მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების წარმოთქმული სადღეგრძელოები ოფიციალურ სადილზე 

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების წარმოთქმული სადღეგრძელოები ოფიციალურ სადილზე 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

პატივცემულო სტუმრებო,

ქალბატონებო და ბატონებო!

ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მსურს მოგესალმოთ აქ, აზერბაიჯანში.

ჩვენ დღეს დილიდან ერთად ვიყავით, გავმართეთ მოლაპარაკება, განვიხილეთ რეგიონალური და ორმხივი ურთიერთობის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხები და გავუზიარეთ ერთმანეთს მოსაზრებები ჩვენი ურთიერთობის  შესახებ.

უნდა აღვნიშნო, რომ გვაქვს საერთო ხედვა და სრული თანხვედრა ყველა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.   

მთავარია, რომ ორივე განწყობილი ვართ აქტიურად განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით.

ჩვენ დღეს გავაანალიზეთ ის, რაც უკვე გაკეთდა და დავსახეთ ურთიერთობის განვითარების გზები.  

უპირველეს ყოვლისა, ეს არის პოლიტიკური თანამშრომლობის გამტკიცება, ერთმანეთის მხარდაჭერა საერთაშორისო სტრუქტურებში, მნიშვნელოვანი გლობალური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შეუქცევადობა - ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო და აზერბაიჯანი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. სწორედ კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა განაპირობებს იმ პროექტების წარმატებით განხორციელებას, რომლებიც უკვე გაცდა რეგიონალურ ჩარჩოს.

დარწმუნებული ვარ, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სფეროებში შემდეგ წლებში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ.

ამას გარდა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები.

მიმაჩნია, რომ ტვირთბრუნვის ზრდისთვის კარგი შესაძლებლობა გვაქვს. საჭიროა უფრო მეტად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნების პოტენციალი და კერძო მეწარმეებს შევუქმნათ კარგი პირობები, რათა მათ შეძლონ ჩვენს ქვეყნებში ნაწარმოები პროდუქციის ექპორტირება ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

საინვესტიციო პროექტები უკვე ხორციელდება და ამ მიმართულებითაც კარგი პერსპექტივა გვაქვს. ვფიქრობ, ინვესტიციების მოცულობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება და ამით უფრო მეტად შევუწყობთ ხელს ჩვენი ეკონომიკების ინტეგრაციას.  

ასე რომ, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, ჰუმანიტარულ თანამშრომლობის თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული ურთიერთგაგება, მკაფიო ხედვა და ურთიერთობის პერსპექტივა.

მთავარია ის, რომ  საქართველო და აზერბაიჯანი დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონალურ საკითხებში. ამის საფუძველი კი ჩვენი ხალხების ურთიერთობაა.

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები მეგობრულად და თანხმობით ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად; ყოველთვის უცხადებდნენ ერთმანეთს თანადგომას, მხარს უჭერდნენ და ასე იქნება მომავალშიც.

ეს ჩვენი მთავარი სიმდიდრეა, რომლის შენარჩუნება შევძელით, მაგრამ მას კიდევ ბევრი უნდა შევმატოთ.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები ხედავენ, რომ ხელმძღვანელებს აქვთ მსგავსი, იდენტური პოზიციები და მხარს უჭერენ ერთმანეთს, მათთვის ეს კარგი ნიშანია ურთერთობის გასამტკიცებლად ყველა დონეზე და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად განვითარებისთვის.

წარმატებული მომვალის უზრუნველყოფა მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაშია შესაძლებელი და ამ საკითხთან დაკავშირებით სრული თანხმობა გვაქვს.

დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნები მიაღწევენ იმ მიზნებს, რომლებიც იმისთვის დავისახეთ, რომ განვითარებულ სახელმწიფოებად ვიქცეთ.

ვიცი, რომ საქართველოში ხელისუფლება აქტიურად ახორციელებს რეფორმებს ყველა სფეროში, რომლებსაც კარგი შედეგი მოქვთ.

მინდა წარმატება გისურვოთ ამ რეფორმების განხორციელების პროცესში.

დარწმუნებული ვარ, ის, რაც დაგეგმილი გაქვთ, რეალიზებულიც იქნება. ჩვენ თქვენი წარმატებები, მიღწევები და გამარჯვებები მხოლოდ გაგვახარებს და როგორც მეგობრები, როგორც ძმები ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. ისტორიამ ასე განსაზღვრა.

ვფიქრობ, ჩვენი ერების მიმართ განგებამ და ბუნებამ კეთილი ნება გამოიჩინა გვერდიგვერდ რომ დაგვასახლა.

ჩვენი ურთიერთობის მაგალითი შესწავლასაც კი იმსახურებს, რადგან მეზობელი ქვეყნები და ერები ყოველთვის არ ცხოვრობენ მშვიდობითა და თანხმობით, არ არიან ისე კეთილგანწყობილი ერთმანეთის მიმართ, როგორც ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხი. 

ეს არის სიმდიდრე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ. ამას გავაკეთებთ კიდეც და ერთობლივადაც ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს, ხოლო ჩვენი ქვეყნები გაძლიერდეს.

