საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭ

​საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტებმა პოლონეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს.
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას პოლონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ანდჟეი დუდას​ მადლობა გადაუხადა საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი საკითხების მხარდაჭერისათვის როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ასევე, საქართველოს მხარდასაჭერად სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებსა და ორგანიზაციებში გაკეთებული განცხადებების გამო, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ზოგადი დებატებისას გამოხატული მხარდაჭერისათვის.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს ძლიერი პარტნიორია, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სირთულეებს. ამიტომ პრეზიდენტის განცხადებით, საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის გააქტიურება და საქართველოს პარტნიორებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პერმანენტულ რეჟიმში რუსეთზე უწყვეტი ზეწოლის განხორციელება აუცილებელია.
აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება ახალ იმპულსს აძლევს ორ ქვეყანას შორის განსაკუთრებული ნაყოფიერი ურთიერთობებისა და მეგობრული კავშირების განმტკიცებას და ეს საპასუხო ვიზიტი იმ დეკლარაციის გამოძახილია, რომელსაც საქართველოში, მაისში მოეწერა ხელი და რომელიც სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადასვლას ითვალისწინებს.
"დღეს პოლონეთი ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოა, რომლის სიძლიერე და განვითარება ცენტრალურ ევროპაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საწინდარია.
 
საქართველო -პოლონეთის პარტნიორობა დიდწილად განაპირობებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შორის თანამშრომლობის მომავალს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე პრეზიდენტებმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მოახლოებული სამიტების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრეს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოსათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელმაც პოლონეთი ევროკავშირისა და ნატოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანად აქცია.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას "თბილისის კონფერენციის" მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის ეს ფორმატი, რომელიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში პოლონეთის როლის გაძლიერებას გულისხმობს და ამ მიმართულებით ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გაფართოებული შეხვედრისას მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს და საგანმანათლებლო - გაცვლითი პროგრამების გააქტიურების შესაძლებლობები განიხილეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძე, საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი.
პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ საჩუქრები გაცვალეს.