საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი

პრესსამსახური   სიახლეები   პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას არ გაუუქმოს მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი

პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას არ გაუუქმოს მომავალ პრეზიდენტს სარეზერვო ფონდი

გიორგი მარგველაშვილი სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო და ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა პროექტებში მონაწილეობისათვის და ჰუმანური იდეების დამკვიდრების, აქტიური საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისათვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა: ნინო ქადაგიძე - ჟვანია, - ორგანიზაციის "პირველი ნაბიჯი“ დამფუძნებელი; ნინო ცინცაძე, - ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის “პორტიჯი” დამფუძნებელი; ნინო კიკნაძე, - ბავშვთა ჰოსპისის „ციცინათელების ქვეყანა“ დამფუძნებელი; რუსუდან ასათიანი, - საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი; თამარ (იზა) ბექაური, - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ხელმძღვანელი;
გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების საკითხს განიხილავენ, დაუტოვონ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა ეურთიერთოს საზოგადოებას ფონდის საშუალებით.
"ეს ფონდი არის შესაძლებლობა იყო პიროვნულ შეხებაში შენს მოქალაქეებთან და მოვუწოდებ მათ, რომ არ შეკვეცონ, არამედ პირიქით, მისცენ მომავალ პრეზიდენტს შესაძლებლობა უფრო მეტად ეურთიერთოს საქართველოს მოქალაქეებს და მეტად მისცენ შესაძლებლობა, რომ ემსახუროს თავის სამშობლოს, მე იმედი მაქვს, რომ ისინი ამას შემისმენენ“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტს და მიუხედავად იმისა, რომ უფლებები შეკვეცილია, მას ორი მნიშვნელოვანი ასპექტი გააჩნია.
"პირველი, ეს არის საკუთარი ქვეყნის თაობაზე ძალიან მტკიცე პოზიციის დაფიქსირება სამიტებზე, საერთაშორისო შეხვედრებზე, პირისპირ შეხვედრებზე, იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ძლიერი სახელმწიფო, რომელიც არასდროს შეეჩვევა ოკუპაციას. სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია საკუთარი არჩევანი, რომელიც არის თავისუფალი ხალხის თავისუფალი გაერთიანება და თავისუფალი არჩევანი გააჩნდა ისტორიულად ბევრად უფრო რთულ ვითარებაშიც. ბევრად უფრო დიდმა იმპერიებმა ვერ შეაცვლევინეს ის, რაც ჰქონდა არჩეული, იქნებოდა ეს ჩვენი რწმენა, ჩვენი ენა, ჩვენი სტილი სოფლის მეურნეობის, თუ ნებისმიერი რამ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეს არის ასეთი მაკრო დონე, რაშიც პრეზიდენტის პოზიცია აბსოლუტურად გადამწყვეტია და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი მინისტრის დანიშვნა შეგიძლია, როდესაც შენ ამას მტკიცედ ეუბნები მეგობრებს, ან უფრო მნიშვნელოვანია მტრებს - ეს ჭრის!
"მეორე დონე, რომელიც არააღმასრულებელ პრეზიდენტს გააჩნია, ეს არის ამ დიდი დონიდან ბევრად უფრო ინდივიდუალური, პიროვნული დონე, უნარი, ეურთიერთო შენი ქვეყნის მოქალაქეებს და კონკრეტულად გაიგო, რა არის განსაკუთრებული, განსაკუთრებულად ყურადღების მისაქცევი, რა ნაწილში სჭირდება შენი თანადგომა. არა იმიტომ, რომ რომელიმე სამინისტრო არ მუშაობს, არა იმიტომ, რომ რამე არ არის აწყობილი; ყველაფერი იდეალურადაც რომ იყოს, ეს ინდივიდუალური უნარი აღმოაჩინო მოქალაქეების საჭიროება და მასზე გაამახვილო ყურადღება, ეს არის ის მეორე დონე, რომელზეც მუშაობს არააღმასრულებელი პრეზიდენტი, რომელიც არ აგებს გზებს, არ ნიშნავს მინისტრებს და არ გაჰყავს ირიგაციული სისტემები.
ეს მეორე დონეც უაღრესად მნიშვნელოვანია რადგან, რომც არ გქონდეს ფინანსური რესურსი, ის რომ შენ ამ პროცესში შეძელი და განასხვავე, გამოყავი, ყურადღება მიაქციე ამ კონკრეტულ ინიციატივას, კონკრეტულ ინდივიდს, კონკრეტულ ნიჭს, კონკრეტულ უნარს, კონკრეტულ წამოწყებას - ეს თავისთავად სხვა სტატუსს ანიჭებს შენს მოქალაქეებში, შენს საზოგადოებაში არსებულ უმნიშვნელოვანეს წამოწყებებს“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. შეხვედრის დასრულებისას საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა 1922 წელს პარიზში ფრანგულ ენაზე გამოცემულ ,,საქართველოს კონსტიტუციას“, რომელიც მას 2017 წელს საფრანგეთში ვიზიტისას, ლევილის ქართულ მამულში უსახსოვრეს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კი, ივანე ჯავახიშვილის ხელით შესრულებულ საქართველოს რუკას VII-VIII საუკუნის მდგომარეობით, რომელიც გიორგი მარგველაშვილს მოქალაქე მამუკა ბებიამ აჩუქა.
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პირველმა ლედიმ, პროექტების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა აქტიური საქმიანობისათვის, რომელშიც თავადაც იყო ჩართული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მხარდაჭერის მიმართულებით.
დღესვე სასახლეში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიშის ელექტრონული წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა. 2014-2018 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 100-ზე მეტი სხვადასხვა ორგანიზაციის 405 პროექტი დაფინანსდა.