ვუსურვებთ საქართველოს წარმატებებს, გამარჯვებებს და აყვავებას.      

მსურს ამ სასმისით საქართველოს პრეზიდენტი დავლოცო და მოძმე ქართველ ერს ბედნიერება და კეთილდღეობა ვუსურვო. 

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ბატონო პრეზიდენტო,

უპირველესად, მსურს აღფრთოვანება გამოვხატო იმის თაობაზე, რაც დღეს მე და ჩემი დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში ვნახეთ.

რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტი იმ შთაბეჭდილებებით დაიწყო, რომლებიც ჩვენი პირველი შეხვედრის დროს დამრჩა.

ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნების მომავალზე, მაგრამ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი შეხედულებებისა და მომავალი პროექტების მიმართ დამოკიდებულების გაზიარება, არსებული  პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების  საერთო ხედვა, მეტწილად განაპირობებს ჩვენი რეგიონისა და პროექტების განვითარების მომავალს.

თავისთავად, შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ პროექტებით, რომლებიც ხორციელდება აზერბაიჯანში, ასევე მათი განხორციელების ტემპით.  

საშუალება გვქონდა გვენახა აღორძინებული ბაქო და ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა იმან, თუ რა და როგორ ვითარდება აქ.

ბუნებრივია, ამ განვითარებისთვის აზერბაიჯანი და თქვენი ხელისუფლება ძალას იღებს იმ წარსული პროცესებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ ჰეიდარ ალიევის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.       

ჩვენ მოხარული ვართ, რომ ეს პროცესები კვლავაც გრძელდება, ღრმავდება და იღებს ნაყოფს.

როგორც აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მრავალი ერისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ შევძელით ძმობის, ურთიერთგაგებისა და პატივისცემის საფუძველზე ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობაც და ურთიერთობაც.       

რა თქმა უნდა, მომავალს იმედით შევყურებთ და დიდი გეგმები გვაქვს.

ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რეალურად, წარმოადგენს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისა და ერების განვითარების გარანტს, არამედ სხვა სახელმწიფოების განვითარების გარანტსაც.  

დარწმუნებული ვარ, თანამედროვე მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო შეჰყურებს ჩვენს თანამშრომლობას და მჯერა, რომ ამ ურთიერთობის ნაყოფი საუკეთესო ნერგებს მოგვცემს მომავალში.

შესაბამისად, როგორც პარტნიორი სახელმწიფო და სატრანზიტო ქვეყანა, რომელიც თქვენთან ერთად მუშაობს ამ პროექების განვითარებაზე, ჩვენ გამოვხატავთ ერთგულებას იმ პრინციპების მიმართ, რომლებიც ჩვენს თანამშრომლობას დავუდეთ საუძვლად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტები აუცილებლად განხორციელდება.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ ეფექტიანად ვთანამშრომლობთ პოლიტიკური თვალსაზრისითაც და მას უკვე საკუთარი ისტორია აქვს.

დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც აზერბაიჯანი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ პოზიციას ჩვენ ძალზე ორგანიზებულად წარმოვადგენთ კიდეც საერთაშორისო ფორუმებზე.

იმედი გვაქვს, რომ პრობლემები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებში წარმოიქმნა, გადაიჭრება საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, მშვიდობიანი გზით. ჩვენი თანამშრომლობა კი ამ გზის წინაპირობაა.   

თუკი დავუბრუნდებით ჩვენს თანამშრომლობას ბოლო 20 წლის განმავლობაში, ისევ და ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ უზარმაზარ როლს ასრულებს ჩვენი ხალხი, ხალხი, რომელიც ძმებივით შეიკრნენ და არა მარტო ავითარებდნენ საკუთარ ქვეყანას, არამედ პატივისცემით ეპყრობოდნენ მეზობელ სახელმწიფოებსაც.    

არ შეიძლება აქვე არ აღინიშნოს საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისა და აზერბაიჯანის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების განსაკუთრებული როლი, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორი ქვეყნის ურთიერთობის განმტკიცების ვითარების საქმეში.

კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ, რომ დღევანდელი დღე დაუვიწყარია ჩემთვისაც და ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლებისთვისაც.

ჩვენ გვავსებს თანამშრომლობის, კეთილმეზობლობის, მეგობრობის გრძნობა და, შესაბამისად,  ამ გრძნობას გარდავქმნით რეალურ პროექტებად, ეკონომიკურ, კულტურულ, პოლიტიკურ ურთიერთობად. განსაკუთრებულად, ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ეს ძალზე მნიშვნელოვანია - ეკონომიკური პროექტების მიღმა ხომ კულტურული საზოგადოებრიობა დგას...

ჩვენ უზარმაზარი ყურადღებით დავაკვირდებით პროექტების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, რომლებიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ დარგებშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ.

კიდევ ერთხელ მსურს გულწრფელად გადაგიხადოთ მადლობა და მსურს ქართველი და აზერბაიჯანელი ერის მეგობრობის სადღეგრძელო შევსვა.   

Add to Twitter Add to Facebook