საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - პროფესიული განათლება ჯანმრთელი საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია

გიორგი მარგველაშვილი - პროფესიული განათლება ჯანმრთელი საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია

საქართველოს პრეზიდენტმა „პროფესიული განათლების კვირეულის“ მონაწილეებს მიღებაზე უმასპინძლა. კონფერენციის ორგანიზატორი ათასწლეულის გამოწვევის ფონდია, მონაწილეები კი, საერთაშორისო კორპორაციების წარმომადგენლები არიან დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ავსტრალიიდან, რომლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესიული განათლების მიმართულებით საკუთარი ქვეყნებისა და კომპანიების გამოცდილებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას, საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიღებაზე სტუმრობისათვის, და ამერიკელ კოლეგებს საქართველოსათვის სპეციფიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის.
"მიხარია, რომ პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე ეს პროექტი ასეთ ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ბევრი შემხვედრია ისეთი ამერიკელი პატრიოტი, რომლისთვისაც ღირებულებები, ცოდნის გადაცემა და თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია და რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს მომავლის მშენებლობაში. პროფესიული განათლება ჯანმრთელი საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის ფუნდამენტური შემადგენელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მისი პირველი პროფესია სწორედ ასეთი ტიპის საქმიანობა იყო.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამთო გამყოლის პროფესიამ მას ძალიან ბევრი მისცა ადამიანებთან ურთიერთობის და სამუშაოს დაგეგმვის თვალსაზრისით და როგორც თავად აღნიშნა, ერთერთი ამაღელვებელი გამოცდილებაა მის პროფესიებს შორის.