საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ საერთაშორისო მაუწყებელთან “დოიჩე ველე”

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ საერთაშორისო მაუწყებელთან “დოიჩე ველე”

  • ჩემს წინაშეა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბატონო პრეზიდენტო, მოგესალმებით გადაცემაში და გმადლობთ, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რა არის საქართველოს სტრატეგია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით?
ოკუპაცია იყო ისტორიული უსამართლობა და ერთგვარი სასჯელი იმისათვის, რაც ჩემმა ქვეყანამ გააკეთა – ქვეყანამ, რომელიც ემსახურება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის იდეებს. ნება მომეცით მაყურებელს, რომელმაც შესაძლოა, არ იცოდეს დეტალები, მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ ტერიტორიების რეალური ოკუპაცია 2008  წელს დაწყებულა, როდესაც რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.
ოკუპაცია, რეალურად, დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის დაწყებისთანავე, დაახლოებით 26 წლის წინ, მაშინ, როდესაც საქართველომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა და აირჩია დამოუკიდებლობის გზა.
90-იანი წლების დასაწყისში, თავიდანვე, მოხდა ის, რასაც ჩვენ ახლა ვუწოდებთ და განვსაზღვრავთ, როგორც ჰიბრიდულ ომს. მოხდა ის, რაც ახლა ძალიან ნაცნობია ევროპული აუდიტორიისთვის, ის, რაც ხდება აღმოსავლეთ უკრაინაში – ჰიბრიდული ომი, სადაც ფიგურირებს რუსეთის სამხედრო ინტერესი და მხარდაჭერა არა რეგულარული სამხედრო ძალებით, არამედ ჰიბრიდული ომის სახით. შესაბამისად, ეს რეგიონების ოკუპირებულია 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული.
2008 წელს ეს პროცესი გაგრძელდა რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალების შემოსვლით ამ რეგიონების ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათი ოკუპაციით და ორ კვირაში ამ, ეგრეთ წოდებული სახელმწიფოების დამოუკიდებლობის გამოცხადებით.
  • ჩემი კითხვა შემდგომში მდგომარეობსრას აკეთებს საქართველო, რა არის საქართველოს სტრატეგია, კონკრეტულად რას აკეთებთ, რათა აღადგინოთ ტერიტორიული  მთლიანობა და მოახდინოთ ამ ტერიტორიების საქართველოსთან რეინტეგრაცია.
პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი და მომთმენი. ალბათ, ისიც ნაცნობია ევროპული აუდიტორიისთვის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს რუსეთთან.
რუსეთს აქვს განვითარების პერიოდები, განვითარების აგრესიული პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ, შეიძლება ითქვას, უფრო კონსტრუქციულია. რა უნდა გააკეთოს ნებისმიერმა იმ ქვეყანამ, განსაკუთრებით ამ პრობლემატურ სამეზობლოში, რომელსაც საქმე აქვს რუსეთთან? ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა არ წამოვეგოთ ნებისმიერი სახის პროვოკაციაზე და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელსაც გააჩნია უზარმაზარი სამხედრო და ბირთვული ძალა. ფრთხილად ყოფნა ძალიან ყურადღებით ყოფნას ნიშნავს. იმისათვის, რომ არ აღმოვჩნდეთ რაიმე სახის კონფლიქტში რუსეთის ფედერაციასთან.
  • აქვს თუ არა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ ტერიტორიების რეინტეგრაციის სტრატეგია. თქვენ, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, გაქვთ, თუ არა მიზნად დასახული ამ ტერიტორიების დაბრუნება. ყველამ იცის, რომ ეს ტერიტორიები კონტროლდება რუსეთის მიერ, მაგრამ რეალურად, მათ დასაბრუნებლად, თქვენ არაფრის გაკეთება შეგიძლიათ.
პირველ რიგში, ნება მომეცით, გიპასუხოთ. ეს არის ის, რაც მე პირველ სტადიად ვახსენე. ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ ისტორიულ მომენტს, როდესაც შესაძლებელი იქნება სახელმწიფოებრიობის რეინტეგრაცია, სუვერენიტეტის რეინტეგრაცია.
