საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ​საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა საქართველოში 2018 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100

​საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა საქართველოში 2018 წლის 26 მაისს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მოიწვია

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პოლონეთის რესპუბლიკაში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია.
გიორგი მარგველაშვილმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისა და საქართველოს პოზიციების ადვოკატირებისათვის.
"იმ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტის მერე, რომელიც თქვენ გქონდათ საქართველოში ჩვენ ვაგრძელებთ და ვაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ასეთი ინტენსივობა ვიზიტებისა, გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ პოლონეთში ჩვენ პოლონელ პარტნიორებთან, თქვენთან პირადად ურთიერთობაში ვხედავთ საკითხების გადაწყვეტას. როდესაც ჩვენ ჩამოვდივართ პოლონეთში ჩვენ ვხედავთ ხედვებს და არა იმაზე საუბარს რატომ რაღაც ვერ გავაკეთეთ, არამედ საუბარს იმაზე რა უნდა გავაკეთოთ მომავალში.
ამ თვალსაზრისით, საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პოლონეთის პოლიტიკური პოზიცია, პოლონეთის ლიდერშიფი, აქტიურობა ყველა იმ მნიშვნელოვან ფორმატში, რომელშიც საქართველოს, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური ევროპის გლობალურად ევროპის ბედი წყდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელიც პოლონეთს აქვს აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქვეყნის განვითარების თაობაზე როგორიც არის საქართველო. როგორ უნდა განხორციელდეს და გაღრმავდეს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობა, როგორ უნდა მიეცეს საქართველოს შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტი წვლილი შეიტანოს ევროპული და აზიური, კასპიის და შავი ზღვის, სამი ზღვის პროექტის აქტიურობაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს ამ პროცესს პოლონეთი და პოლონეთის ხელმძღვანელობა.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორც ხედავთ თქვენ ჩვენს შესაძლებლობებს როგორც ქვეყნისა, რომელიც ამ რეგიონის - აღმოსავლეთ ევროპის, განვითარებაში მზად არის კიდევ უფრო აქტიური წვლილი შეიტანოს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია როგორ ხედავთ თქვენ ნატო-ში საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყნის აქტიურ როლს, და როგორ ხედავთ ნატო-ს პერსპექტივას და განვითარებას ჩვენს რეგიონში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომელსაც თქვენ ეკონომიკური ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხედავთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური ევროპის მიმართულებით. მე თქვენ გაგიზიარეთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ის პროექტები, რომლებიც შავი ზღვის აკვატორიიდან გვინდა და იმედი გვაქვს, რომ განხორციელდება ბალტიის მიმართულებით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლონური პოზიცია არის ორიენტირებული საკითხების გადაწყვეტაზე და არა მიზეზების ძიებაზე. ​მინდა საზოგადოებას მოვახსენო იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის თაობაზე, რომლიც გაღრმავებულია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ, ამ ინტენსიური ურთიერთობების ფონზე ბუნებრივია, რომ ჩვენ გვაქვს ვაჭრობაში, კულტურულ ურთიერთობებში, სამხედრო თანამშრომლობაში, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური ზრდა და დინამიკა. ამ ზრდის და დინამიკის შენარჩუნება ორმხრივ ურთიერთობებში ბუნებრივია, ჩვენს მიზანს წარმოადგენს.
მე ვარ დარბაზში, რომელშიც არის ევროპის ერთერთი უძველესი კონსტიტუცია, მაგრამ დამოუკიდებლობა საქართველომ და პოლონეთმა 100 წლის წინ ხელახლა აღიდგინეს.
ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ერთმანეთის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
მომავალ წელს იქნება ეს მნიშვნელოვანი თარიღი ქართველებისთვის და პოლონელებისთვის. მაგრამ ამავე დროს ამ თარიღის ირგვლივ ჩვენ ვფიქრობთ იმის თაობაზე, როგორ უნდა გავაძლიეროთ მომავალი საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ხალხები და ჩვენი ერები.
რა თქმა უნდა, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას 2018 წელს ქართველები და პოლონელები იქნებიან გაერთიანებულები ერთი ემოციით და მე მიხარია, რომ ჩვენ ამას მომავალ წელს ერთად კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას შევძენთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის და შეხვედრისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პოლონეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით პოლონეთის პოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საშუალება გაიზარდოს და ამით გაზრდის თავის პოტენციალს, როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე ეკონომიკურს, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეეძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება.
"ის თემები, რომლებზეც ჩვენ კრინიცაში ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე განვავითარეთ, როდესაც ჩვენ შევხვდით ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა, შემდეგ დელეგაციებთან ერთად შეხვედრისას. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე, ასევე ჩვენს შეხედულებებზე საქართველოს ევროკავშირსა თუ ნატოში გაწევრიანების შესახებ.
