საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისი იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრ

​გიორგი მარგველაშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისი იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე -ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა თავისუფლების მოედანზე ახალწვეულთა სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა.
გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, სლოვაკეთის, ფინეთის, სომხეთისა და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად მოვიდა.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, საერთაშორისო დელეგაციები ესწრებოდნენ.
"თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო! 
თქვენ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს, როგორც ქვეყნის შიგნით და ასევე, საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენ თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შეწირეს.
ვულოცავ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რადგან საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება, რადგან 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლება აღვადგინეთ ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.
თქვენო უწმინდესობა, თქვენთან ერთად ვულოცავ ქართულ ეკლესიას, იმიტომ რომ საუკუნეების განმავლობაში, სწორედ, ეკლესიის სიმტკიცე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.
ვულოცავ უკლებლივ ყველა უმცირესობის წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაში და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ, ძლიერ სახელმწიფოს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით  ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ.
დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახების გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენ მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დგანან. იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ჩვენს მხარდაჭერას ამტკიცებენ.
ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, როგორიც დღეს საქართველოშია აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ მიზნამდე -ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს.
დღევანდელ დღეს გილოცავთ ბატონო პრემიერო, თქვენ, მთავრობას და მმართველ პარტიას!
დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას რადგან ჩვენს დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის.
ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს და მე მინდა მასმედიას მიულოცო დღევანდელი დღე, რადგან დემოკრატია მედიის თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა.
სრულიად ყველას, საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს!
დღეიდან ჩვენ, ჩვენი რესპუბლიკის ახალ ასწლეულში გადავაბიჯებთ და მომავალ ას წელს გავივლით იმ პრინციპებით და იმ ღირებულებით, რითაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ.
აქ მიზანი ნათელია - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა.  ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალმხირივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორიც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისათვის.
დღევანდელი მდგრადობა და ერთობა ჩვენი ერისა მე ნათლად მაჩვენებს იმას, რომ საქართველო გამარჯვების გზაზე დგას და ჩვენ მეგობრებთან ერთად ჩვენ ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ვივლით.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას და საქართველოს მოსახლეობას.