საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელარუსის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა

​საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბელარუსის დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ბელარუსის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილს ბელარუსმა კოლეგამ ალექსანდრე ლუკაშენკომ უმასპინძლა.
ოფიციალურ ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნები და პრეზიდენტებმა ბელარუსის სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, სახელმწიფო მეთაურებმა ერთმანეთს ბელარუსის რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლები გააცნეს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ დამოუკიდებლობის სასახლის საზეიმო ცერემონიების დარბაზში ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში მაია მელიქიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.