ეს საკითხები ხაზგასმას საჭიროებს, იმის გათვალისწინებით, რომ 24 ნოემბერს ჩვენ გველოდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამიტი, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის პერსპექტივის საკითხი ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. საუბარი იქნება თუ როგორ ახორციელებენ აღნიშნული ქვეყნები დასახულ მიზნებს, აზრის გაცვლა-გამოცვლა- დისკუსიები გახლავთ ჩვენი შეხვედრების განუყოფელი ნაწილი.
მე ასევე ვკითხე პრეზიდენტს თუ როგორი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციამ და რა პერსპექტივებს ხედავს ბატონი პრეზიდენტი ამ კუთხით. მე როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ხაზს ვუსვამდი, დღეს პოლონეთის ინტერესებში და არა მარტო პოლონეთის, ჩემი აზრით, მთლიანად ევროკავშირის ინტერესებში შედის, რომ ევროკავშირის კარი ღია იყოს ახალი წევრებისთვის.
ევროკავშირი მზად უნდა იყოს ახალი ქვეყნების მიღებისთვის, რომ გაწევრიანდნენ ის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ეს ამბიცია მას შემდეგ, რაც  გაწევრიანებამდე ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ რასაც ევროკავშირი მოითხოვს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში კრიზისია, ერთერთი მნიშვნელოვანი გახლავთ ბრექსიტი, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირს გამოეყოს. ეს პროცესი გრძელდება და უახლოეს წლებში იქნება რეალიზებული. თავი არ უნდა მოვიტყუოთ, სინამდვილეში ევროკავშირისთვის დიდი ბრიტანეთის გამოყოფა ძალიან დიდი დასუსტებაა. თუ ჩვენ დავუშვებთ იმას, რომ ევროკავშირი შეიძლება შევიწროვდეს, დაპატარავდეს დიდი ბრიტანეთის გამოყოფის შედეგად და თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ დიდი ბრიტანეთის გამოყოფით ის დასუსტდა და ახალ წევრებს ვერ მიიღებს, მაშინ, ჩემი აზრით, ეს იქნება ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი. იმიტომ რომ გამოჩნდებიან სხვა ქვეყნები, რომლებმაც შესაძლოა, გადაწყვიტონ ევროკავშირიდან გამოყოფა.
ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი იყოს როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად ძლიერი კავშირი, რომ კონკურენცია გაუწიოს აშშ-ს, ჩინეთს და ა.შ.
ევროკავშირს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ გაიზარდოს და ამით გაზრდის თავის პოტენციალს, როგორც ადამიანურ რესურსებს, ისე ეკონომიკურს და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ შეეძლოთ ევროკავშირში გაწევრიანება.
ევროკავშირი დარჩება ყოველთვის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების გაერთიანება, რომელიც ერთმანეთის განვითარებას უწყობს ხელს, აქ ყოველთვის იქნება მისწრაფება იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ძლიერი და გაიზარდოს პოტენციალი და ცხოვრების დონე ევროკავშირის ქვეყნებში და შეიქმნას კარგი თანამშრომლობის ბაზა უსაფრთხოების საკითხებში, ანუ ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობაში.
2016 წელს ვარშავაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ნატოს სამიტზე, სადაც ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია, ევროკავშირსა და ნატოს შორის ურთიერთობის შესახებ და აქ არის ის სფეროები ჩამოთვლილი, რომელიც განვითარდება ამ თანამშრომლობის ფარგლებში.
დღეს ვისაუბრეთ ბუქარესტში 9 ქვეყნის შეხვედრაზე, სადაც მივიღეთ დეკლარაცია, რომ ჩვენ მომხრე ვართ ნატოს აღმოსავლეთ ქვეყნების გაძლიერებისა და ჩვენ გვინდა, რომ ნატოს მომდევნო სამიტზე, რომელიც მომავალ წელს ივლისში ბრიუსელში ჩატარდება, კიდევ ერთი 9 ქვეყნის სამიტი ჩავატაროთ ვარშავაში და გვინდა აქ ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებსაც წარვადგენთ შემდგომში ბრიუსელში ნატოს სამიტზე და ძირითადად ჩვენი შეხვედრის დეკლარაციის საკითხი შეეხება ნატოს გაძლიერებას, გაფართოებას აღმოსავლეთ საზღვრებზე, აქ შავი ზღვის აუზის ქვეყნებზეა საუბარი. სამი ზღვის თანამშრომლობის ფარგლებში აქ მთავარი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ამასაც ჩვენ ვახორციელებთ, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ მომავალში, ევროკავშირის ქვეყნების გარდა, ამ პროექტში ჩავრთოთ ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და უნდათ მასში გაერთიანება. ანუ, მომავალში, სამი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობა შესაძლოა, იმ ქვეყნებს შეეხოს, რომლებიც ჯერ ევროკავშირის წევრები არ არიან.
დიდი მადლობა ბატონ პრეზიდენტს, ამ ნათელი დეკლარაციებისთვის- სამი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხებით დაინტერესებისთვის.
ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ, არის დიდი დინამიური ეკონომიკური ურთიერთობა პოლონეთსა და საქართველოს შორის და გვინდა, სამთავრობო დონეზეც კიდევ უფრო მჭიდრო იყოს ეს ურთიერთობა", - აღნიშნა ანდჟეი დუდამ.