საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

ესტონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდისა და მისი მეუღლის გეორგ-რენე მაქსიმოვსკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.
პრეზიდენტის სასახლის ეზოში შესრულდა საქართველოსა და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და კერსტი კალიულაიდიმ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.
დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და ესტონეთის პრეზიდენტის მეუღლე გეორგ-რენე მაქსიმოვსკი.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი,  პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში თეა ახვლედიანი.
ესტონეთის სახელმწიფო დელეგაციაში არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და ბიზნესმენები.
ესტონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ნოემბერს დასრულდება.