საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - მწამს რომ, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება დაფასებული

გიორგი მარგველაშვილი - მწამს რომ, ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი ადეკვატურად იქნება დაფასებული

საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტესთან პირისპირ შეხვედრის ძირითად საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული დღესასწაული - დამოუკიდებლობის დღე ვერ იქნებოდა შემდგარი საქართველოს ძლიერი მეგობრის და მხარდამჭერის - ლიეტუვის მონაწილეობის გარეშე.
"ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ქართულ- ლიეტუვური ურთიერთობის და თანამშრომლობის ფაზები, რომელსაც ჩვენ გავდივართ სულ უფრო შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა.
მე მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე თქვენს მიერ საქართველოს ინტერესების სერიოზულ წამოწევას, რომელიც არაერთხელ პირადად თქვენ განგიხორციელებიათ, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს კონტექსტში.
დღეს ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიზნებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით და მე მაქვს იმის რწმენა, რომ მომავალ სამიტზე საქართველოს პროგრესი ნატო-სთან მიმართებით იქნება ადეკვატურად დაფასებული და დარწმუნებული ვარ, რომ ლიეტუვური პოზიცია ამ თვალსაზრისით, როგორც ტრადიციულად, ჩვენი მხარდამჭერი იქნება.
ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის უსაფრთხოებაზე, მომავალი თანამშრომლობის შესახებ და მე მიხარია, რომ ამ კონტექსტში ჩვენი ორმხირივი ურთიერთობების პერსპექტივა, ისევე როგორც ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივა საერთაშორისო ფორუმზე, მხოლოდ პოზიტიური შინაარსის მატარებელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის გვერდით დგომისათვის არამარტო გაჭირვების, არამედ სიხარულისა და ზეიმის დროსაც", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გვერდით ყოფნა პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეზე.
"მეც მინდა საქართველოს ჭეშმარიტი სახელი გამოვიყენო თქვენი ქვეყნის აღსანიშნავად, როგორც თქვენ გამოიყენეთ ჩემი ქვეყნისათვის - ლიეტუვა. ორ ქვეყანას შორის მეგობრობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება. ასი წლის წინ საქართველოს მიეცა შანსი იმისათვის, რომ იაროს პროგრესული გზით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას, როგორც ევროპის კავშირის, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, იმიტომ რომ საქართველო ნამდვილად მოწინავე ქვეყანაა და საუკეთესო მაგალითია რეფორმებისა და მიღწევების თვალსაზრისით.
ამავეს ვიტყოდი ნატოს-ს შესახებაც. მთელს მსოფლიოში უსაფრთხოებას გარკვეული გამოწვევები გააჩნია და ყველა თანხმდება, რომ გეოპოლიტიკის დინამიკა ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება.
კავკასიაში ნატო-სათვის მხოლოდ თქვენი ქვეყანაა საუკეთესო პარტნიორი თანამშრომლობის თვალსაზრისით, საკუთარი რეგიონის დაცვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით. თქვენი ქვეყანა საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით. საქართველოს ყოველივე ამით უადვილდება ნატო-სკენ სავალი გზა. თვითონ ფორმალური მხარეების დაჩქარება, რა თქმა უნდა, საჭიროა და ჩვენ ვიქნებით თქვენს გვერდით", - აღნიშნა დალია გრიბაუსკაიტემ.