საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანაში სამი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით

​გიორგი მარგველაშვილი - ქვეყანაში სამი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პირდაპირი არჩევის მანდატს ვერ მიიღებს

„საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც პარლამენტის თავმჯდომარე პირდაპირი არჩევის მანდატის მატარებელი აღარ იქნებიან“, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბათუმში პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას გააკეთა, რომელიც "კონსტიტუცია ყველასია“ კამპანიის ფარგლებში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ქვეყანაში - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, იქნება არჩეული ე.წ. ხმოსნების, დეპუტატების და პარლამენტის წევრების მიერ; ანუ, არცერთი, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყანა უნდა წარმოადგინოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მანდატს არ აიღებს ამომრჩევლისგან პირდაპირ.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, აირჩევენ დეპუტატები, ან ხმოსნები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩეულები არიან, მაგრამ  ხალხთან დაშორება გაიზრდება. 
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების ის ნაწილიც გააკრიტიკა, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება და აღნიშნა, რომ კომისიამ არ შეამცირა 5% - იანი საარჩევნო ბარიერი და მეტიც, შემოიტანა ბლოკების შექმნის აკრძალვის საკითხი, რაც აბსოლუტურად გაუგებარია.
საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში ერთერთ პრობლემურ საკითხად მთავარსარდლის ფუნქციის გაუქმება დაასახელა.
„ამ ქვეყანაში მთავარსარდალი გაუქმებულია ფაქტიურად. ჩემთვის  ყველაზე პრობლემური თემაა, რადგან ვიცი რა რეგიონში ვცხოვრობთ, რა გამოწვევები აქვს ქვეყანას, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და, რომელშიც მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს. ცვლილებების მიხედვით, მთავარსარდალს აღარ აქვს სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, იმ ვითარებაში, როდესაც საკონსტიტუციო კომისია დატოვა ყველა განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ კამპანიის ,,კონსტიტიუცია ყველასია“ ვალდებულებაა, დაეხმაროს საკონსტიტუციო კომისიას და მიაწოდოს საზოგადოების მოსაზრებები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დადებით მიმართულებად სოციალური დაცვის გარანტიების გაღრმავების საკითხი დაასახელა.