საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - საარჩევნო სისტემის ცვლილება ხელს შეუწყობს რეგიონული ლიდერების შექმნას

​გიორგი მარგველაშვილი - საარჩევნო სისტემის ცვლილება ხელს შეუწყობს რეგიონული ლიდერების შექმნას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პროექტის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გამართა.
გიორგი მარგველაშვილმა პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს კონსტიტუციურ საკითხებზე დისკუსიაში აქტიური ჩართვისა და პოზიციების დაფიქსირებისკენ მოუწოდა, თუ როგორი სახელმწიფოს მშენებლობა და როგორ სახელმწიფოში ცხოვრება სურთ.
პრეზიდენტმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბებისას, მოსახლეობის აზრის გათვალისწინება გადამწყვეტია, რადგან ქვეყნის უმთავრესი კანონი - კონსტიტუცია, საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტს წარმოადგენს.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების,  განათლების ხელმისაწვდომობის, მისი მნიშვნელობის და რეფორმების აუცილებლობის შესახებ, კონსტიტუციაში ოჯახის დეფინიციის, ეროვნულ ღირებულებებთან მიმართებაში ევროპული ტრადიციების შესახებ ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იგი უკვე რამდენიმე წელია აფიქსირებს მოსაზრებას, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა შესაცვლელია და მაჟორიტარული სისტემიდან საქართველო პროპორციულ და პროპორციულ - რეგიონულ სისტემაზე უნდა გადავიდეს, რაც სამ ძირითად საკითხს დაარეგულირებს - ხელს შეუწყობდა დაბალანსებული პარლამენტის შექმნას, უზრუნველყოფდა რეგიონული ლიდერების შექმნას და პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას.
„ლიდერები არ უნდა იბადებოდნენ და ყალიბდებოდნენ მხოლოდ დედაქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში ლიდერების გაჩენა და რეგიონული პოლიტიკის წარმოდგენა საქართველოს პარლამენტში, ოღონდ პროპორციული პრინციპით.
მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას; არა იმიტომ, რომ მაჟორიტარული არ არის დემოკრატიული, არამედ იმიტომ, რომ ეს ფორმა არ უზრუნველყოფს განვითარებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა უცხოელებისთვის მიწების მიყიდვაზეც ისაუბრა.
„შეიძლება ლოგიკა იყოს უცხოელზე მიწის მიყიდვის, ან არმიყიდვის საკითხთან მიმართებაში, როდესაც საუბარია ჩვენს სასაზღვრო რეგიონებზე. იქ გასაგებია, რომ გარკვეული ზოლი უნდა იყოს, რომელიც სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იქნება. სხვა შემთხვევაში მარტივად უნდა შეიქმნას მიწის ბაზარი, სადაც იქნება მიწის ყიდვა-გაყიდვა და ის შექმნის სოფლის მეურნეობას“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 
სტუდენტებისა და პრეზიდენტის შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლები.