საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრს შეხვდა

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთოებების განვითარება, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების პრემიერმინისტრთან დუბაიში.
არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, დელეგაციასთან ერთად, პრემიერმინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმთან გამართული შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების გაღრმავებას სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსთან (GCC) და მის წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება უაღრესად აფასებს იმას, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს და ელის, ამ კუთხით, თანამშრომლობის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან პირველი ინვესტიცია 2003 წელს განხორციელდა. 2006 - 2017 წლებში კი, ინვესტიციების მოცულობამ 841.08 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
მხარეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა და ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც ძალაში 8 აპრილს შევიდა და რომელიც ინვესტორებისთვის დამატებით გარანტიებს ქმნის.
აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოში ლიბერალური, სტაბილური, უსაფრთხო და კორუფციისაგან თავისუფალი ბიზნესგარემო ჩამოყალიბდა. საქართველო თავისი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამოც საინვესტიციო თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა. მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შესახებ შეთანხმებები ჩინეთთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროკავშირთან.
შეხვედრისას მხარეებმა ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საკურორტო ზონების განსავითარებლად და სთავაზობს პოტენციურ ინვესტორებს ზაფხულისა და ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, რათა მოხდეს სამედიცინო ტურიზმით -  ველნესის მიმართულებით მათი დაინტერესება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, სულ უფრო და უფრო მაღალია საემიროებიდან დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით.
"ჩვენ გვყავს ინვესტორები ერთის მხრივ, რომელებიც ახლა უკვე გეგმავენ, რომ გააფართოონ საკუთარი  საინვესტიციო არეალი საქართველში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომელიც საინტერესოა ინვესტიციების კუთხით და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე და მომავალი წელი იქნება სრულიად ახალი ეტაპი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისათვის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს პირველი ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.