საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებ

გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით და დაცულობით

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აბუ დაბიში, ემირატების სტრატეგიული კვლევების ცენტრს ეწვია და ცენტრის წარმომადგენლებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და საქართველოსა და ემირატების პარტნიორობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა ემირატების განვითარების ტემპს შთამბეჭდავი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ძალისხმევა იმედის მომცემია და ნათელს ხდის, თუ რამდენის გაკეთებაა შესაძლებელი, როდესაც მიზანდასახული ხარ და გაგაჩნია საზოგადოების სამომავლო კეთილდღეობისკენ მიმართული მიზნები.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მეზობლებს და პარტნიორებს აძლევს.
"საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც აკავშირებს გლობალურ ეკონომიკებს, აზიისა და ევროპის ბაზრებს, კასპიის ზღვას, მის გარშემო არსებული რესურსებით შავ ზღვასთან; რეგიონში, რომელიც არაერთ შესაძლებლობას აჩენს მრავალი ქვეყნისთვის, როგორც დასავლეთით, ასევე აღმოსავლეთით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ლიდერები და მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც მნიშვნელოვანი სტრატეგიული ხედვები გააჩნდა, ძალიან მჭიდრო თანამშრომლობაში ჩაერთო აზერბაიჯანთან და თურქეთთთან, შექმნა კავშირი, რომელიც აკავშირებდა კასპიის ზღვის ენერგორესურსებს შავი ზღვისა და თურქეთის რესურსებთან. ეს მოხდა დაახლოებით 25 წლის წინ.
ამ 25 წლის განმავლობაში, ჩვენ ერთგულნი ვიყავით ხედვის, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვქმნიდით შესაძლებლობებს საქართველოს აღმოსავლეთ და სამხრეთით მდებარე ქვეყნებისათვის. ჩვენ ინვესტიცია ჩავდეთ ამ თანამშრომლობისთვის საჭირო ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. საქართველო გარდაიქმნა გლობალური ტრანს-ევროპულ-აზიური პროექტის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ სივრცედ. პროექტის, რომელიც ჩინეთის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მოიცავს არა მარტო შორ აღმოსავლურ სავაჭრო გზებს, ასევე იმ გზებს, რომლებიც იწყება ავღანეთიდან, გრძელდება თურქმენეთში და მთავრდება საქართველოში.
ჩვენ არაერთი ასეთი შესაძლებლობის ერთგულნი ვართ და აქტიურად განვავითარეთ ინფრასტრუქტურა ამ თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ამავე ორიენტაციით ჩამოვაყალიბეთ საკუთარი პოლიტიკა, რომელიც ასეთი გლობალური პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მუდმივად ორიენტირებულია ტარიფებისა და კანონმდებლობის დაბალანსებისკენ, სხვადასხვა ბიზნესსექტორისთვის ახალი შესაძლებლობებისა და ქვეყანაში პროდუქტიული ბიზნესგარემოს შექმნისკენ. საქართველოს გააჩნია ნათელი ხედვა იმისა, თუ სად და როგორ სურს იყოს მომავალში.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი მიზანი მეტი მეგობრისა და ისეთი მოკავშირის შეძენაა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ პატარა ქვეყნის უსაფრთხოებით და დაცულობით, რომლებიც იაზრებენ ჩვენი სამშობლოს სტრატეგიულ მნიშვნელობას.
"ამ პროექტების განვითარების და აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან პარტნიორების მოზიდვის პარალელურად, ჩვენ გავზარდეთ იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც ძალიან დაინტერესებულნი არიან რეგიონისა და ჩემი ქვეყნის სტაბილურობით. 2019 წელს განვახორციელებთ წამყვან პროექტს, რომელიც დაიწყება ბაქოდან და დამთავრდება იტალიასა და საბერძნეთში და რომელიც გააჩენს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს სამხრეთ ევროპაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვეყოლება მეტი მხარდამჭერი და მეტი მეგობარი. 
აქტიურად ვცდილობთ, რომ უფრო მეტი ქვეყანა მოვიზიდოთ ამ ახალი შესაძლებლობით. ნათლად ვხედავ იმ საკითხებს, რომლებიც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ - შეგვიძლია, ლოჯისტიკის საკითხების გაზიარება, ასევე, თუ როგორ შეიქმნას ჰაბი, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო შესაძლებლობების კონცენტრირება ხდება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია ის, რომ თავისუფალი ვაჭრობის მომხრეა. მართალია, საქართველო სამნახევარმილიონიანი პატარა ქვეყანაა, მაგრამ საქართველოში ინვესტირება ნიშნავს ინვესტირებას იმ ბაზარზე, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, თურქეთთან, ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებთან და ჩინეთთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მათთვის მთავარ, გლობალურ ეკონომიკებთან დამაკავშირებელ კარიბჭეს ვხსნით.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარტნიორობისა და შესაძლებლობების სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღსანიშნავია, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო.
