საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​გიორგი მარგველაშვილი - ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თა

​გიორგი მარგველაშვილი - ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასახლეში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ევროპარლამენტის სესიის ტრანსლირებას ადევნებდა თვალს, რომელზეც ევროპარლამენტმა საქართველოსათვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უყარა კენჭი და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის კენჭისყრის შემდეგ დიპლომატებს მიმართა და ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.
მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.
მინდა მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის.
მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის.
ამ მიღწევის შედეგებს არამარტო ქართველები, არამედ მთელი ევროპა მოიმკის გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი წვლილიდან რასაც ქართველები, ქართული კულტურა, საქართველოს მოქალაქეები ითამაშებენ ევროპაში და იმ მნიშვნელოვანი წვლილისგან, რასაც ევროპელები თამაშობენ ქართულ რეალობაში.
მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა დღევანდელ დღეს მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოსაა საბოლოო გადაწყვეტილებასთან.
„პირველ რიგში ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ჩემთვის პატივია, რომ პრეზიდენტმა დღეს აქ, პრეზიდენტის სასახლეში მომიწვია.
ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ახლოს ვართ საბოლოო გადაწყვეტილებასთან; ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ჩვენ მართლაც ბოლო ეტაპებს ვუახლოვდებით. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისათვის და ნება მომეცით გულითადათ მივულოცოთ საქართველოს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დღეს.
ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი და მოგვიანებით უვიზო მიმოსვლის პროცედურების დასასრული, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან.
ეს არის ერთი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ბეჯითად მუშაობდა მრავალი ადამიანი, რომ ის რეალობად ქცეულიყო“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
როგორც საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად დაიმსახურა ქართველმა საზოგადოებამ.
„ეს არის დიდი დღე, რადგან საქართველო ვიზალიბერალიზაციის რეალურ განხორციელებას დიდი ხანია ელოდება. ეს ასევე აღსანიშნავი დღეა ევროპისთვის, რადგან დღევანდელი გადაწყვეტილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ევროპის კარი ღიაა მეგობარი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისტორიული დღე, რადგან ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.