საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ი

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო აფასებს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში

საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა, კერსტი კალიულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს და ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთის პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.
"ნება მომეცით აღვნიშნო და ხაზი გავუსვა იმ თანამშრომლობას და იმ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო იღებს ესტონეთისგან უკვე დიდი ხნის განმავლობაში.
ესტონეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან სერიოზული მხარდამჭერია. ესტონეთი არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ზუსტად აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი სუვერენიტეტის, ოკუპაციის არაღიარების და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხებს შეეხება.
მაგრამ, ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით ახლა კიდევ უფრო განსაკუთრებით აღვნიშნო ის როლი, რომელსაც ესტონეთი თამაშობს გლობალურ პოლიტიკურ არენაზე.
თქვენი აქტიური როლი ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებში, როგორიცაა არამარტო ევროკავშირი და ნატო არამედ გაეროც, მნიშვნელოვანია საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ გლობალურ ფორმატებში ესტონეთის ნათელი და მკაფიო პოზიცია გლობალური უსაფრთხოების, ქვეყნების სუვერენიტეტის, ქვეყნებს შორის საერთაშორისო სამართალზე დამყარებული ურთიერთობის საკითხებზე, ღირებულებებით პოლიტიკაზე არის სწორედ ის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გლობალურად შენარჩუნდეს სტაბილურობა.
ამ თვალსაზრისით, ჩვენ მივესალმებით იმ ძალიან ნათელ განცხადებებს, რომელიც თქვენს მიერ კეთდება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
დღეს ჩვენ მიმოვიხილეთ ჩვენი ორმხირივი თანამშრომლობის ფორმატებიც და ჩვენი პოზიციაც  მნიშვნელოვან  "აღმოსავლეთ პარტნიორობის" და ნატო-ს სამიტებთან დაკავშირებით.
მადლობელი და მოხარული ვარ, რომ ესტონეთი, როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ძალიან სერიოზულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოს საკითხებს.
ჩვენ აგრეთვე ვისაუბრეთ იმ ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ, რომელიც უნდა გაღრმავდეს თავდაცვის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა, განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, რაშიც ესტონეთს განსაკუთრებული გამოცდილება გააჩნია, ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით და ამ მხრივ მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ესტონური დელეგაცია ჩამოსულია ბიზნესმენთა შემადგენლობით და ხვალ გაიმართება ბიზნესფორუმი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ გამოცდილების, იმ მზარდი ტენდენციის შესახებ, რომელიც არის ტურიზმში და ეკონომიკაში და ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ასევე პროგრესულად ვითარდება განათლების და კულტურული გაცვლის დარგში.
ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ქართულ - ესტონური ურთიერთობები მომგებიანია და უკეთესი მომავლის უზრუნველმყოფელი, როგორც ქართველი, ასევე ესტონეთის მოსახლეობისათვის, მოქალაქეებისათვის. მაგრამ მე ასევე მჯერა, რომ ის ნათელი ხედვა, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, გააჩნიათ ჩვენ ესტონელ მეგობრებს, უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ, უფრო უკეთეს მომავალს არამხოლოდ ქართველებისა და ესტონელებისთვის, არამედ უზრუნველყოფს უკეთეს მომავალს ჩვენი ერთობლივი არეალისთვის, სადაც ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოებრიობას.
ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური გარემო და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოორდინირებული მუშაობით საქართველო მომავალშიც წარმატებულად გააგრძელებს დასახულ გზას.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ მომავალ წელს ქართველებისთვის და ესტონეთისთვის მნიშვნელოვანი თარიღია. წელს ჩვენ ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წელს ვზეიმობთ, მაგრამ მომავალ წელს ისტორიული თარიღია, დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის ასი წლისთავს ვზეიმობთ.
