მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტსა და მის  აზერბაიჯანელ კოლეგას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.

ლიდერებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოებისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხებს. გიორგი მარგველაშვილმა გამოხატა სურვილი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის გაღრმავდეს პოლიტიკური, ეკონომიკურ-კულტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობა.

პირისპირ შეხვედრისას, პრეზიდენტები პარტნიორული ურთიერთობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსაც შეეხნენ და აღნიშნეს, რომ გამოცდილების გაზიარება პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.

„ზაგულბას“ სასახლეში პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს  გაფართოებული შემადგენლობითაც შეხვდნენ. მხარეებმა ის კონკრეტული პროექტები განიხილეს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. კერძოდ, საუბარი შეეხო ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სარტანსპორტო სფეროებში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენსა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის  გაზსადენს.

შეხვედრის დასრულებისთანავე საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ქვეყნის პირველი პირი დღესვე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.  

Add to Twitter Add to Facebook