საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს

​ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.
დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ტუსკის პირად წვლილს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.
შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული ის დინამიკური პროგრესი, რომელიც გასულ წელს ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოიხატა, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმებსა  და ასევე რეფორმებს სექტორულ სფეროებში.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენების საშუალებას არ იძლევა. ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს კი, ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება კვლავ ეზღუდებათ.
ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს იმ დაუყოვნებლივი რეაგირებისა და განცხადებისთვის, რომელიც ევროკავშირმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის პროვოკაციულ და ანექსიურ ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პრეზიდენტის თქმით, ბოლო ტრაგედია, კიდევ ერთხელ, ადასტურებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას ოკუპირებულ რეგიონებში.
აღინიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და ხელშესახები შედეგის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან ელოდება. ხაზგასმით ითქვა, რომ მნშვნელოვანია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგსა და ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის ფორმატში კიდევ უფრო გააქტიურება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და გატარებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის პრევენციას შეეხება.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაუყოვნებლივ რეაგირებს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოთხოვნების ნებისმიერ დარღვევაზე. უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით იგეგმება საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება.
ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ასევე სთავაზობს, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად დაჩქარებული პროცედურები გამოიყენონ.
საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვია.