საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მონ

გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით მონტენეგროს გამოცდილების გაზიარების საკითხები განიხილა

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, მონტენეგროს გამოცდილების გაზიარებაზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ და ტურისტულ მიმართულებებზე ისაუბრა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან ივან ბაროვიჩთან შეხვედრისას.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა, მონტენეგროს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისა და დევნილთა შესახებ გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.
საქართველოს პრეზიდენტმა მონტენეგროს მიულოცა ნატოში გაწევრიანება, იმედი გამოთქვა რომ მონტენეგროს პრეზიდენტის ვიზიტი ახლო მომავალში შედგება.
მონტენეგრომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ნატოსა და ევროკავშირში მისწრაფების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. გამოთქვა მზადყოფნა საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ეკონომიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, რათა გამოვიყენოთ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო პოტენციალი.
ამასთანავე აღნიშნა, რომ მონტენეგრო მზად არის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გასაფორმებლად, რაც დამატებით იმპულსს მისცემს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას.
აღინიშნა ორივე ქვეყნის პარლამენტში არსებული მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის მნიშვნელობა, რომლებიც წარმოადგენენ მოქნილ მექანიზმს პოლიტიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთ -საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზების და დარეგულირების თვალსაზრისით საქართველო შესაძლებლობათა ფანჯარას ელოდება.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ზღვის ხედვა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ვაჭრობის, ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპასა და აზიას შორის.