მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   ინტერვიუები   ტურიზმი: საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს „ლა კოტიდიენის“ შეკითხვებს

ტურიზმი: საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს „ლა კოტიდიენის“ შეკითხვებს

ემანუელ მაკრონთან  შესახვედრად საფრანგეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანგელა მერკელთან შეხვედრის წინა დღეს გამონახა დრო და მიიღო ევროპულ-ამერიკული კლუბის მიწვევა, რათა გასაუბრებოდა იქ შეკრებილ ჟურნალისტებს. „ლა კოტიდიენიც“ ესწრებოდა ამ შეხვედრას და რამდენიმე შეკითხვა დაუსვა პრეზიდენტს  საქართველოში ტურიზმის თაობაზე.
 
გამორჩეული გზა
საინტერესო იქნება გავიხსენოთ იმ ადამიანის ბრწყინვალე და საოცარი კარიერა, რომელიც ახლახან საქართველოს მეთაურად აირჩიეს. საფრანგეთში ემიგრირებული პოლიტიკური დევნილის ქალიშვილი აქ დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო პარიზში. პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მან წარმატებით გაიარა კონკურსი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით.

მას არაერთი პოსტი ეკავა, როგორც საფრანგეთის დიპლომატს. ერთ მშვენიერ დღესაც ზურაბიშვილი  საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა. ცოტა ხნის შემდეგ  კი საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სთხოვა ჟაკ შირაკს გამოეშვა ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობაში, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრად. პრეზიდენტი შირაკი დათანხმდა, თუმცა დასძინა: „ეს მხოლოდ დროებითი სესხია...“.  ასეთი რამ მართლაც არავის ახსოვს!
ამის შემდეგ ზურაბიშვილი საქართველოს პოლიტიკაში იმკვიდრებს ადგილს. ორმაგ მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ კი, 2018 წლის 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს და ამ ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი ხდება.

ცოტა რამ გეოპოლიტიკის შესახებ
რასაკვირველია, ბევრჯერ დასმულა ძლევამოსილ რუს მეზობელთან საქართველოს ურთიერთობის საკითხი. 2008 წელს რუსეთის არმიის მიერ ორი საზღვრისპირა რეგიონის ანექსიის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირი ოფიციალურად გაწყდა. თუმცა, ქალბატონი პრეზიდენტი თვლის, რომ ეს ტერიტორიები ერთ დღეს აუცილებლად დაუბრუნდება საქართველოს, თუნდაც ამას დიდი დრო დასჭირდეს.  მაგრამ აქვე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოხდეს,  ევროპისა და შეერთებული შტატების დახმარებით.

იმის დასტურად, რომ დაძაბულობა მხოლოდ გეოპოლიტიკურ მხარეს ეხება, პრეზიდენტი გვეუბნება, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობას სწორედ რუსები შეადგენენ. ბევრი შეძლებული რუსი ჩამოდის საქართველოში  ქორწილის გადასახდელად, პუტინის თანამოქალაქეებში საკმაოდ მოდურია სააგარაკო სახლების შეძენა საქართველოში, განსაკუთრებით, შავი ზღვის პირას.
პირადად მე კითხვა მიჩნდება, ხომ არ არის ეს ერთგვარი ხერხი, რომ დაცული იქნეს ეკონომიკა რუსული ადმინისტრაციის ყოველგვარი ჩარევისაგან და იმავდროულად ეს მომგებიანიც იყოს?
 
საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა
ქალბატონმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველო „ქრისტიანული ღირებულებებისა და ტოლერანტობის ქვეყანაა“.  საკმარისია, ცოტა გაიაროთ ქვეყანაში, რათა დარწმუნდეთ მართლმადიდებლური ეკლესიებისა და მონასტრების სიმრავლეში. ეს ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობის დიდი სფეროა, თუმცა მას სხვა მხარეებიც აქვს. საქართველოს ისტორია უხსოვარი დროიდან აითვლება, რომაული ნანგრევები, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები, ოსმალური სახლები და აბანოები. აქ მოიყვანეს მსოფლიოში უძველესი ვაზიც.
ღვინო აქ ისეთივე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, როგორც ჩვენთან, სხვადასხვაგვარი სახეობებითა და ნიადაგებით და წინაპართაგან გადმოცემული დაყენების უძველესი ტრადიციით. 
ჰავა ვენახების ზონაში საკმაოდ თბილია, განედი ნიცის განედს ემთხვევა. ნიადაგი ნოყიერია და  მრავალგვარი ხილისა და ბოსტნეულის  მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელთაგანაც უგემრიელესი სიურპრიზებით სავსე ქართული კერძები მზადდება.

