საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

გიორგი მარგველაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის დახვერდის ოფიციალური ცერემონია ასტანაში, ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევმა “აკორდას” სასახლეში უმასპინძლა.
პრეზიდენტებმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს და სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ ყაზახეთის სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრა გამართეს.
ნურსულთან ნაზარბაევმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან თარიღს, საქართველო-ყაზახეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს დაემთხვა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყაზახეთის პრეზიდენტს მოწვევისათვის და განსაკუთრებულად აღნიშნა ყაზახეთისა და ასტანას ეკონომიკური განვითარების საინტერესო და შთამბეჭდავი ტემპები.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი  ურთიერთობების განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ხედავს და აფასებს ყაზახეთის ამ მხარდაჭერას.
მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა. აღინიშნა, რომ საქართველო ის სახელმწიფოა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში.
შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე და მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ნურსულთან ნაზარბაევს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარედ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატური დარღვევის ფაქტების და არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ორივე ქვეყნის ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პატივისცემა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ფუძემდებლური პრინციპებისადმი და დაადასტურეს თავიანთი ერთგულება საზღვრების ურღვეობის, დავების მშვიდობიანი მოგვარების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად ავითარებს ყაზახეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებს და ამის საფუძველს სწორედ საქართველო - ყაზახეთის წარმატებული დიპლომატიური ურთიერთობები ქმნის, რომელსაც 25 წელი შეუსრულდა.