  • რას გულისხმობთ ისტორიულ მომენტში?
ისტორიული მომენტში ვგულისხმობ, მაგალითად, ბერლინის კედლის დანგრევას. ჩემი აზრით, ზუსტად მიგითითებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ისტორიული მომენტი. მომენტს, როდესაც გაჩნდება ევროპაში ხელოვნურად შექმნილი კედლების ნგრევის შესაძლებლობა. ჩვენს მიწაზე არსებული ეს მავთულხლართები არის ბერლინის კედლის ზუსტი ანალოგი – ანალოგი იმისა, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ქალაქის ცენტრში აღმართულ ბერლინის კედელს. სანამ ამდაგვარი მომენტი დადგება, საჭიროა მორალის შენარჩუნება. საჭიროა სახელმწიფოს განვითარება, რათა ის უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდეს. საჭიროა პირადი კავშირების დამყარება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოქალაქეებთან. საჭიროა მათი ინტეგრაცია სოციალურ პროცესებში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. და, საჭიროა იმგვარი სტაბილურობის შექმნა, რომელიც ამ ისტორიული მომენტის დადგომისთანავე ამოქმედდება.
  • ბატონო პრეზიდენტო, როდესაც ბერლინის კედელზე საუბრობთ, თქვენ ისტორიაზე მიუთითებთ. თანამედროვე სიტუაციაზე თუ ვისაუბრებთ, გულისხმობთ თუ არა, რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის დაცემას?
ვამჯობინებ, არ დავკონკრეტდე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩემთვის ეს ნიშნავს მომენტს, როდესაც რუსული პოლიტიკური ელიტა მზად იქნება არა სლოგანებით, რიტორიკულად, აგრესიული დეკლარაციებით ისაუბროს, არამედ მზად იქნება, მესაუბროს რუსეთის მოქალაქეებსა და მათ ინტერესებზე. რა არის მათი ინტერესი? როგორ ხედავენ თავიანთ მომავალს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ფონზე. ურთიერთობების ფონზე, რომლებმაც შედეგად უნდა გამოიღოს უფრო მეტი კეთილდღეობა და რუსეთის მოქალაქეებს მისცეს უკეთესი
  • ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის, რაც მოხდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც მოხდა ყირიმში, როდესაც 2014 წელს რუსეთმა მოახდინა მისი ანექსია. იზიარებთ, თუ არა მოსაზრებას, რომ ეს ორი შემთხვევა განსხვავებულია, თუ თვლით, რომ ერთნაირი სიტუციებთან გვაქვს საქმე?
არ ვიცი კონკრეტული დეტალები, რითაც ისინი განსხვავდება, მაგრამ, შემიძლია..
  • თქვენი მოსაზრება მაინტერესებს...
მე შემიძლია, გითხრათ, რომ იმის მერე, რაც საქართველოში მოხდა 2008 წელს,   ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებისგან მივიღეთ საკმაოდ მძლავრი მხარდაჭერა, და ნება მომეცით ვახსენო, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, მაგრამ თუ 2008 წლის მოვლენებს, რუსეთისათვის გაცემული პასუხის სიმკაცრეს და იმას გავიხსენებთ, თუ როგორი საპასუხო რეაქცია მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ საკითხებს, თუ როგორ განიხილებოდა ეს მოვლენები ისტორიულ უსამართლობად, რაც დაუყოვნებლივ უნდა დამთავრებულიყო, ვფიქრობ, არც ერთი ჩვენგანი არ ყოფილა საკმარისად აქტიური. ყველანი ძალიან აქტიურები რომ ვყოფილიყავით, 2008 წელს რომ გვეთქვა ძალიან მტკიცე „არა“ იმასთან დაკავშრებით, რაც ნათლად განიმარტებოდა, როგორც მეზობლებთან დაკავშირებით რუსეთის პრივილეგირებულ ინტერესზე დაფუძნებული პოლიტიკა, მაშინ ყირიმის მოვლენები არ მოხდებოდა. არ მივიღებდით სამხრეთ უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას.
  • გულისხმობთ, რომ რეაქცია არასაკმარისად მკაცრი იყო?
დანამდვილებით. უფრო მტკიცე უნდა ყოფილიყო. თუ 2014 წელს გადავავლებთ თვალს...
