საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებები განიხილა

გიორგი მარგველაშვილმა ბულგარეთის პრეზიდენტთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებები განიხილა

საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილა დღეს ბრიუსელში, ნატოს სამიტის ფარგლებში, ნატოს ახალ სათავო ოფისში საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რუმენ რადევთან.
საუბარი შეეხო ნატოს სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში განსახილველ საკითხებს: უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოს წინაშე მდგარ ამოცანებსა და თავდაცვის სფეროში ნატოსთან თანამშრომლობას. როგორც პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგას განუცხადა, საქართველოს მოლოდინები ნატოს სამიტთან დაკავშირებით პირველ რიგში, საქართველოს უმაღლეს დონეზე ფორმატებში მონაწილეობას უკავშირდებოდა და რომელიც ხელისუფლების მუშაობის შედეგად დღეს უკვე მიღწეული და გადაწყვეტილია, რომ 12 ივლისს ნატო-ში  სახელმწიფო მეთაურთა დონეზე იქნება შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან. 
პრეზიდენტის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუბარი შეეხება ნატო-ში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებას, მათ შორის კონკრეტულად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და საქართველო - რუსეთის კონფლიქტის პრობლემატიკას. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ბულგარეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობისათვის და რუმენ რადევი საქართველოში მოიწვია. 
მხარეებმა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებასა და მეგობრული ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და  განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას. ამ მხრივ, საქართველო მზადაა გააღრმავოს თანამშრომლობა ბულგარეთთან განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი, საქართველოს ელჩი ნატოში.