გასტრონომიას აქაც აღიქვამენ, როგორც ხელოვნებას, რომელსაც  ადგილზე წარმოებული ახალთახალი პროდუქტისაგან და თაობების მიერ შემონახული  რეცეპტებით ქმნიან.
სალომე ზურაბიშვილის აზრით საქართველომ უნდა განავითაროს ევროპული ტურიზმი ისე, რომ შეინარჩუნოს ორი ყველაზე ცნობილი ასპექტი: შავი ზღვის პლაჟები და მეღვინეობის რეგიონები, ამავე დროს მან უნდა წარმოაჩინოს თავისი სხვა მიმზიდველი მხარეებიც.

ქვეყნის პოტენციალის გამოყენება  ისეთი აქტივობების განვითარებას უკავშირდება, როგორიცაა სამთო  ლაშქრობები, თხილამურები, კლდეზე ცოცვა და მთის სპორტის სახეობები, თევზაობა (აქ არის კალმახებით სავსე  დიდებული მდინარეები) და მარშრუტების შექმნა ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად.
ამას გარდა, აქ ყველგან გარს გაკრავთ ბუნება უმშვენიერესი პეიზაჟებით, რომლებიც გააოცებს ნებისმიერ მნახველს.
შეუძლებელია ადვილად დაივიწყო სვანეთის მთიანი რეგიონი თავისი კოშკებით. ეს რეგიონი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. თუმცა, ქვეყნის თითოეულ კუთხეს თავისი ხიბლი აქვს.
 
გზის გაჭრა საფრანგეთისკენ
ფრანგი ტურისტებისთვის სასიამოვნო სიახლეა: მარტში გაიხსნება „ერ ფრანსის“ პირდაპირი ავიარეისები  თბილისი-პარიზის მიმართულებით. ეს იქნება ორი რეისი ყოველკვირეულად, გარდა იმ ორი რეისისა, რომელსაც „საქართველოს ავიახაზები“ ახორციელებს. პრეზიდენტის აზრით, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

შეკითხვაზე, თუ რის მიღებას ისურვებდა საფრანგეთის ტურიზმიდან, პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ გვიპასუხა: “ მე ბევრს ველი საფრანგეთისგან და ვუთხარი კიდეც ეს დღეს პრეზიდენტ მაკრონს“. შემდეგ დაამატა, რომ მაკრონის პასუხი ძალიან პოზიტიური იყო.
განხილვის სტადიაშია საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის საკითხი. ამ სტუმრობისას მას შეიძლება ახლდეს ბიზნესმენთა დიდი დელეგაცია, რაც ეკონომიკური კავშირების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ეს კი, თავის მხრივ, მედიის გაშუქების თვალსაზრისით კარგი საშუალება იქნებოდა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოსაჩენად.

საქართველო სტუმართმოყვარე, ევროპული სულის ქვეყანაა ძალიან მდიდარი პოტენციალით, რომელსაც მხოლოდ აღმოჩენა სჭირდება. სასტუმროების დიდი ქსელების მეპატრონეები არ შემცდარან, აქ არაერთი 5- ვარსკვლავიანი სასტუმრო გაკეთდა, რაც საბჭოთა ეპოქის ძველი  სასტუმროების ჩანაცვლების მშვენიერი შესაძლებლობა გახდა.
შეხვედრისას ქალბატონმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მისი კიდევ ერთი სურვილია, რომ ევროპულ დონეზე განვითარდეს ბალნეოლოგიური დაწესებულებები, რომლებიც საბჭოთა პერიოდში ძალიან დატვირთული იყო. ეს შეიძლება მართლაც კარგი შესაძლებლობა იყოს ამ სფეროში მომუშავე რომელიმე ფრანგული კომპანიისთვის.
 
ფრედერიკ დე პოლინი

 

ტურიზმი: საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს  „ლა კოტიდიენის“ შეკითხვებს