მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან

საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ Le Figaro-სთან

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ყოფილი ფრანგი დიპლომატი სამშაბათს, დილით, პრეზიდენტ მაკრონს შეხვდა, რათა ეთხოვა „მეტი ევროპა საქართველოში“

ლე ფიგარო:  - თქვენი კარიერა ნამდვილ ზღაპარს გავს,  დაიბადეთ საქართველოდან კომუნისტების მიერ დევნილი ქართველი ემიგრანტების ოჯახში, შემდეგ კი თქვენი წინაპრების ქვეყანაში დაბრუნდით, როგორც საფრანგეთის ელჩი. შემდეგ გახდით მინისტრი და ბოლოს, პრეზიდენტი... ხომ არ არის ეს  გიგანტური გამოწვევა?

სალომე ზურაბიშვილი : - ეს ერთსა და იმავე დროს არის ბედნიერებაც, გამოწვევაც და ბედისწერაც. მე მორწმუნე ვარ და მგონია, რომ რაღაცები მთლად შემთხვევით არ ხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ორივე ქვეყნის სამსახურში უნდა ვყოფილიყავი. მრავალი წლის განმავლობაში ვემსახურე საფრანგეთს, შემდეგ კი, ვისურვე, იმ ქვეყნის სამსახურში ჩავმდგარიყავი, რომელიც ჩემმა მშობლებმა და მათმა მშობლებმა დატოვეს და რომელსაც, დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, დახმარება ყოველი მხრიდან ესაჭიროებოდა.


- თქვენი მინისტრობის პერიოდში, (საქართველოში) თავს „უცხოდ“ გრძნობდით. გაეცანით კლანურ, პოსტკომუნისტურ კულტურას, რომელიც სავსე იყო მახეებით. არის თუ არა დღესაც იგივე მდგომარეობა?

- საქართველო შეიცვალა, თუმცა კვლავ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენ მოსახდენი დაგვრჩა ბოლო - ცნობიერების რევოლუცია. ქართული ბიუროკრატიის ძირითადი პრობლემა ინიციატივის ნაკლებობა და პასუხისმგებლობის შიშია. ეს ნაკლებად ეხება კერძო სექტორს, რომელიც დინამიური და თითქმის გაევროპელებულია, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული სექტორი კვლავ მძიმეა. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ საჯარო სამსახურის დასაცავად ისეთი კანონები დავნერგეთ, რომელთაგან გათავისუფლება საფრანგეთსაც კი სურს! მაგალითად: მე ვალდებული ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დავტოვო ძველი თანამშრომლები, მაშინ, როდესაც ჩემი გუნდი მჭირდება!

- ხომ არ ამცირებს ეს თქვენი მოქმედების არეალს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებათა შემცირებით, ისედაც შეიზღუდა?

- მართალია, რომ პრეზიდენტმა ბევრი პრეროგატივა დაკარგა. ჩვენ ახლა საპარლამენტო მმართველობის მოდელი გვაქვს. მაგრამ პრეზიდენტი არჩეულია საყოველთაო არჩევნების გზით, ექვსი წლით და მას აქვს დიდი თავისუფლება და მოქმედების ძალიან დიდი სივრცე, რომელსაც სამთავრობო პოლიტიკა არ ფარავს : საზოგადოების განვითარება, კულტურა, გარემო, თავისუფლებათა დაცვა, „fake news“-ების საკითხი, ქართული ემიგრაცია. ჩემს  პრეროგატივათა რიცხვშია აფხაზური ენის დაცვა, რაც, რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციისა და მზარდი ზეწოლის გამო, ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია.
 
- რუსეთი ვახსენეთ... თქვენ ბრალი დაგდეს იმაში, რომ ხართ რუსეთთან ძალიან დაახლოებული, ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი ხართ და მასთან შეთანხმება დადეთ და სული მიყიდეთ.