  • კი მაგრამ, ბატონო პრეზიდენტო, მე გკითხეთ, ეს ორი შემთხვევა ერთნაირია, თუ განსხვავებული...
არსებობს ძალიან ბევრი მსგავსება, მაგრამ არის ასევე განსხვავებები, რაც მდგომარეობს იმაში, რომ მათ ყირიმი რუსეთის ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადეს. ეს, რა თქმა უნდა, უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული არ ყოფილა მაგალითი იმისა, რომ ერთ სახელმწიფოს საზღვრები შეეცვალა სამხედრო ღონისძიებების გამოყენებით. რა თქმა უნდა, იყო ადგილობრივი კონფლიქტები, მაგრამ არც ერთი მათგანის დროს არ მომხდარა ისე, რომ სახელმწიფოს სტატუსი შეცვლილიყო და გამხდარიყო იმ ქვეყნის ნაწილი, რომელმაც მის ტერიტორიაზე სამხედრო ძალა შეიყვანა. ასეთი რამ არ მომხდარა. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს განსხვავებები, მაგრამ ზოგადი მოქმედი კონტექსტი ერთი და იგივეა. ნება მომეცით გითხრათ. ეს არ არის საიდუმლო. ეს ის საკითხია, რომელზეც რუსი პოლიტიკოსები 2010 წლიდან მოყოლებული აშკარად და პირდაპირ საუბრობენ. ეს არის რუსეთის სამეზობლოში მისი პრივილეგირებული ინტერესის პოლიტიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რუსეთის სამეზობლოში რაიმე სახის სირთულეებს ვაწყდებით, რუსეთი აცხადებს მისი უფლების შესახებ, იმოქმედოს ამ ადგილებში ძლიერი სამხედრო ძალის გამოყენებით.
ეს არის კრემლის მიერ დეკლარირებული პოლიტიკა. ამ მხრივ, ეს ორი შემთხვევა ერთნაირია. ამასთანავე, ეს არის მოქმედი პოლიტიკა. ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება რუსეთის სამეზობლოს სხვა ადგილებში. სხვათა შორის, რუსეთს აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი მსოფლიოში. ალბათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რამდენი პოტენციური პრობლემა შეიძლება წარმოიქმნას ამის გამო.
  • ბატონო პრეზიდენტო, რა სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო საქართველომ, როგორც ქვეყანამდაუახლოვდეს ევროკავშირს და მათ ცხოვრებას, თუ გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან?
 რუსეთთან მიმართებით ჩვენ ველოდებით მომენტს, როდესაც შევძლებთ, დავსხდეთ რუს პოლიტიკოსებთან ერთად და ვისაუბროთ მომავალზე. ვისაუბროთ იმაზე, თუ რა სარგებელს ნახავენ საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები საქართველო-რუსეთის თანამშრომლობიდან.
მაგრამ მე არ ვეთანხმები იმას, რომ ევროკავშირთან ან ნატოსთან თანამშრომლობა რუსეთის საგარეო პოლიტიკური ინტერესებზე იერიშის მიტანას გულისხმობს. არ ვეთანხმები ამას. 10 წლის ან კიდევ უფრო ნაკლები – 7 წლის წინ, რუსეთსა და ნატოს შორის ძალიან ინტენსიური ფორმატი არსებობდა. რუსეთს, როგორც ქვეყანას, უზარმაზარი ინვესტიციები აქვს ევროპაში და მჭიდროდ თანამშრომლობს მასთან. რუსეთი ევროპის ენერგეტიკული პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ეს ხომ რეალობაა, რომ ევროპასთან კონფრონტაციის გამო რუსეთი, სულ მცირე, ეკონომიკურად მაინც ზიანდება? პოლიტიკურ ზიანზე საუბარიც ზედმეტია. რა პრობლემები შეიძლებოდა რუსეთს შექმნოდა ევროპასთან თანამშრომლობის გამო?
  • მე არ ვსაუბრობ რუსეთზე, მე საქართველოზე ვლაპარაკობ. როგორია თქვენი სტრატეგიაევროკავშირთან თანამშრომლობა, თუ რუსეთთან?