ქალბატონ პრეზიდენტს, როგორც იმ ქვეყნის ლიდერს, რომელმაც შეძლო ასი წლის წინ რესპუბლიკის ჩამოყალიბება, ვთხოვე, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ მნიშვნელოვანი თარიღის საზეიმო აღნიშვნაში, იმ აქცენტის გათვალისწინებით, რომ კი ჩვენ ვიყავით დამოუკიდებელი ევროპული ქვეყნები ასი წლის წინ, მერე იყო ისტორიული უსამართლობა, იმიტომ რომ ვიყავით დაპყრობილები და ვიყავით საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ახლა, როდესაც ჩვენ ისევ გავხდით დამოუკიდებლები, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და ვიდგეთ ერთმანეთის გვერდით.
დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო ამ მნიშვნელოვანი ვიზიტისთვის, იმ მნიშვნელოვანი შეთანხმებებისთვის, რომელიც წინ წასწევს ქართულ - ესტონურ ურთიერთობებს და დარწმუნებული ვარ, მომავალი ვიზიტის ფარგლებში ჩვენ უკვე დარგობრივად, ყველა მიმართულებით ეკონომიკის, თავდაცვის, კულტურული მიმართულებით, განათლების მიმართულებით კიდევ უფრო მეტი დაახლოებისაკენ გადავდგამთ ნაბიჯებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესის წინსვლისათვის საქართველოში გატარებულ რეფორმებს კონკრეტული შედეგები უკვე აქვს და ამ მიმართულებით უმთავრესია მზადების პროცესი, რომელსაც ქვეყნის განვითარება მოაქვს.
"მადლობას გიხდით, ბატონო პრეზიდენტო, თბილი სიტყვებისთვის და შესანიშნავი დახვედრისთვის, რაც მე და ჩემმა დელეგაციამ თქვენგან და თქვენი ხალხისგან ვიხილეთ.
ესტონეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავს აღნიშნავენ და ეს ახლო ურთიერთობა კიდევ უფრო ღირებულია, რადგან ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას ეფუძნება. ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
და ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენებით,  არსებული უსაფრთხოების გარემოთი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი და იმ ჰუმანიტარული პრობლემებით, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მახლობლად მცხოვრებ ხალხს ექმნება.
ჩვენ ვიმსახურებთ, რომ უფრო მეტად ვიმუშაოთ ამ პრობლემების საერთაშორისო ასპარეზზე მოსაგვარებლად.
მას შემდეგ რაც საკუთარი თვალით ვნახავ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას, თქვენს დღევანდელ გზავნილს ევროკავშირში და საერთაშორისო ფორუმებზე გავაჟღერებ. ეს გზავნილი მექნება გულში და არა მხოლოდ თავში.
ესტონეთსა და საქართველოს ახლო სტრატეგიული მეგობრობა აკავშირებთ. ჩვენ არაჩვეულებრივი ორმხრივი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი ურთიერთობა წარმატებულია მრავალ სფეროში, მათ შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში.
გასულ კვირას გაიმართა ქართულ-ესტონური ფილმის პრემიერა და მას ნამდვილად დადებითი შეფასება მოჰყვა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ უფრო სხვა სფეროებშიც, როგორიცაა ელექტრონული მმართველობის საკითხები, ასევე საჯარო სექტორის რეფორმირება და თავდაცვა.
საქართველო ჩვენი პრიორიტეტული პარტნიორია. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ევროს პროექტებს ვუჭერთ მხარს და ამჟამად 27 პროექტი მიმდინარეობს.
ვიმედოვნებ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ აღმოვაჩენთ ახალ იდეებს, როგორ მოვარგოთ ეს პროექტები თქვენს მოთხოვნებს. დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და თქვენი ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიზანია.