- მე არავითარი შეთანხმება არ დამიდია. ჩემი კანდიდატურა დამოუკიდებლად წარმოვადგინე და უმრავლესობის პარტია დაახლოებით ერთი თვე განიხილავდა ჩემი მხარდაჭერის საკითხს... მე არც ივანიშვილთან და არც ვინმე სხვასთან დამიდია წინასწარი შეთანხმება. თანაც, სიმართლე არ არის, რომ ივანიშვილი რუსეთის წყალქვეშა ხომალდია. ის უდავოდ მნიშვნელოვანია. მან დააფინანსა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დიდი რეფორმები, კონკრეტულად კი, არმიისა და პოლიციის რეფორმები. შემდეგ კი პოლიტიკაში ჩაერთო. მაგრამ, 2012 წლიდან მოყოლებული, სააკაშვილის შემთხვევისაგან განსხვავებით, ივანიშვილის შემთხვევაში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ის პრორუსულია. სააკაშვილმა რუსეთს მიჰყიდა ქვეყნის დიდი სტრატეგიული ობიექტები, ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მიმართულებით. (ახლა კი) ევროპა  საქართველოსთვის გახდა  თურქეთსა და რუსეთზე უფრო მნიშვნელოვანი ძირითადი პარტნიორი.
 
- როგორია ურთიერთობა თქვენთვის კარგად ნაცნობ რუსეთთან?

- გაყინული. ვარდების რევოლუციის შემდეგ, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მე გამოვიყენე რუსეთის სამხედრო ბაზების გასაყვანად. დღეს ხელსაყრელი შესაძლებლობები არ არსებობს, იმიტომ, რომ დღევანდელი რუსეთი და პუტინი იგივე აღარაა, რაც მაშინ. ჩვენ საოკუპაციო ხაზთან მუდმივად ეწყობა პროვოკაციები. ხან მოსახლეობას იტაცებენ, ხან რუსული სამხედროები მოიწევენ ჩვენს ტერიტორიებზე, ახალი მავთულხლართებით და საზღვარს ცვლიან. ეს მუდმივად ქმნის საშიშროების განცდას.

- რა არის რუსეთის მიზანი?
 
- რუსეთს, როგორც ნებისმიერ დიდ იმპერიას, კონკრეტული მიზანი ამ საკითხთან დაკავშირებით არ გააჩნია. მას თავისი იმპერიალიზმის ინერტული ძალა ამოძრავებს. არ შეუძლია დათანხმდეს თავისი ტერიტორიის უმცირესი მონაკვეთითაც კი შემცირებას. შეხედეთ, რამდენად დიდია სხვაობა უზარმაზარ რუსეთსა და კურილიას შორის! რუსეთი ეგზისტენციალურად ვერ ახერხებს, რომ აღიაროს რომ ჩვენ მისი მეზობლები ვართ, კონკრეტულ ტერიტორიაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს დომინანტი და ძალიან რთული მეზობელი და რომ რთული გასაგებია, რა მიზნით იწვევს ის ჩვენს დესტაბილიზაციას. ყველაფერი ბუნდოვანია. ეს ბუნდოვანება კი ძალიან გვზღუდავს.
- საქართველოს ევროპისადმი ერთგულება სწორი ხაზია მასთან დასაპირისპირებლად.

- ჩვენ, გარკვეულწილად, ევროპის ენთუზიასტი  უკანასკნელი მოჰიკანები ვართ. ჩვენი 80% ფიქრობს, რომ ერთადერთი შესაძლო გზა ევროპაა. მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ ჩვენ რუსული პროპაგანდა გვიტევს, რომელიც, თავისი ყალბი ახალი ამბებითა და სოციალური ქსელებით, ვერაგ ანტიევროპულ კამპანიას ეწევა. საქართველო წინააღმდეგობას უწევს, იმიტომ, რომ ის ნაწილობრივ იმუნიზებულია პროპაგანდის წინააღმდეგ და, ასევე, იმიტომ, რომ გვაქვს კონკრეტული წინსვლა, პარტნიორობის, ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის გამო. ევროპაში ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით, ნაწილ-ნაწილ უნდა შევიდეთ: ევროპა განათლებაში, კულტურაში, ტრანსპორტში... ყველა იმ მიმართულებით, რომლებშიც მზად ვართ.
 

Salomé Zourabichvili: «Les Géorgiens sont les derniers des Mohicans proeuropéens