საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - ხელისუფლება კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმშია, რათა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯ

​გიორგი მარგველაშვილი - ხელისუფლება კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმშია, რათა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს

საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აცხადებს, რომ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული მხარდაჭერა დღეს სახელმწიფო აუდიტთან და უწყების თანამშრომლებთან შეხვედრისას გამოხატა. ტელეხიდით შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარისა და იმერეთის რეგიონული ოფისების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო აუდიტის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის მუშაობის და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახური დღეს სწორი მიმართულებით ვითარდება და უმნიშვნელოვანეს სამსახურს უწევს ქვეყანას, რადგან თითოეული მოქალაქისაგან გადახდილი გადასახადების ეფექტური ხარჯვა განაპირობებს სახელმწიფო სერვისების ეფექტიანობას და გადასახადების ყაირათიანად ხარჯვის ერთერთი მთავარი გარანტია.
„სამწუხაროა, რომ უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა. ის, რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ძალიან ნათელი და პირდაპირი პასუხი. ჩვენ დღეს ვხედავთ ერთი და იგივე ტენდენციას. მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება და ვხედავთ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია, არამედ კითხვები ისმის უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სახელმწიფო დგას სახელმწიფო ინსტიტუტებზე და თუ ინსტიტუტებს მოვშლით და მათ ფუნქციონირებაში პრობლემას შევქმნით, ამით პრობლემას ვუქმნით, ჯერ სახელმწიფოს და შემდეგ თითოეულ მოქალაქეს. მოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები და ინსტიტუტების მიმართ პატივისცემის შესუსტება, სერიოზული პრობლემაა ნებისმიერი სახელმწიფოსა და მოქალაქეებისათვის.
„თუ ჩვენ გვგონია, რომ შესაძლებელია ასეთი თემების არ გამოძიება, ბუნდოვანებაში დატოვება, რაღაც პიარ ტრიუკებით გადაფარვა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველას დაგვიბრუნდება. დაგვიბრუნდება თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მოხელეებს და პოლიტიკოსებს, მაგრამ ასევე დაუბრუნდება საზოგადოებას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.
ჩვენ ვფუნქციონირებთ როგორც სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეები არიან დაცულები იმიტომ, რომ მათ ვიცავთ ჩვენ, მათ იცავს სახელმწიფო. ეს შეგრძნება არ უნდა შესუსტდეს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე კვირა გავიდა ცნობილი ინციდენტიდან, და არანაირი პასუხი არ არსებობს.
„მე ვკითხულობ - როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე. ნებისმიერ ასეთ სიტუაციში ჩვენს სამართალდამცავებს, ჩვენ მივეცით მათ მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება ატარონ გამოძიება. ეს მაღალი ლეგიტიმაცია, თავისთავად გულისხმობს მაღალ პასუხისმგებლობას და ჩვენ უნდა გავიგოთ პასუხები ყველა ამ პრობლემურ საკითხთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ დღეს ჩვენი სახელწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშაა და შესაბამისად, ყველა მაღალი თანამდებობის მქონე პოლიტიკოსი, და მათ შორის თავადაც, კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმშია იმ ფაქტთან მიმართებაში, რომელიც თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ყველა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმშია, რათა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს და იმ ბრალდებებს, რომლებიც გაისმა საქართველოს სახელმწიფოსთან მიმართებაში,  ადეკვატური პასუხი გაეცეს, როგროც ქვეყნის შიგნით და, ასევე ქვეყნის გარეთ.
„ასევე კრიზისის მენეჯმენტი იყო, როდესაც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირზე მოხდა თავდასხმა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია მოგვაწოდა გენერალურმა აუდიტორმა, ერთერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა.
საქართველოს იმიჯი ილახება. როდესაც გენერალური აუდიტორი გეუბნება, რომ მასზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მოხდა თავდასხმა, აქ ვიდეო კასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელნი, პირველ რიგში, ვართ ჩვენს მოქალაქეებთან და შემდეგ ქვეყნის გარეთ.
უკვე ძალიან მოთმინებით ველი რაიმე ადეკვატურ შეფასებებს და არა პოლიტიკოსების განცხადებებს გულზე მჯიღის ცემით და არა რაიმე პიარ გადაფარვებს, არამედ ადეკვატურ შეფასებებს, როგორ ვამუშავებთ ამ ქვეყანას.
რამდენად პატივს ვცემთ სალხემწიფო ინსტიტუტებს და სუვერენიტეტს. იმიტომ რომ ქვეყნის სუვერენიტეტის საქმეა ჩვენი მოქალაქეების დაცულობა და ჩვენ ყველა ველით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე დამაჯერებელი პასუხები გვექნება იმიტომ, რომ ჩვენ ყველა ვენდობნით და იმედი გვაქვს და ვეყრდნობით ჩვენს სამართალდამცავებს, ჩვენ მათ ამაში ვუხდით ფულს და ვაძლევთ დიდ ძალაუფლებას.
აქაც კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ და ამ კრიზისების ჯამი თუ არ იქნა დროზე პასუხგაცემული, მაშინ კითხვის ნიშანი დაისმება ძალიან ბევრი საკითხის ირგვლივ.
სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა და ბაქოში აღმოჩნდა ადამიანი და მთელი საზოგადოება ბავშვს, რომ ფოკუსს აჩვენებენ ვზივართ და უნდა მოვიფიქროთ თუ როგორ ხდება ისეთი რაღაც, რომ ადამიანი ა პუნქტში ქრება და ბ პუნქტში ჩნდება.
არ ვიცი ვის უდნა ვკითხოთ, კოპერფილდს თუ ვადაჩკორიას, რანაირად უნდა მოხდეს ა პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და ბ პუნქტში გაჩენა. და ამასთან დაკავშირებით, თურმე მშვიდად უნდა დაველოდოთ პროცესებს თუ როგორ განვითარდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლების პრინციპული და თავდადებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
„მინდა თიოთოეულ თქვენთაგანს გითხრათ, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ახორციელებთ, რომ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამას აკეთებთ ქვეყნისთვის და თქვენი შვილებისთვის და საზოაგდოებისთვის. რადგან თუ თქვენი სიმტიკიცე, მოწადინებულობა და პრინციპულობა მოდუნდება, თუ იქნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა პრობლემებია და იქნებ მაინცდამაინც აკურატულად არ იმუშაოთ, იცოდეთ, რომ ეს ყველას დაგვიბრუნდება, მთელ საზოგადოებას და მთელ სახელმწიფოს, ამიტომ მე მჯერა ის სიმტკიცე, ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა ამ ორგანიზაციაში, იქნება ეს თბილისში, ბათუმსა თუ ქუთაისში. გამოწვევები ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის ყველა ქვეყანაშია.
ამიტომ კიდევ ერთხელ გიცხადებთ მხარდაჭერას, ნებისმიერ დროს მზად ვარ ამ ინსტიტუტის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების, პრინციპული მხარდაჭერისთვის “, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.