საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლე არ დაიშურა ქვეყნის მთლიანობისთვის - გიორგი მარგ

​პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლე არ დაიშურა ქვეყნის მთლიანობისთვის - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა აგვისტოს ომის დროს მომუშავე ექიმები ღირსების ორდენით დააჯილდოვა. სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი ვაჟკაცობის, მამაცობისა, თავდადებისა და პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ღირსების ორდენი გადაეცათ: ზაალ გაბაშვილს (სიკვდილის შემდეგ), გიორგი გელდიაშვილს, ვასილ გორგაძეს (სიკვდილის შემდეგ), დავით მაკარიძეს, ნინო ქადეიშვილს (სიკვდილის შემდეგ), ნანული მაკრახიძეს, მედიკო მამუკაშვილს.
საქართველოს პრეზიდენტისგან მადლობის წერილი მიიღო ყველა იმ ექიმმა, ვინც გორის სამხედრო ჰოსპიტალში 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს მუშაობდა.
გიორგი მარგველაშვილმა მედიკოსებს სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა იმ პირს, სამხედრო მოსამსახურეებს, ექიმებს, მედიის წარმომადგენლებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად პროფესიულ საქმიანობას აგვისტოს ომის დღეებში ღირსეულად ასრულებდა.
„დღეს პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიცოცხლე არ დაიშურა ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. ეს ადამიანები არ დამდგარან ახალ გზაზე, მათ გაიმეორეს ის გმირობა, რომელიც ათობით, ასობით , ათასობით, ასიათასობით ჩვენ თანამემამულეს ჩაუდენია, განუხორციელებია საუკუნეების განმავლობაში. დღეს მადლობას ვეუბნებით ყველა იმ ადამიანს, ვინც იარაღით ხელში ბრძოლის ველზე იდგა. დღეს მადლობას ვეუბნებით იმ ადამიანებს , ვინც საინფორმაციო ომს, ერთერთ ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან ბრძოლას აწარმოებდა, ჩვენს ჟურნალისტებს. დღეს მადლობას ვეუბნებით იმ მოქალაქეებს, ვინც ორი თვის ოკუპაციის დროს იმედი და სასოობა არ დაკარგა, და განსაკუთრებით დღეს მადლობას გეუბნებით თქვენ ექიმებს, ყველაზე ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული პროფესიის წარმომადგენლებს. თქვენ ბრძოლის ველზე ხართ ბოლო იმედი გაჭირვებაში მყოფი ჯარისკაცის თუ მოქალაქის. თქვენთან მოდიან ადამიანები იმის იმედით, რომ თქვენ რომ დაგინახავენ მათი ბედი გადაწყვეტილი და გადარჩენილია.
დღეს ათი წლის თავზე მადლობას გეუბნებით ქართველი ხალხის სახელით იმ გმირობისთვის, რაც ჩაიდინეთ და დღეს ათი წლის თავზე გეუბნებით, რომ საქართველოს გამთლიანება უფრო ახლოა ვიდრე გუშინ, იმიტომ რომ მაშინ არ გატყდით, იმიტომ რომ თქვენ ამ ათი წლის განმავლობაში და არც მომავალში არ შეცვლით სიყვარულს და სიამაყეს ჩვენი ერისა და სამშობლოსი. ეს არის რაც გვაცოცხლებს, რაც დაგვაბრუნებინებს და გაგვამთლიანებინებს ჩვენს მამულს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად გორის სამხედრო ჰოსპიტალის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მედიკოსების მემორიალთან დაღუპულ ექიმების ხსოვნას პატივი მიაგო.
გიორგი მარგველაშვილმა და დავით სერგეენკომ საერთაშორისო მისიებში მყოფი ის ჯარისკაცები მოინახულეს, რომლებიც რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადიან. სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრად სამახსოვრო მედალიონი გადასცეს.