მინდა ჩამოგითვალოთ ჩვენი თანამშრომლობის კონკრეტული მაგალითები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ; ჩვენ ერთად ვავითარებთ ქართულ სასწავლო პროგრამებს და მასწავლებელთა ტრენინგების სასწავლო პროგრამებს. ჩვენ ასევე ვნერგავთ ევროკავშირის შემსწავლელ კურსებს საქართველოს უნივერსიტეტებში; თქვენთან ერთად ვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას თბილისის ეროვნულ პარკში და ასევე მხარს ვუჭერთ დიპლომატიის განვითარებას; ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ჟურნალისტების ტრენინგს, განსაკუთრებით იმ ჟურნალისტების, რომლებიც დედაქალაქიდან მოშორებით მუშაობენ. როგორც ხედავთ, ჩვენ ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ. მადლობას გიხდით, რომ ქართველი ხალხის ყურადღების გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ ესტონეთს, ევროკავშირთან და ნატო-სთან გაწევრიანების შემდეგ, როგორც ახლანდელ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, აქვს ამბიცია, რომ გახდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი. ჩვენ გვჯერა, რომ პატარა ქვეყნები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; ასე რომ, ჩვენ ერთად ვდგავართ იმ ღირებულებების დასაცავად. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ეკონომიკურ, სავაჭრო და საინვესტიციო კავშირებს და მოხარული ვარ, რომ თან მახლავს ბიზნეს - დელეგაცია. ზოგიერთ მათგანს უკვე აქვს საქართველოში სხვადასხვა პროექტის განხორციელების გეგმა, ზოგიერთი მათგანი კი ძიების პროცესშია.
ჩვენ ასევე მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს აღმოსავლეთ პარტნიორებს, რომ ჩვენ არ ვიცით, თუ როდის გაიღება შესაძლებლობის ფანჯარა. შეიძლება ამას დრო დასჭირდეს, ან მოულოდნელად მოხდეს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მზადება; ეს მზადება ხელს უწყობს თქვენი საზოგადოების განვითარებას; ის ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებასა და თავისუფლების განვითარებას თქვენს ქვეყანაში.
მე ვიცი, რომ თქვენ ამას აკეთებთ და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთო აზრი გვაქვს, ამიტომ მე არ ვქადაგებ, არამედ ვადასტურებ იმას, რასაც ვიზიარებთ და რაც დღეს ერთად განვიხილეთ.
საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ვითარდება; თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ეს არის შესანიშნავი მიღწევა. ეს ნათლად გვიჩვენებს, რომ თქვენს რეფორმებს ძალიან მკაფიო შედეგები აქვს და ისინი სარგებლის მომტანია თითოეული მოქალაქისათვის.
კიდევ ერთხელ, თქვენ გაატარეთ რეფორმა, ისე რომ არ გქონდათ კონკრეტული თარიღი და მოლოდინი და ახლა უკვე შეგიძლიათ იმოგზაუროთ უვიზოდ. ევროკავშირთან თქვენი ასოცირების შეთანხმება აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს და ჩვენ მოგიწოდებთ, რომ გამოიყენოთ ყველა ის სარგებელი, რომელსაც შეთანხმება გულისხმობს. მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ხელშეწყობა და მათი ევროპული ბაზრის ყოველდღიური წვდომის ხელშეწყობა.
რეფორმების თვალსაზრისით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერია. საქართველო ადასტურებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ღირებულებას; ადასტურებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალიან ღირებულია ევროკავშირისთვის; რომ ევროკავშირს კვლავ შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს გარეთ გაჟღერება.
მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ნოემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა გააჟღეროს ერთიანი შეტყობინება, რათა განვაგრძოთ თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორების სუვერენული არჩევანის საფუძველზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ თქვენს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას.
გილოცავთ, საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს უსაფრთხოებაში. თქვენ აქტიურად მონაწილეობთ ნატო-ს მისიებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გააგრძელოთ რეფორმების გატარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში. ჩვენ ხელს შევუწყობთ თქვენს კიბერ-თავდაცვას და ნატოსთან თავსებადობას, რათა გავაადვილოთ თქვენი ნატო-სთან დაახლოება. იმ ქვეყნის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია, მნიშვნელოვანი განცხადებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წვლილი შეგაქვთ უსაფრთხოებაში. ჩვენც ასევე არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებლები, არამედ წვლილის შემტანები ვართ. ჩვენ ამ დიდ ძალისხმევას საქართველოშიც ვხედავთ. ასე რომ, ჩვენ ვიზიარებთ ბევრ მსგავსებას და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტ მსგავსებას გავიზიარებთ", - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.