საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა

 გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსში თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. ქვეყნის პირველმა პირმა დღეს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა.

„დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ ევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP-ი იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა და ქალაქ ყარსში ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.

ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსის კავკასიურ უნივერსიტეტში ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება თურქეთში ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.