მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   სალომე ზურაბიშვილი: ლიეტუვამ და საქართველომ მუდამ უნდა დაიცვან საკუთარი თავისუფლება და იდენტობა

სალომე ზურაბიშვილი: ლიეტუვამ და საქართველომ მუდამ უნდა დაიცვან საკუთარი თავისუფლება და იდენტობა

www.lzinios.lt/Lietuva/salome-zurabisvili-lietuva-ir-sakartvelas-turi-nuolat-ginti-savo-laisve-ir-tapatybe/283465საქართველოს პრეზდენტი სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. ლიეტუვა შემთხვევით არ გამხდარა ის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს ახლადარჩეული  პრეზიდენტი ეწვია. პრეზიდენტის თანახმად, ლიეტუვა უდავოდ არის საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და სწორედ ამიტომ პირველი ვიზიტების რუკაზე ვილნიუსი ბრიუსელის, პარიზის და ბერლინის გვერდით მოხვდა.
 
  • თქვენი პირველი ვიზიტები საქართველოს პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში, ბაქოში, ბერლინში, პარიზსა და ვილნიუსში შედგა. ასევე იმყოფებოდით ავღანეთში. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულებები?
  •  
  • საფრანგეთსა და გერმანიაში გავემგზავრე, რადგან ამ ეტაპზე  ეს ორი ქვეყანა ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფოთა რიცხვშია, ხოლო ვილნიუსში იმიტომ ჩამოვედი, რომ ლიეტუვა საქართველოს ევროკავშირისა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ახლო მოკავშირეა. ამდენად, ლიეტუვაში ვიზიტი არ იყო შემთხვევითობა. ავღანეთში ვიმყოფებოდი, რადგან იქ ჩვენი ჯარისკაცები არიან დისლოცირებულნი და მე, როგორც საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი, ვგრძნობ მათზე პასუხისგებლობას. ეს მისია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ ნატოს მისიებში, ხოლო ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი მოკავშირეების მხრიდან მუდამ მაღალ შეფასებას იმსახურებს. ქართველი ჯარისკაცები ასევე მონაწილეობას იღებენ ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში. ვიტყოდი, რომ ჩემი პირველი ვიზიტები  მნიშვნელოვანი იყო იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველო ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების საბოლოო ეტაპზეა. ჩვენ გვესმის, რომ ორივე ორგანიზაცია ამჟამად გამოწვევების წინაშე დგას და ცვლილებებს განიცდის. ეს ძალზედ სახარბიელო დროა, რათა ავუხსნათ ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, გვესმის რა შიდა და გარე გამოწვევების წინაში დგას ევროკავშირი და ნატო. საქართველო რეალურად აფასებს იმას, რაც ხდება და გვესმის, რომ გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებსაც ველოდებით არ მიიღება ხვალ დილას, თუმცა, ამავდროულად ჩვენ ვრჩებით ამბიციურები და მივისწრაფვით ევროპაში ინტეგრაციისკენ. მოთმინებით და თანმიმდევრობით გავაკეთებთ ამას და საბოლოოდ მხოლოდ ერთი ნაბიჯი დარჩება - დაგვარქვან გაერთიანების ნამდვილი წევრების სახელი. უკვე ვართ მრავალი ევროპული სტრუქტურის, მაგალითად, ევროპოლის წევრები. სწორედ ამისკენ მივიღწვით - გავერთიანდეთ სხვადასხვა პროგრამასა და ფორმატში. საქართველო მზად უნდა იყოს, ამიტომ ვალდებული ვართ გავაგრძელოთ შიდა რეფორმები და ცალსახად გავაცნოთ ჩვენ ინტერესები ევროპელ პარტნიორებს.
  •  
  • დიდი ხანია გაქვთ გარანტირებული ვილნიუსის მხარდაჭერა და გაგება. პოულობთ თუ არა იგივე გაგებას პარიზსა და ბერლინში?
  •  
  • ვფიქრობ, ეს გაგება იზრდება. როდესაც ევროპა განიცდის პერიოდს, რომელსაც ალბათ შესაძლოა კრიზისი ვუწოდოთ, მითუფრო მეტად ფასდება ისეთი ევროენთუზიასტების მნიშვნელობა, როგორიც საქართველოა, სადაც ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა არ იცვლება, და რომელსაც უკვე დიდი ხანია 80%-იანი მხარდაჭერა აქვს. მოსახლეობა არ ექცევა ანტიევროპული პოპულისტური რიტორიკის გავლენის ქვეშ. ევროპის ამჟამინდელ  ლიდერებს ესმით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს. ვიტყოდი, რომ პარიზსა და ბერლინში ვიზიტის დროს ბევრად უფრო ყურადღებით მომისმინეს, ვიდრე ეს ორიოდე წლის წინ. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორებიც რეალისტები არიან და ესმით, რომ დღეს ყველა მნიშვნელოვანია, ვინც ევროპულ იდეას მხარს უჭერს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ევროპა „ბრექსტის“ შემდეგ და როგორ უნდა რეფორმირდეს იგი. ეს ახალ შესაძლებლობებს ჰპირდება ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
 
„ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობა არ იცვლება და უკვე დიდი ხანია მას მოსახლეობის 80%-იანი მხარდაჭერა აქვს. ხალხი არ ექცევა ანტიევროპული პოპულისტური რიტორიკის გავლენის ქვეშ.“
 
  • ლიეტუვასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში რა არის უახლოესი მომავლის პრიორიტეტები?
  •  
  • ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ძალიან მჭიდროა. ლიეტუვა ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, გაგვიზიარა რა საკუთარი გამოცდილება. თქვენ უკვე წარმატებით გაიარეთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზა. როდესაც ვირჩევთ რა სახის რეფორმები გავატაროთ და რა შეცდომების დაშვებას ვერიდოთ, თქვენი მაგალითი ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ამდენად, ჩვენ ორმხრივ ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრისას, ვიტყოდი, რომ ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის, თუმცა, მეტად გაღრმავდეს. უკვე წარმატებულად ვთანამშრომლობთ განათლების სფეროში და ეს მიმართულება უნდა გავაგრძელოთ. დღეს ვიწყებთ თანამშრომლობას კიბერუსაფრთხოების სფეროში, რომელიც ისეთი პატარა სახელმწიფოებისთვის, როგორც ლიეტუვა და საქართველოა, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდ ყურადღებას ვუთმობთ რეგიონულ პოლიტიკას და ლიეტუვისა და საქართველოს თვითმმართველობების პირდაპირ პარტნიორობას. ამ მიმართულებით ლიეტუვა ჩვენთვის ღირებული მაგალითია. თვითმმართველობების დემოკრატიის განვითარება საქართველოს ცვლილების სხვა ეტაპი იქნება და ლიეტუვასთან თანამშრომლობა ჩვენ ისევ დაგვაახლოვებს.
  •  
  • თქვენი საქმიანობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მხოლოდ დაიწყო. რა დავალებები წამოწიეთ წინ ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?
  •  
  • საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება, როგორც უკვე ვახსენე, არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეფექტური გზის არჩევა. არ არის საკმარისი მხოლოდ ვამბობდეთ, „ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრები! ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრები!“, საჭიროა განვიცადოთ ჭეშმარიტი პროგრესი ამ გზაზე. თუნდაც მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ჩვენთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები არ იქნება უმალ მიღებული. მეორე პრიორიტეტი საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხია. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და არ შეგვიძლია პირდაპირ გვქონდეს გავლენა ამ პრობლემაზე, თუმცა, ვახორციელებთ აქტიურ პირდაპირ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რომელიც ოკუპაციის ხაზის იქით ცხოვრობს. ვაკეთებთ ყველაფერს, რათა არ დავკარგოთ კავშირი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამასთანავე, ვცდილობთ რაც შეიძლება აქტიურად ჩავრთოთ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები რუსეთთან უმაღლესი დონის პოლიტიკურ დიალოგში. ამ პრობლემის მოგვარების მიზნით შექმნილი ფორმატები  ტექნიკურ დონემდე ჩამოვიდა და ახლა, ზოგჯერ შედეგიანია, ზოგჯერ არა. რიგ შემთხვევებში მათი დახმარებით კონკრეტული საკითხების გადაჭრა არის შესაძლებელი, თუმცა, არსობრივად პრობლემის ამ გზით გადაჭრა შეუძლებელია. რუსეთი ამჟამად ნამდვილად არ არის მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამიტომ ვცდილობთ, რომ საერთაშორისო ზეწოლა შენარჩუნდეს. ის, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა არ ფიქრობს არანაირი გადაწყვეტილების მიღებაზე, არ ნიშნავს, რომ მას მუდმივად არ უნდა ვახსენებდეთ აღებულ ვალდებულებებს. თუ მას სურს, რომ რუსეთი იყოს საერთაშორისო  საზოგადოების წევრი, მან პატივი უნდა სცეს ამ საზოგადოების პრინციპებს. ოკუპირებული ტერიტორიები დიდი გამოწვევა და ტრაგედიაა, რომელსაც ქართველები ყოველ დღე გრძნობენ. თუმცა, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ასეთ გარემოში ცხოვრება, იმის მიუხედავად, რომ რუსეთი საკუთარი ქმედებებით სწორედ ამისკენ იღწვის, მთავარია საქართველომ არ გადაუხვიო იმ მნიშვნელოვან მიზანს, რომელსაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ჰქვია. თანმიმდევრობით მივყვებით ამ მიზანს და წინ მივიწევთ: პარტნიორობიდან ასოცირების ხელშეკრულებამდე, ასოცირების ხელშეკრულებიდან  ვიზა ლიბერალიზაციამდე. ამ მიმართულებით რუსეთის პოლიტიკა წარუმატებელი იყო.
