საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისაგან მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში ნა

გიორგი მარგველაშვილი - საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობისაგან მცოცავ ოკუპაციასთან მიმართებაში ნათელ და მკაფიო შეფასებას მოელის

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში მე-14 საერთაშორისო კონფერენციიდან საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მცოცავ ოკუპაციასთან და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელი შეფასებებისაკენ მოუწოდა.
როგორც კონფერენციაზე „საქართველოს ევროპულ გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო მზადაა იყოს ძალიან პრინციპული ამ პრობლემის მიმართ და საერთაშორისო თანამეგობრობისგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას მოელის იმ პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში ახორციელებს.
„გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, რომელიც დაძაბულობის შემტანია რეგიონში. საქართველო ამ პრობლემატიკის მიმართაც გამოირჩევა უაღრესი პასუხისმგებლობით და მოთმინების უნარით.
ჩვენი დამოკიდებულება ამ ისტორიულ უსამართლობასთან, რომელიც სულ, რამდენიმე ათეულ კილომეტრში ხდება, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის სახით, სწორედაც ევროპული სტანდარტის, ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული და ევროპულ გამოცდილებაზე დამყარებული დამოკიდებულებაა.
უსამართლობის კედლები, რომელიც აგებულია უსამართლობის და სხვისი ჩაგვრის საფუძველზე, ისევე დაინგრევა, როგორც დაინგრა ევროპაში - მოთმინების, საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზაციის და მშვიდობიანი პროცესის შედეგად.
ჩვენს მეგობრებს მოუწოდებთ იყოთ უაღრესად პრინციპული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
არცერთი ნაბიჯი, არცერთი მეტრი იმ მიწის, რომელსაც სრულიად უკანონოდ უკეთებს ოკუპაციას რუსეთის ფედერაცია, არცერთი შემთხვევა ახალი ბარიერის გავლებისა არ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა, არამარტო ჩვენი მოქალაქეების და ჩვენს მიერ, არამედ თქვენს მიერ, ჩვენო კოლეგებო და მეგობრებო.
იმიტომ, რომ ასეთი უსამართლობა არ მთავრდება იქ, სადაც ის იწყება. ყოველთვის ასეთ უსამართლობას, უსამართლოდ გავლებულ საზღვრებს და კედლებს მოყვება ხოლმე თავისი ექო სხვა შემთხვევებში.
ამიტომ ყოველთვის ჩვენ ვართ მზად ვიყოთ ძალიან პრინციპული და მოველით თქვენგანაც ძალიან ნათელ და მკაფიო შეფასებას იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია პრივილეგირებული ინტერესის სფეროების პოლიტიკის ფარგლებში.
საქართველო არავის პრივილეგირებული ინტერესის სფერო არ არის, საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელიც თავის ინდეტობას საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდა და მომავალ საუკუნეებშიც განახორციელებს. მაგრამ ბუნებრივია, ამ პროცესის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი შემადგენელი საქართველოს დემოკრატიული პროცესია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპულ არჩევანზე, როგორც ისტორიულ არჩევანზე და განაცხადა, რომ  საქართველო ევროპულ პროცესში მხოლოდ ევროპული სიკეთის მომხმარებლის მიმართულებით დაინტერესებული მხარე არ არის, მას გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, წელს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისათვის მოკლევადიანი ვიზების გაუქმებამ საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაციის ხელშესახები შედეგი მოიტანა. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც  ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
„ევროპულ პროცესში ქართული სახელმწიფოს ინტეგრირების გზა სტაბილური და მდგრადია, რომელიც განპირობებულია ქართული საზოგადოებისა და ხალხის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური, ისტორიულ-კულტურული შეკვეთით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი კი, არის ეფექტურად ვემსახუროთ ამ შეკვეთას.
საქართველო ევროპულ პროცესში ინტეგრირდება არამარტო როგორც ევროპული სიკეთის მაძიებელი ქვეყანა, არამედ როგორც ქვეყანა, რომელსაც თავისი წვლილით შეაქვს ევროპულ განზომილებაში.
საქართველოს ევროპულ პროცესში შეაქვს უნიკალური, ევროპულ ღირებულებებზე დამკვიდრებული, მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის ფუნდამენტიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზე დგას და ევროპულ სიბრტყეშია წარმოქმნილი.
საქართველო შედის ევროპულ პროცესში, როგორც რეგიონის ერთერთი მთავარი მასტაბილიზირებელი,  თანამშრომლობაზე, რეგიონის განვითრებაზე ორიენტირებული ქვეყანა.
საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის, მათ შორის ევროპის ენერგოუსაფრთხოების ერთერთი ყველაზე უფრო პასუხისმგებლიანი და დაინეტერსებული, გადაწყვეტილებების მიმცემი მოთამაშე.
საქართველო ევროპულ პროცესში შედის როგორც გლობალური უსაფრთხოების ერთერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი მოთამაშე. წლების განმავლობაში ჩვენი სამხედროები ემსახურებოდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და თავისი სიცოცხლის ფასად თავისი წვლილი შეჰქონდათ გლობალური, მათ შორის ევროპის უსაფრთხოების პროცესში.
ასე რომ არამხოლოდ ჩვენ შევდივართ ევროპულ პროცესში როგორც დაინტერესებული მხარე ვიყოთ მომხმარებელი ევროპული სიკეთის, არამედ როგორც მხარე , რომელსაც გააჩნია თავისი კონტრიბუციის და თავისი თანამონაწილეობის ამბიცია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ორდღიან კონფერენციაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდება ევროპული დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ასევე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
კონფერენციას სიტყვით მიმართეს ასევე,  საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ენერგოკავშირის საკითხებზე პასუხისმგებელმა მაროშ შევჩოვიჩმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკიმ.