, როგორც კასპიისა და შავი ზღვების  ურთიერთმაკავშირებელს. ამრიგად, როგორც კი საქართველო ნატოს წევრი გახდება, ყველა შესაძლებლობა, რომელიც მას თავისი ადამიანური კაპიტალით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა და რეგიონების კავშირით გააჩნია გაორმაგდება, რადგან უსაფრთხოება უფრო მეტ ინვესტიციას, პასუხისმგებლობასა და სტაბილურობას განაპირობებს. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული სტაბილურობა  გარდამავალი იქნება. სტაბილური საქართველო რეგიონში უფრო მეტი  სტაბილურობის განმსაზღვრელია, ისევე როგორც ინტენსიური თანამშრომლობის. ასე რომ, ნატოში გაწევრიანება სასარგებლო იქნება არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, ისევე როგორც მისი სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ასევე  ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით.

Russia's hybrid war against us continues