  • ოკუპირებული ტერიტორიები ერთმნიშვნელოვნად მტკივნეული და უმძიმესი პრობლემაა საქართველოსთვის. რა არის სხვა დიდი გამოწვევები, რომელთა წინაშეც, თქვენი აზრით, დღეს საქართველო დგას?
  •  
  • სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. პროგრესი გვაქვს საგარეო პოლიტიკასა და შიდა რეფორმების პროცესში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, საქართველოს საზოგადოების ნაწილი არ გრძნობს ამ პროგრესის შედეგს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს უმოკლეს დროში უნდა შეიცვალოს, მოსახლეობამ უნდა იგრძნოს, რომ საერთო ეკონომიკის ზრდა ნიშნავს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. უმუშევრობა და სხვა სოციალური პრობლემები პირდაპირ აისახება ხალხის საერთო განწყობაზე. ეს პრობლემა მოკლე და გრძელვადიანი რეფორმების პარალელურად უნდა აღმოვფხვრათ. აქ ჩვენ ასევე გვესაჭიროება ევროკავშირის დახმარება. გვესმის, რომ ევროკავშირის უახლოესი ნაბიჯი არ იქნება ჩვენი გაერთიანებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, ამიტომ გვინდა სიცხადე, თუ როგორი უნდა იყოს შემდეგი ეტაპი. ეს რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს, როდესაც შედგება ახალი ევროპარლამენტი და ევროკომისია. ევროკავშირისგან მეტს ველით, ეს შეიძლება იყოს დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ევროკავშირისკენ.
  •  
„ჩვენ ორმხრივ ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრისას, ვიტყოდი, რომ ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის, თუმცა, მეტად გაღრმავდეს.“
  • ესმის თუ არა საქართველოს მოსახლეობას, რომ ევროკავშირში წევრობა არ ნიშნავს ყველა სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემის მოგვარებას? ლიეტუვა უკვე დიდი ხანია არის ევროკავშირის წევრი, თუმცა, დღეს სიღარიბეში ლიეტუვის მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს.
  •  
  • მოსახლეობა ასე ნამდვილად არ ფიქრობს და არ მოელის, რომ ევროკავშირი მათ ყველა პრობლემას გადაწყვეტს. არავინ ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ უცებ გავხდებით მდიდრები და ყველა მხრივ უკეთესები. კარგად გვესმის, რომ ეს ტვირთი საქართველოს მთავრობის მხრებზეა. რა თქმა უნდა, ევროკავშირის გარკვეული ინსტრუმენტები შესაძლოა დაეხმაროს ჩვენ მთავრობას და მისცეს მას საშუალება გადაჭრას მტკივნეული/მგრძნობიარე პრობლემები. ამიტომაც ვიღწვით ინტეგრაციისკენ და სწორედ ამიტომ უჭერს მას მხარს მოსახლეობის უმრავლესობა. ქვეყანაში არსებულმა პრობლემებმა არ შეაშინა ხალხი და არ დათესა ქვეყნის არჩევანის მიმართ იმედგაცრუება. რამდენიმე ქვეყანაში ასე მოხდა, თუმცა, არა საქართველოში.
  •  
  • ლიეტუვაში მისი დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულის წინა დღით იმყოფებით.  ხომ არ გსურთ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენ მკითხველს მიმართოთ?
  •  
  • უდავოდ. მსურს ვთქვა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა ორჯერ აღადგინეს საკუთარი დამოუკიდებლობა. ორჯერვე ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყვნენ და მზაობას გამოთქვამდნენ ერთმანეთის დასახმარებლად. 1918 წელს ლიეტუვა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობა გახსნა. გასულ წელს, პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე თბილისში იმყოფებოდა, რათა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის ასი წლისთავი მიელოცა. მან რამდენიმე სიტყვა ქართულადაც თქვა და ეს ჩემს ქვეყანაში დღემდე ყველას ახსოვს. იმის მიუხედავად, რომ ბალტიასა და კავკასიას დიდი მანძილი აშორებს, ჩვენ ერთნაირად გვესმის დამოუკიდებლობის ფასი და ერთნაირად ვაფასებთ მას. ლიეტუველებს და ქართველებს ესმით, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ომი და ის, რომ თავისუფლება სამუდამოდ არ მოიპოვება, ჩვენ ვალდებული ვართ თავისუფლება, ენა და იდენტობა მუდამ დავიცვათ. ლიეტუვას და საქართველოს მეზობლად ერთი და იგივე იმპერია ჰყავს, რომელიც საკუთარ ექსპანსიურ ამბიციებზე უარს არ ამბობს.

 

Salomė Zurabišvili: Lietuva ir Sakartvelas turi nuolat ginti savo laisvę ir tapatybę