მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად აზერბაიჯანის პრეზიდენტის სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა

ილჰამ ალიევმა გიორგი მარგველაშვილის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გამართა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას და თანმხლებ დელეგაციას „გიანჯლიკის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში უმასპინძლა. ორი ქვეყნის ლიდერებმა შეკრებილ  საზოგადოებას ოფიციალური სადღეგრძელოებით მიმართეს.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირი დადებით გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ორი ერის კეთილმეზობლურ თანაცხოვრებაზე, არამედ აისახება მთელი რეგიონის კეთილდღეობაზე. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება კავკასიური ერების საერთო ფასეულობებზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განვითარების მიღმა უნდა გაღრმავდეს კულტურული, მეცნიერული და ადამიანური ურთიერთობები. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ორი მოძმე ერის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღევანდელი ვიზიტი ამის ნათელი დასტურია. ილჰამ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მას და საქართველოს პირველ პირს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისა და ეკონომიკური, სავაჭრო-სატრანსპორტო თუ ენერგოპროექტებთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ, რაც მომავალი თანამშრომლობის წარმატების მყარ საფუძველს ქმნის. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ერთა შორის ურთიერთობის განმტკიცებასა და გაღრმავებას.

ოფიციალურ სადილს საქართველოს დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

13 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში ვიზიტს „ძველი ქალაქის“ მონახულებით დაასრულებს, რის შემდეგაც გიორგი მარველაშვილი გაბალასა და კახს ესტუმრება. 

Add to Twitter Add to Facebook