საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს ხელისუფლების მიერ ,,სისხლიან 9 წელზე“ საუბრ

​გიორგი მარგველაშვილი - მოქალაქეში გაურკვევლობას აღძრავს ხელისუფლების მიერ ,,სისხლიან 9 წელზე“ საუბრის პარალელურად ადეიშვილისა და კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლების დაწინაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის“ საქმიანობის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებდა.
კომისიის მიზანს წარმოადგენდა 2005-2012 წლებში საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას დაქვემდებარებული (რეპრესირებული) ადვოკატების საქმეების ინდივიდუალური წესით შესწავლა და სისხლის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე მარეაბილიტირებელი და ახალი გარემოებების არსებობის შესახებ წერილობითი დასკვნის შედგენა. ანგარიშის მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ადვოკატთა კორპუსს გაწეული სამუშაოსათვის და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, როცა ადვოკატთა კორპუსი სამართლიანობის უზენაეს ღირებულებას ერთგულად ემსახურება. თუმცა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ხელისუფლება სისტემურ დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ ლოიალურ მიდგომებში და ქვეყანაში პოლიტიკური დისონანსის შეტანაში დაადანაშაულა.
"ის ადამიანები, ვინც ამას ახორციელებდნენ თვითონ თავიანთი ქმედებით, ხშირ შემთხვევაში არ დაისაჯენ და დაწინაურდნენ. 6 წლის განმავლობაში, ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ბოროტებაა, რომელიც ჩვენ ისტორიაში დავტოვეთ და ამავე დროს ამ "ნაციონალური მოძრაობის" ბოროტებების ჩამდენები კარიერულ წინსვლას განიცდიან. ეს ხდება ერთდროულად.
ისტორიას ბევრი კაზუსი ახსოვს, მაგრამ ერთდროულად, მუდმივად აპელირებდე სისხლიან 9 წელიწადზე, მუდმივად საუბრობდე იმ კოშმარებზე, რაც ხდებოდა და ამავე დროს ამ კოშმარების განმახორციელებლებს აწინაურებდე, ეს ის ემოციაა, რომელიც მოქალაქეში უბრალოდ გაურკვევლობას აღძრავს. ამაზე უკეთესი ყველაფერი იქნებოდა. დღეს უკვე კომიკური ვითარებაა. რამდენიმე პლეადა შეიცვალა და ახლა უკვე ადეიშვილის, კეზერაშვილის ერთგული თანამშრომლები პოლიტიკური ტრიბუნებიდან თითს უქნევენ საზოგადოებას და აშინებენ იმითი, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს.
ეს დისონანსი უნდა დაიძლიოს. მე არასდროს ვყოფილვარ რაიმე სახის დევნის მომხრე, არცერთ ჩემს ინიციატივაში, არც განათლების მინისტრობის დროს, არც პარლამენტისათვის "გირგვლიანის შესწორებების“ შეთავაზებისას, რომელიც ამ ადამიანებს მომავალ კარიერას აუკრძალავდა, მაგრამ აი ასეთი პოლიტიკური დისონანსის შემქნა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რადგან არ მესმის რას ვემსახურებით ამ მომენტში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიმდინარე მოვლენებსაც გამოეხმაურა, ლევან ყიფიანის შესახებ ისაუბრა და მმართველი პარტია საკუთარი თანამებრძოლის ზურგის შექცევისათვის გააკრიტიკა.