საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს - აგრესორი, ო

​გიორგი მარგველაშვილი - უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს - აგრესორი, ოკუპაციას - ოკუპაცია

გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში XIV საერთაშორისო ფორუმი „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ცვალებად სამყაროში“ გახსნა და სხვადასხვა ქვეყნის ყოფილ და მოქმედ ლიდერებს სიტყვით მიმართა. 
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში უსაფრთხოების გამოწვევებზე  და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოს როლზე გაამახვილა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა 25 წლის წინ სოხუმის მოვლენების გახსენებით დაიწყო და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმეა, რადგან სწორედ ამ დღეს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ქალაქი სოხუმი.
გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთმა მეორედ ამ დროს განახორციელა და ამ მოვლენებიდან 10 წლის შესრულდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ესტონეთის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და უკრაინის ლიდერებს.
გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ტიპის საერთაშორისო შეკრებები არის კარგი საშუალება მეგობარ ქვეყნებთან ერთად საერთო ღირებულებებზე,  ქვეყნების მომავალზე და უსაფრთხოების საკითხებზე სამსჯელოდ.
საერთაშორისო ფორუმი ნიუ იორკში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა გახსნა. მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნებაზე ცვალებად სამყაროში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ყოფილმა ლიდერებმა იმსჯელეს.
"დღეს, ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისათვის, განსაკუთრებული დღეა, რადგან ზუსტად 27 სექტემბერს, 25 წლის წინ, ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე იდგა რუსული არტილერიის მიერ დაბომბილი ქალაქ სოხუმის ქუჩებში და ეს იყო ქალაქის დაცემის დღე. და, სწორედ ამ დღეს, ის მიმართავდა საერთაშორისო საზოგადოებას და თხოვდა დახმარებას, რომ ეს ტრაგედია არ მომხდარიყო. ეს მოხდა ზუსტად 25 წლის წინ და მე ვსაუბრობ იმ პოლიტიკურ ლიდერზე, რომელიც იყო ცივი ომის დასასრულის ერთერთი არქიტექტორი. საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ლიდერი ითხოვდა მხარდაჭერას მისი სამშობლოდან, რომელიც იბომბებოდა იმ დროს.
მოგვიანებით, 2008 წელს, უკვე ჩემი სხვა წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ასევე ითხოვდა მხარდაჭერას, რადგან რუსული არტილერია და ახლა უკვე ავიაციაც ბომბავდა და ახდენდა ჩემი ქვეყნის ოკუპაციას.
 
ათი წელი გავიდა ამ შემთხვევიდან. რასაც მოველი ამ შეხვედრიდან და ამ შეხვედრის მიზანი არის, რომ ყველაფერს შესაბამისი სახელი დავარქვათ და დისკუსიის კარგი დასაწყისია, როდესაც ვერთიანდებით საერთო ტერმინების და მიდგომების გარშემო. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ვერთიანდებით ისეთი ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კანონის უზენაესობა და საერთაშორისო თანამშრომლების პრინციპები. უმნიშვნელოვანესია ყველაფერს ეწოდოს შესაბამისი სახელი, აგრესორს - აგრესორი, ოკუპაციას - ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზს - საოკუპაციო ხაზი და არა სასაზღვრო ხაზი. ეს არის ის ტერმინები და სიტყვები, რომლებიც ერთმანეთთან უფრო გვაახლოებს და ჰქმნის ჩვენს ერთობას და უკეთესი მომავლის შექმნის საშუალებას. ასევე მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს - პრეზიდენტ კალიულაიდეს, პრეზიდენტ დუდას, პრეზიდენტ კისკას და პრეზიდენტ პოროშენკოს, რომელებიც ბოლო დღეების განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი ტრიბუნიდან ცნობენ და შესაბამის სახელებს არქმევენ იმ მოვლენებს, რომლებიც გვაწუხებს და გვაშფოთებს - ოკუპაციას და აგრესიას. კიდევ ერთხელ, ეს ჩვენთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, რომ შევიკრიბოთ და კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ უმთავრესი ღირებულებების და პრინციპების გარშემო და შევთანხმდეთ მიზნებზე სამომავლო კეთილდღეობის მისაღწევად, რომელიც განპირობებულია ჩვენი ერთობით და სიმამაცით, რომ ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და დავიცვათ ჩვენი სიტყვები", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის გახსნისას.