საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი აბაშიშვილი - ჩვენი სურვილია, რომ ფერეიდნელი ქართველების პროექტი გაგრძელდეს და მასში გოგონები

​გიორგი აბაშიშვილი - ჩვენი სურვილია, რომ ფერეიდნელი ქართველების პროექტი გაგრძელდეს და მასში გოგონებიც ჩაერთონ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ფერეიდნელი ქართველებისათვის ქართული ენისა და ქართული ხალხური მუსიკის შემსწავლელი პროექტის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.
 
პროექტს "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ ახორციელებდა, რომლის ფარგლებშიც ფერეიდნიდან ჩამოსულმა ქართველმა ახალგაზრდებმა შეისწავლეს და დახვეწეს ქართული ენა, დაეუფლნენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
 
პროექტი ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მოწყობას და საქართველოს ისტორიული ძეგლების გაცნობასაც ითვალისწინებდა.
 
როგორც გიორგი აბაშიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტის ინიციატივით ეს პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება.
 
“ამ ეტაპზე პროექტით სარგებლობის საშუალება მხოლოდ ვაჟებს აქვთ, მხოლოდ მათ შეუძლიათ ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ჩვენი სურვილია, სამომავლოდ ამ პროექტში გოგონებიც ჩაერთონ და ფერეიდნიდან ისტორიულ სამშობლოში ჩამოსვლის საშუალება მიეცეთ'', -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
 
პროექტის შემაჯამებელ შეხვედრაზე ფერეიდნელმა ახალგაზრდებმა ის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში შეისწავლეს. პროექტის მონაწილე 12 ფერეიდნელ ქართველს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცა.