საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი- ქართული პროდუქციის შეძენით ვაძლიერებთ ეკონომიკას და ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბი

გიორგი მარგველაშვილი- ქართული პროდუქციის შეძენით ვაძლიერებთ ეკონომიკას და ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას

საქართველოს პრეზიდენტმა კამპანიის „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში აჭარის ქართული საწარმოები მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, კამპანიის „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში, აჭარაში, BTM ტექსტილის ფაბრიკას და ავეჯის დამამზადებელ  კომპანიას „გლორია“  ეწვია.
საპრეზიდენტო კამპნიის მიზანი ქართული ნაწარმისა და პროდუქციის პოპულარიზაციაა.
გიორგი მარგველაშვილმა ორივე საწარმოში თავად მიიღო მონაწილეობა პროდუქციის შექმნაში - კარის ლაზერული ბეჭდვის მოწყობილობა გამოსცადა და რბილი ავეჯის დამზადების პროცესში ჩაერთო.
„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას „მოითხოვე ქართული“; კამპანიას, რომელიც აძლიერებს ეროვნულ პროდუქციაზე მოთხოვნას.
უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული პროდუქციის მოთხოვნითა და შეძენით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ეკონომიკას, ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოებში მუშაობს; საწარმოებში, რომლებშიც ამზადებენ პროდუქციას ქართული და საერთაშორისო ბაზრებისათვის, და შესაბამისად აძლიერებენ ჩვენს ეკონომიკასა და ლარის მსყიდველუნარიანობას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია „მოითხოვე ქართული“  12 იანვარს დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი კამპანიით მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.
ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.