ჩვენ ყველა ჩვენს მეზობელთან ვთანამშრომლობთ. საქართველოს გეოპოლიტიკური იდენტობა და როლი მოიცავს აქტიურ თანამშრომლობაზე დამყარებულ პროექტებს. ჩვენს გეოპოლიტიკურ როლს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ბაზრების დაკავშირებაში და კომუნიკაციის დამყარებაში ვხედავთ. ჩვენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, თუგინდ კულტურული თანამშრომლობის დამყარების პროცესის აქტიური მონაწილეები ვართ. რუსეთთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ ვითანამშრომლებთ. მაგრამ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი – რუსეთმა უნდა გაითავისოს რეალობა, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენს მომავალს ჩვენ თავად ავაშენებთ იმის და მიხედვით, თუ რას ჩავთვლით სწორად და რას – არა.
  • ბატონო პრეზიდენტო, შეიცვალა თუ არა რუსეთთან დაკავშირებული სტრატეგია მიხეილ სააკაშვილის, თქვენი წინამორბედის, შემდგომ?
არ ვთვლი, რომ საჭიროა დეტალურად იმის აღწერა, თუ რა არის ჩვენი, თუ ჩემი, პოლიტიკა და ამგვარად დავუპირისპირდე მიხეილ სააკაშვილს.
ვგულისხმობ იმას, გაქვთ თუ არა უფრო რბილი დამოკიდებულება რუსეთთან.
ჩვენ გვაქვს ფრთხილი, თავშეკავებული დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ, არასოდეს დაგვივიწყებია პრინციპები და მთავარი იდეა, რომ საქართველო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, არჩეული აქვს ევროპული და ევროატლანტიკური გეზი. საქართველო ავითარებს სახელმწიფოებრიობას და საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ეს პრინციპები არასოდეს დარღვეულა. მაგრამ, არ დავიწყებ პოლიტიკის დეტალურ შედარებას. ჩვენ ძალიან ვფრთხილობთ რუსეთთან ურთიერთობაში. სწორი პოლიტიკაა, იყო ძალიან ფრთხილი, როდესაც საქმე გაქვს აგრესიულ, ბირთვული ძალის მქონე მეზობელთან. ეს ხომ აშკარაა.
  • როგორია პუტინის იმიჯი საქართველოში.
არ მგონია, იმის აღწერა დავიწყო, თუ როგორია პუტინის იმიჯი.
  • მაინტერესებს იმიტომ, რომ ვიცი, ხალხს აქვს წვდომა ყველა რუსულ ტელეარხებზე.
დიახ, მართალი ბრძანდებით – ჩვენ გვაქვს წვდომა რუსულ არხებზე. ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად თავისუფალი მედია გარემო. გამოხატვის თავისუფლების, საკუთარი თავის იდენტიფიკაციის თვალსაზრისით საქართველო დემოკრატიულად ბევრად უფრო განვითარებულია.
ქართველებს აქვთ არჩევანი იმისა, თუ როგორ გამოხატონ საკუთარი აზრი. ინტერვიუს დაწყებამდე მე თქვენ გიყვებოდით, რომ თვალს ვადევნებ რუსულ მედიას, როგორც პოპულარულს, ასევე ნაკლებად პოპულარულს. ჩვენ გვაქვს ეს წვდომა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპას ვირჩევდით.
საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი შემადგენლობა, საქართველოს ძირითადი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, დამოუკიდებლობის მიღების მომენტიდან ნებისმიერი ფორმის დაწესებულება, რაც კი გვქონია, ასე თუ ისე, თავისუფლებისაკენ მიმართული იყო და ირჩევდა ევროპულ გზას. მაგრამ, ამასთანავე, ჩვენი მოსახლეობა მხარს უჭერს რუსეთთან არსებული სიტუაციის დარეგულირებას.
  • მე დაგისვით შეკითხვა პუტინის იმიჯთან დაკავშირებით. რამდენადაც ვხვდები, არ გსურთ ამაზე საუბარი.
დიახ, არ მსურს ამაზე ლაპარაკი.
  • როგორია თქვენი პირადი დამოკიდებულება?
