საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა

​გიორგი მარგველაშვილი ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ჟან-კრისტოფ ბელიარს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ისაუბრეს ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საკითხზე, ასევე,  ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების საკითხზე და განიხილეს ის ნაბიჯები, რაც უნდა გადადგას საქართველომ  ევროინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად.
,,უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის სწორედ უსაფრთხოების კუთხით და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებითაც დაიწყო სტრატეგიული დიალოგი.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სწორედ იმ ნაბიჯებს, თუ როგორ შეიძლება, რომ გაძლიერდეს საქართველო საერთო ევროპული უსაფრთხოების კონტექსტში და ევროკავშირის მისია არის  დღეისათვის სწორედ ის ერთადერთი მექანიზმი, რომელიც კონფლიქტის მონიტორინგის პროცესს ახორციელებს.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრობლემატიკა განიხილებოდეს საერთო ევროპული უსაფრთხოების კოტექსტში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის ჰიბრიდულ ომებზე და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე, ამ შემთხვევაში, საქართველოს სამწუხარო გამოცდილებაც უნდა განიხილებოდეს საერთო ევროიპული უსაფრთხოების კონტექსტში'', -  აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.