მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო.

ევროპასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის მხარდამჭერები ვართ.

ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.  

საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია; უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები.  

დღეს განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები და ვფიქრობთ, ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისათვის.

ასევე, შესანიშნავი შესაძლებელობა გვაქვს ორმხრივი ინვესტირების სფეროში და უფრო დეტალურად ვსწავლობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიებს უკვე დაწყებული აქვთ ინვესტირება ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტრანსპორტირებისა და წარმოების სფეროებში.

რა თქმა უნდა, დღეს ასევე განვიხილეთ ის ორმხრივი პროექტები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის დივერსიფიცირებასა და ენერგოუსაფრთხოებასთან.

ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ძალიან კარგი ისტორია გვაქვს და ნავთობისა და გაზის მთავარი  საექსპორტო გაზსადენები აზერბაიჯანიდან სწორედ საქართველოს  ტერიტორიაზე გადის.

წლების განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ძალიან წარმატებული იყო და, რა თქმა უნდა, განვიხილეთ სამომავლო გეგმები ენერგეტიკის დივერსიფიცირების თვალსაზრისით.

როგორც იცით, გასულ დეკემბერს ბაქოში ხელი მოეწერა 21-ე საუკუნის ხელშეკრულებას, რომელიც უდიდესი ინფრასტრუქტურული და ენერგოპროექტია ევროპის მასშტაბით. ამ პროექტში 45 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და საქართველო და აზერბაიჯანი, ისევე როგორც სხვა პარტნიორები და მეგობრები, აქტიურად ჩაებმებიან ამ ისტორიული პროექტის განხორციელების საქმეში.  

ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობაში ასევე მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფერო. ამ დარგშიც ძალზე მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს, რომლებიც აერთიანებს და აკავშირებს როგორც რეგიონს, ისე კონტინენტებს.

ამას გარდა განვიხილეთ თანამშრომლობის საკითხები ჰუმანიტარულ სფეროში, ხალხთა შორის კონტაქტები.

ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ხვალ აზერბაიჯანის რეგიონებს ეწვევა და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს შეხვდება.  

რამდენიმე წლის წინათ მეც შევხვდი მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს. ასეთი შეხვედრები უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირის განმტკიცებისთვის, რადგან აზერბაიჯანის ქართველობა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ჩვენი მნიშვნელოვანი ნაწილია და, რა თქმა უნდა, მათი ცხოვრება, მათი აქტივობები უმნიშვნელოვანესია ორმხრივ ურთიერთობაში.

მინდა აღვნიშნო, რომ წლების განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები მუდმივად ცხოვრობდნენ მშვიდობიანად და მეგობრულად.

დღეს ჩვენი ურთიერთობა არის ურთიერთობა ძმებს შორის, მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აზერბაიჯანში.

იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყანაში ყოფნა თქვენთვის სასიამოვნო იქნება.

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო!

მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი ვიზიტის ასეთი მშვენიერი დასაწყისისთვის, არაჩვეულებრივი შეხვედრისა და დახვედრისთვის. ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენთვის მეტად სასიამოვნო იყო თქვენი გულთბილი მასპინძლობა.

დიახ, ჩვენ ვართ ერები, რომლებმაც აჩვენეს მაგალითი თუ როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეიძლება ჰქონდეს ორ ქვეყანას კეთილდღეობისათვის, ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის, ასევე რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით.

პროექტები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ცვლის მომავალს და უკეთესი მომავალი, მეტი შესაძლებლობა და კეთილდღეობა მოაქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონული და გლობალური თვალსაზრისითაც.

სწორედ ამიტომ, გამორჩეული პარტნიორობა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს აქვს, ერთგული დამოკიდებულება იმ ენერგო და სატრანსპორტო პროექტების მიმართ, რომლებსაც ერთობლივად ვახორციელებთ, არის უკეთესი მომავლის მომტანი მილიონობით ადამიანისთვის რეგიონსა თუ მსოფლიოში.

მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანი არ არის საქართველოსთვის მხოლოდ დიდი პროექტი, არ არის მხოლოდ ნავთობისა და ენერგიის ტრანსპორტიორი სახელმწიფო - ეს არის მნიშვნელოვანი კულტურული, სამეცნიერო და პირადი კონტაქტების ქვეყანა.

ჩვენ  თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაქვს და პარტნიორულ ურთიერთობებს კვლავაც ვავითარებთ პოლიტიკის სფეროში; როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ჩვენ ვავითარებთ ხალხთაშორის კავშირს, ვაღრმავებთ თანამშლომლობას კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში.

ეს ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან სწორედ ეს ურთიერთობა ამდიდრებს ჩვენი ქვეყნების საზოგადოებასა და ჩვენს ერებს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს  ტერიტორიული მთლიანობის მხრივ და მჯერა, რომ ჩვენ არჩეული გვაქვს ყველაზე სწორი გზა ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჩვენ ავიღეთ ყველაზე სწორი მიმართულება ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

ეს არის ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობა და აღმშენებლობა მნიშვნელოვანი ორმხრივი პროექტების განხორციელების გზით.

ჩვენ მოუთმენლად ველით მაღალი დონის საპასუხო ვიზიტებს ჩვენს ქვეყნებს შორის და პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში.

ჩვენ ასევე ველით საქართველოს ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებთან დაკავშირებული პროექტების განვითარებას, რადგან ჩვენ ამ შემთხვევაშიც გვაქვს პარტნიორობის განმტკიცების განსაკუთრებული შესაძლებლობები.

დღეს მე ვუთხარი ბატონ პრეზიდენტს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ვაპირებ შევხვდე ჩვენს თანამემამულე აზერბაიჯანელებს ნოვზურ ბაირამზე და მათთან ერთად ვიზეიმო ეს დღე.  

ჩვენ ამ მიმართულებითაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს და ეს ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ შესაძლებლობას გვაძლევს.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა. 

Add to Twitter Add to Facebook