არც ამაზე მსურს საუბარი. როგორი უნდა იყოს ერთი პრეზიდენტის პირადი დამოკიდებულება მეორის მიმართ?! მე არ მაქვს პირადი დამოკიდებულება. მე მაქვს სახელმწიფო ინტერესი და არა პირადი დამოკიდებულება. ჩვენ არ გვაქვს პირადი ურთიერთობები. ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფოსა და რუსული სახელმწიფოს ინტერესები.
  • თქვენ საუბრობდით მედიის თავისუფლებაზე საქართველოში და საქართველოში განვითარებულ დემოკრატიაზე, მაგრამ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება განიცდის ზეწოლას და რომ სახელმწიფოს სურს, წამყვანი მედია საშუალებების გაკონტროლება. ნიშნავს, თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკან იწევს დემოკრატიისგან?
არა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც საქმე მედიას ეხება.
  • რას გულისხმობთ? პუტინიც ასე ამბობს და შესაბამისად, ყველა მედიასაშუალების გასაღები ჯიბეში უდევს, თქვენც იმავეს ფიქრობთ?
არა, არა. მგონი, ვერ გამიგეთ. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როდესაც საქმე მედიის დაცვას ეხება. მე ეს ვთქვი. ჩვენ დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, როდესაც საქმე აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დაცვას ეხება. თქვენ რომ გარკვეული წუხილის არსებობა ახსენეთ, მე თავადაც არაერთხელ გამომიხატავს მსგავსი წუხილი.
იმ მომენტებში, როდესაც მე მქონდა განცდა, რომ გარკვეული ადმინისტრაციული რესურსები იხარჯებოდა მედიის გასაკონტროლებლად, ჩემს აზრს ძალიან ღიად ვაფიქსირებდი. ასე ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა უნდა დაიცვას მედია.
ანუ ზეწოლა არ ხორციელდება?
მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ქვეყანა, სადაც არ არსებობს ზეწოლის მცდელობები, თუ ამ საკითხებს დიდი ყურადღება არ ეთმობა. მთელს მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიებშიც, თუ საზოგადოება არ არის ყურადღებით და არ არის მზად, დაიცვას ჟურნალისტები, არ არის მზად დაიცვას ალტერნატიული პოზიცია, თუ საზოგადოება არ არის მზად ხმა აიმაღლოს მაშინ, როდესაც ძალაუფლების მქონე ადამიანები სხვადასხვა მეთოდებით, იქნება ეს ფინანსების თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ცდილობენ, ზეწოლა მოახდინოს მედიაზე, პრობლემები ყველგან შეიქმნება. ზუსტად ამას ვამბობ, რომ იყო გარკვეული სირთულეები, რაზეც ხალხმა მოახდინა ძალიან აქტიური რეაგირება. ეს განსაკუთრებით ჟურნალისტებს ეხება.
  • თქვენს კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. რატომ გაქვთ მსგავსი ჩანაწერი კონსტიტუციაში?
ეს უნდა ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩანაწერი გააკეთეს.  
  • კი, მაგრამ, როგორია თქვენი პირადი მოსაზრება? თქვენ ხართ კონსტიტუციის აღსრულების გარანტი. როგორია თქვენი შეფასება?
ერთი წლის წინ იყო მცდელობა, რომ ეს საკითხი რეფერენდუმის ჩატარების გზით გადაჭრილიყო. კონსტიტუციის თანახმად, მე უნდა გადამეწყვიტა, გვინდოდა რეფერენდუმის ჩატარება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ არა. მე ძალიან ბუნდოვნად ვთქვი, რომ არ გვინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება და რომ არ იყო აუცილებელი ამ საკითხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესით მოგვარება.  ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვასთან დაკავშირებით. მე კონსტიტუციის დამცველი ვარ, მაგრამ არ ვარ მისი ავტორი. სხვათა შორის, სულ რაღაც ერთი კვირის წინ მე კონსტიტუციას ვეტო დავადე, რომელიც პარლამენტმა დაძლია.
  • ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ნამდვილი ძალაუფლება საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელშია კონცენტრირებული. ეს მართალია?
ვფიქრობ, თქვენ ეს უნდა განიხილოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც, ივარაუდება, რომ მისი გავლენის ქვეშ არიან.