"ეს გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია იმ პატარა ქვეყნისთვის, რომელსაც გააჩნია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდებარეობა. გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო უსაფრთხოების ძიებაშია. ჩვენ დავეძებთ მექანიზმს, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება.
საქართველოს გამოწვევები არის ახალი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეფუძნება კანონის უზენაესობას, არამედ რეგიონში მიმდინარე ძალაუფლების თამაშებს. მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია მეზობელი, ბირთვული სახელმწიფოს მიერ, საერთაშორისო კანონმდებლობის ყველა მანდატის და ასევე, ისტორიის ლოგიკისა და ეკონომიკური ლოგიკის დარღვევით, რადგან საქართველოს ოკუპაციამ არაფერი მოუტანა რუსეთს.
რუსეთს უზარმაზარი ტერიტორია გააჩნია და არ სჭირდება სხვა მიწების ოკუპაცია. ეს არის საქართველოსთვის და მისი უსაფრთხოებისთვის ძალიან პრობლემატური პრეცედენტი, რადგან თუ არ ვაღიარებთ კანონის უზენაესობას, არ დავიცავთ ერთმანეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს და პატივს არ ვცემთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ფორმატებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უსაფრთხოების დაცვას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ბირთვული იარაღი და საკმარისად ძლიერი ჯარი, რომ შეებრძოლონ ზესახელმწიფოებს, ჩვენ სამომავლოდ მივიღებთ იმაზე უფრო არასტაბილურ გარემოს, როგორიც წარმოგვიდგენია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა კვლევით ცენტრში გამოსვლისას.
საქართველოს პრეზიდენტმა ამ გამოწვევების გამკლავების გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ძალიან აქტიურად უკავშირდება მეგობრებს და მოუწოდებს მათ, რომ შემოუერთდნენ მას კანონის უზენაესობის და კეთილი ნების პოლიტიკის მხარდაჭერაში და ძალისხმევაში, რომელიც გმობს პატარა მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ სასტიკი სამხედრო ძალის გამოყენებას.
"ჩვენი დიპლომატია, ამ მხრივ, ძალიან წარმატებულია. ჩვენი მივიღეთ საკმაოდ საგრძნობი მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით და ვცდილობთ, ვიყოთ უფრო დამაჯერებლები. ჩვენი მეგობრების და მოკავშირეების დარწმუნებისას ჩვენ ვეუბნებით მათ, რომ თუ ვერ ვიპოვით საერთო გამოსავლს, ის პრობლემები, რომლებიც ახლა საქართველოში, თუ კავკასიაში ხდება, შეიძლება, რომ მსოფლიოს სხვა ნაწილებშიც მოხდეს. 
როდესაც ჩამოვდივარ ისეთ არაჩვეულებრივ სახელმწიფოში, როგორშიც ახლა ვიმყოფები, მე ყოველთვის ვეძებ საერთო ღირებულებების, იმედების და პრინციპების გაზიარების შესაძლებლობას და სამომავლო გეგმების დასახვის პერსპექტივებს. ჩვენ მომავალს ვუყურებთ ერთნაირი პოზიციით; პოზიციით, რომელიც მოიცავს სიმშვიდის და სტაბილურობის შენებას, საზოგადოებისთვის სამომავლო გეგმების გაზიარებას და ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც სასარგებლოა ჩვენი ერებისა და მათთვის ვინც ჩართულია ამ დისკუსიაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით, საქართველოს სამომავლო გეგმებითა და არჩევანით, ასევე ტურიზმის სფეროს განვითარების პერსპექტივებით დაინტერესდნენ.
ლექციაზე სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა აბუ დაბის სტრატეგიული კვლევების ცენტრი დაათვალიერა, სადაც მას ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილი, დელეგაციასთან ერთად გაეცნო მედიაცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ბიბლიოთეკა, უძველესი წიგნებისა და რუკების საცავი დაათვალიერა და ბიბლიოთეკას საჩუქრად ინგლისურ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გადასცა.