საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - მე შეგკრიბეთ იმისთვის, რომ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ უზენაესი სასამართლოს თავმ

გიორგი მარგველაშვილი - მე შეგკრიბეთ იმისთვის, რომ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის, შემძლეობის, რათა განახორციელოს რეფორმა ამ ურთულეს სისტემაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო სექტორსა და პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
გიორგი მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის კონსულტაციები გაფართოებულ შეხვედრაზე არასამთავრობოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრისას შეაჯამა, რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
"თქვენს მიერ შერჩეულ კანდიდატს ექნება მაღალი, საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია, იმ მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პარალელურად, რომელსაც უზრუნველყოფს ჩემი წარდგენა და პარლამენტის კენჭისყრა”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქართული სასამართლო სისტემა, ქართული საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების და მეგობრის მხრიდან არაერთხელ გამხდარა რეკომენდაციების, შემოთავაზებების და გაუმჯობესებისკენ მოწოდების ობიექტი. განსაკუთრებით გაშიშვლდა ეს სირთულეები და პრობლემა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელსაც კიდევ მრავალი წელი უნდა ემსახურა ამ სისტემის ფუნქციონირების, რეფორმირების, გაჯანსაღებისა და განვითარებისათვის, გადადგა.
"თავისთავად გადადგომა არ არის პრობლემა და სირთულე. მაგრამ ფონი, როგორც ეს მოხდა, ფონი, რომელსაც წინ უსწრებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის არის ზეწოლის მსხვერპლი, ბუნებრივია, ჩვენ ამ ფაქტის მიმართ გულგრილს ვერ დაგვტოვებს.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმისთვის, რომ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა სასამართლოს განვითარების და რეფორმირების თვალსაზრისით და უდაოდ სასამართლოს თავმჯდომარე ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. ამ ფონის ნაწილია ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სულ მალე შედის ძალაში და ამ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე პრეზიდენტს აღარ ექნება შესაძლებლობა დაუსახელოს პარლამენტს თავმჯდომარის კანდიდატურა, ეს ფუნქცია გადადის იუსტიციის საბჭოზე. ამ მთელი ვითარების გათვალისწინებით, მე შეგკრიბეთ თქვენ როგორც წარმომადგენლები იმ ორგანიზაციების, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულებაზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება დასახელებული და წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტისთვის და ამ თვალსაზრისით, გაიმართა წინარე კონსულტაციები.
მინდა, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მიზანი იყოს მიმართული იქით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მორალის, ზნეობის, შემძლეობის, რომ განახორციელოს რეფორმა ამ ურთულეს სისტემაში. ასევე მნიშვნელოვანი შემადგენელი ამ პროცესისა არის ის, რომ მე თავიდან ბოლომდე მინდა გამოვრიცხო ერთერთი პრობლემური შემადგენელი ქართული სასამართლოსი, ეს არის მისი პოლიტიკური, ან კლანობრივი აფილაცია.
ამ თვალსაზრისით, მინდა, რომ სრული ჩართულობით, ღიაობით მოხდეს კანდიდატურის შერჩევა და მე თქვენს მიერ შერჩეული კანდიდატურა წარვუდგინო საქართველოს პარლამენტს და ასეთი ადამიანის გასვლის შემთხვევაში მას ექნება მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია იმ მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმაციის პარალელურად, რომელსაც უზრუნველყოფს ჩემი წარდგენა და პარლამენტის კენჭისყრა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ იმ მეთოდებზე, იმ პროცესზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პროცესის ერთ უმნიშვნელოვანეს სპეციფიკას, რომ ქართულმა საზოგადოებამ შეარჩიოს ერთერთი ყველაზე პრობლემური სფეროს რეფორმატორი კანდიდატი”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის  ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და კონსულტაციების ფარგლებში შვიდი შეხვედრა შედგა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული -აკადემიური- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
შეხვედრას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.