  • ვინ არის მოქცეული მისი გავლენის ქვეშ?
როგორც ჟურნალისტმა, თქვენ ეს უნდა გამოიკვლიოთ.
  • ვვარაუდობ, რომ ისინი მე არ დამელაპარაკებიან.
თქვენ ახლა ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც ნულოვანი კონტაქტი აქვს ივანიშვილთან მას მერე, რაც მე პრეზიდენტი გავხდი – რეალურად, 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული. მე გადაწყვეტილებებს ვიღებდი ჩემს პოლიტიკურ ფასეულობებზე დაყრდნობით.
  • რეალურად, არის თუ არა ის ძალაუფლების მქონე ფიგურა პოლიტიკური თვალსაზრისით?
თქვენ ეს უნდა განიხილოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც ივარაუდება, რომ თვლიან მას გავლენიან პიროვნებად.
  • ანუ, თქვენ ამ გავლენას ვერ გრძნობთ?
ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ ჩემს შეგრძნებებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ჩემს გადაწყვეტილებებზე. ჩემი გადაწყვეტილებები, მას მერე რაც პრეზიდენტად ამირჩიეს, არასოდეს ყოფილა ნაკარნახები ან განსაზღვრული ამ კომუნიკაციით, გამომდინარე იქიდან, რომ არავითარი კონტაქტი არ გვქონია.
  • სავარაუდოდ, თქვენ თვალს ადევნებთ თქვენი წინამორბედის, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტიკურ კარიერას უკრაინაში. თქვენი აზრით და შეფასებით, რა პოლიტიკური პერსპექტივები აქვს მას უკრაინაში?
არ მგონია, ამაზე კომენტარი გავაკეთო და, ნება მომეცით, აგიხსნათ, თუ რატომ. უპირველეს ყოვლისა, უკრაინა არის დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო. არ მგონია სწორი, ჩავერიო უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.
უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სახელმწიფო, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ისეთივე მწარე გამოცდილება აქვს, როგორიც საქართველოს. ძალიან მეგობრული სახელმწიფოა და მე, როდესაც ვლაპარაკობ როგორც პრეზიდენტი, და არა როგორც მოქალაქე, რომელსაც, ამასთან დაკავშირებით, აქვს პირადი მოსაზრებები და გრძნობები, ვთვლი, არ უნდა ჩავერთო ამ დისკუსიაში. ვუსურვებ უკრაინას, გააძლიეროს დემოკრატია, გაამყაროს მის მიერ არჩეული ევროატლანტიკური გეზი. ვუსურვებ უკრაინას, რომ უკრაინელი პოლიტიკოსები აქტიურად ემსახურებოდნენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს.
  • მაშინ, მოდით, ვილაპარაკოთ მიხეილ სააკაშვილის, თქვენი წინამორბედის, პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და დანატოვარზე აქ, საქართველოში. როგორია მისი წვლილი?
ისევე, როგორც ყველა პრეზიდენტს, მასაც ჰქონდა გარკვეული მიღწევებიც და შეცდომებიც. ისევე, როგორც ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს, მასაც აქვს პოზიტიური და ნეგატიური მემკვიდრეობა. სიმართლე რომ გითხრათ, მე წარსულზე ბევრს არ ვსაუბრობ. მირჩევნია, მომავალზე ვილაპარაკო.
  • მაშინ, მომავალზე ვილაპარაკოთ. რა გეგმები გაქვთ 2018 წელთან დაკავშირებით? აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროთ?
როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩავატარებ ოფიციალურ პრეზენტაციას და საზოგადოებას გავაცნობ ამ გადაწყვეტილების შესახებ.
  • ანუ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგიღიათ?
არა. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, და როდესაც ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღება, თქვენ იცით, როგორ ხდება მათი გამოცხადება საზოგადოებისა და აუდიტორიისთვის. შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებას მივიღებ, აუცილებლად იმაზეც საფუძვლიანად დავფიქრდები, თუ როგორ მოვახდინო მისი მიწოდება საზოგადოებისათვის. 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ საერთაშორისო მაუწყებელთან “დოიჩე ველე”